Accessibility links

ახალი თხრილები ავლევთან, კნოლევსა და ცერონისთან


„ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ერგნეთში

ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 6 საათზე მეტხანს გაგრძელდა. 79-ე შეხვედრის მთავარი თემა სოფელ ბერშუეთში, ადგილობრივ ფერმერ გია ხოდელის მიწის ნაკვეთში, ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ბანერის განთავსება იყო. ერთი კვირის წინ ხოდელმა განაცხადა, რომ ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მის მიწის ნაკვეთში რამდენიმე ასეული მეტრით გადმოსწიეს და 10 ჰექტარამდე მიწა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოაქციეს. ხოდელმა ამ დრომდე არ იცის, აიღებს თუ არა მოწეულ ქერის მოსავალს.

დღევანდელ შეხვედრას პირველად დაესწრო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ჟენევის დისკუსიის ფორმატში მურად ჯიოევი, რომელმაც ამ შეხვედრაზე დავით სანაკოევი ჩაანაცვლა. ჯიოევმა პრეტენზიები ქართულ მხარეს იქით წაუყენა და ბერშუეთთან სტუდენტების აქციის დროს ბანერის დაზიანების გამო ქართველ სამართალდამცავებს მეტი ყურადღება მოსთხოვა. ჯიოევი აცხადებს, რომ საფორტიფიკაციო ნაგებობებს რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ძალები და ოსი მესაზღვრეები საზღვრის გასწვრივ აგებენ. იგი მიიჩნევს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი სადემარკაციო-სადემილიტიზაციო კომისიის შექმნა და ქართულ მხარესთან სასაზღვრო საკითხების ერთობლივად გადაწყვეტაა.

ქართული მხარე კი ოსურ მხარეს საკითხის პოლიტიზებაში ადანაშაულებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა ქემოკლიძე ოსურ მხარეს ურჩევს საკითხს ჰუმანიტარული კუთხიდან მიუდგეს და ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებს ნუ შელახავს. ქართული მხარე მზადაა საოკუპაციო ხაზთან ფერმერების მიწის საკუთრების ყველა დოკუმენტაციაც წარადგინოს. ქემოკლიძის აზრით, შეუძლებელია ერგნეთის შეხვედრის ფორმატში პოლიტიკური საკითხები განიხილებოდეს და, საერთოდ, საუბარი იყოს რაიმე კომისიის შექმნაზე.

ქარელის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის - ავლევის, კნოლევისა და ცერონისის - მიმდებარე ტერიტორიაზე ოსურმა მხარემ უკვე დაიწყო ახალი თხრილების გავლება. მურად ჯიოევი აცხადებს, რომ ეს ხანძარსაწინააღმდეგო თხრილებია და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დასაცავად კეთდება.

ქართული მხარე კი ამ თხრილებს ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის ახალ ტალღას უწოდებს. კახაბერ ქემოკლიძის თქმით, ეგრეთ წოდებული საზღვრისა და საფორტიფიკაციო ნაგებობების მონტაჟი სწორედ მავთულხლართებით, ღობეებითა და ბანერებით იწყება და თხრილებით სრულდება.

ერგნეთის 79-ე შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განიხილეს ცხინვალის ციხეში მყოფი გიორგი გიუნაშვილის საკითხი. დე ფაქტო რესპუბლიკის სასამართლომ მას დივერსიულ-ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით 20-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ქართული მხარე მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს და ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. დღესვე საუბარი შეეხო საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატების შემოფრენის ფაქტებს.

„ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა 7 სექტემბერს გაიმართება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG