Accessibility links

ერგნეთის შეხვედრა - ქართული მხარე გიუნაშვილის გათავისუფლებას ითხოვს


ერგნეთის შეხვედრა

ერგნეთში “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა. დღის წესრიგში 5 საკითხი იყო შეტანილი, მაგრამ მხარეების წარმომადგენლებმა სხვა საკითხებიც განიხილეს. ქართული მხარე დიდი ხანია ცხინვალის ციხეში მყოფი გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. გიუნაშვილი გასული წლის ივნისში სოფელ მერეთის სიახლოვეს დე ფაქტო რესპუბლიკის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა დააკავეს და მას 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დივერსიულ-ტერორისტული საქმიანობა წაუყენეს ბრალად. დაკავებული ბრალს არ აღიარებს, ქართული მხარე კი მის უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე აცხადებს, რომ გიუნაშვილის მიმართ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლო და მოგონილია, ამიტომ ის სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენელმა დავით სანაკოევმა განაცხადა, რომ დაკავებული გიუნაშვილის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულდა და ახლო მომავალში მის საქმეს სასამართლო განიხილავს. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, გათავისუფლდება თუ არა იგი ცხინვალის ციხიდან. გარდა ამისა, ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე ოსურმა მხარემ კიდევ ერთხელ მოითხოვა სადემილიტაციო-სადემარკაციო კომისიის შექმნა. დავით სანაკოევის აზრით, ამ კომისიის ამუშავება გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს გადაადგილების პრობლემას მოუხსნის.

„ჩვენ დავაყენეთ განსახილველად საკითხები, რომელიც სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის ჩატარების აუცილებლობასთან არის დაკავშირებული მხოლოდ ჰუმანიტარულ კონტექსტში, იმისათვის რომ მოხდეს იმ პრობლემების მოხსნა, რომელსაც საზღვრისპირა ტერიტორიებზე მცხოვრებნი - საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - აწყდებიან. ჩვენ ასევე შევეხეთ ქართულ მედიაში ცნებების შეცვლასთან დაკავშირებულ საკითხს. სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დაკავებულ ადამიანებს იქ „გატაცებულებს“ უწოდებენ - ასეთ დამოკიდებულებას და განსაზღვრებას მიუღებლად მივიჩნევთ“, - ამბობს დავით სანაკოევი.

სანაკოევის დაჟინებულ მოთხოვნას სადემილიტაციო-სადემარკაციო კომისიის შექმნის თაობაზე არ იზიარებს ქართული მხარე. ქართული ჯგუფის ხელმძღვანელმა კახაბერ ქემოკლიძემ სანაკოევი საკითხის პოლიტიზებაში დაადანაშაულა. მისი აზრით, 2008 წლის ომის შემდეგ სწორედ ოსური მხარე ზღუდავს მოქალაქეების თავისუფლად გადაადგილებას და ამით მათ უფლებებს არღვევს.

„ჩვენი მკაფიო პოზიციაა, რომ დემილიტაცია-დემარკაციის საკითხი არა მარტო სცდება ამ ფორმატის მოლაპარაკებების ჩარჩოებს და მანდატს, არამედ, ზოგადად, ამ საკითხის პოლიტიზება პირდაპირ პრობლემებს უქმნის იმ მოსახლეობას, ვინც საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ცხოვრობს“, - განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში საოკუპაციო გამყოფ ხაზთან საქართველოს მოქალაქეების დაკავების სტატისტიკა პოზიტიურისკენ იცვლება. წინა თვეებისგან განსხვავებით, დეკემბრის ბოლოდან იანვრის შუა რიცხვებამდე საქართველოს 7 მოქალაქე დააკავეს და ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს ცხინვალის იზოლატორიდან. სხვა თვეებში ათზე მეტ მოქალაქეს აკავებდნენ ხოლმე. ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის მორიგი, 74-ე, შეხვედრა 3 თებერვალს გაიმართება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG