Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპა - ორი სიჩქარით და ერთი მიმართულებით


რომის შეთანხმების მე-60 წლისთავისადმი მიძღვნილი სამიტი
რომის შეთანხმების მე-60 წლისთავისადმი მიძღვნილი სამიტი

საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის დაწყება დაემთხვა ევროკავშირის დამფუძნებელი რომის შეთანხმების მე-60 წლისთავს, თუმცა ევროკავშირის ამ ერთ-ერთი ფუძემდებლური თარიღის აღსანიშნავ ღონისძიებებს არ ესწრებოდა ბრიტანეთის, იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამ კვირაში იწყებს ოფიციალურ მოლაპარაკებებს ბლოკიდან გასვლის თაობაზე.

გადმოწერა

გასულ შაბათ-კვირას ვატიკანში შეკრებილი ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა რომის პაპთან ერთად სამახსოვრო ფოტოს გადაღებით დაიწყეს რომის დამფუძნებელი შეთანხმების მე-60 წლისთავისადმი მიძღვნილი სამიტი, რომელიც ბლოკისათვის ძალიან მნიშვნელოვან პერიოდს ემთხვევა. ამ კვირიდან ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ოფიციალურ მოლაპარაკებებს იწყებს დიდი ბრიტანეთი, რომელიც ევროპის კავშირს მისი დაარსებიდან 16 წლის შემდეგ, 1973 წლის პირველ იანვარს შეუერთდა, დანიასა და ირლანდიასთან ერთად. თავად რომის შეთანხმების შედეგად კი, ევროკავშირში 1957 წლის 25 მარტს ექვსი სახელმწიფო - ბელგია, გერმანია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი და საფრანგეთი - გაერთიანდა.

ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ გვსურს ერთი მიმართულებით მოძრაობა და არსებობს საკითხები, რომლებიც არ ექვემდებარება განსჯას. ესენია ერთიანი ბაზარი და ოთხი ფუნდამენტური თავისუფლება - გამოხატვის, სიტყვის, პრესის, რელიგიის თავისუფლება...
ანგელა მერკელი

მე-60 წლისთავზე, ევროკავშირისათვის კვლავ მთავარ ამოცანებად რჩება ევროპის უსაფრთხოება, გარე საზღვრების დაცვა და ეკონომიკური სიძლიერე. ამ გამოწვევებს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კიდევ ერთი, ციფრული ტექნოლოგიების, პრობლემაც დაუმატა და ამ მხრივ ევროპის ქვეყნების განსხვავებულ შესაძლებლობაზე, ანუ „სხვადასხვა სიჩქარეზე“, გაამახვილა ყურადღება.

„სხვადასხვა სიჩქარის მქონე ევროპა სულაც არ ნიშნავს, რომ ევროპა არ არის ერთიანი. ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ გვსურს ერთი მიმართულებით მოძრაობა და არსებობს საკითხები, რომლებიც არ ექვემდებარება განსჯას. ესენია ერთიანი ბაზარი და ოთხი ფუნდამენტური თავისუფლება - გამოხატვის, სიტყვის, პრესის, რელიგიის თავისუფლება, ჩვენი მთავარი ღირებულებები, რომლებიც ჩვენ გვაძლიერებს და რომლებიც არასოდეს უნდა დავთმოთ“, - განაცხადა ანგელა მერკელმა

„ორი სიჩქარით, მაგრამ ერთი მიმართულებით“ მოძრავი ევროკავშირის შესახებ ლაპარაკია რომის სამიტის დეკლარაციაში, რომელსაც რომის დამფუძნებელი შეთანხმების მე-60 წლისთავზე, 25 მარტს, რომში შეკრებილმა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებმა მოაწერეს ხელი. დეკლარაციის თანახმად, უნდა შეიქმნას ეგრეთ წოდებული „ორსიჩქარიანი ევროპა“. ამ პოლიტიკის მომხრეთა თანახმად, ის შესაძლებლობას მისცემს წევრებს მეტი თავისუფლება იქონიონ, შექმნან კავშირები და გაატარონ პოლიტიკა, რომლის გარშემო არ არსებობს ერთსულოვნება. ამ ერთსულოვნებაზე, როგორც ყოფნა-არყოფნის საკითხზე, ევროკავშირის სამიტზე ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა.

დონალდ ტუსკი
დონალდ ტუსკი

„რატომ უნდა დავკარგოთ დღეს რწმენა ჩვენი ერთიანობის მნიშვნელობის მიმართ? მხოლოდ იმიტომ, რომ რეალობაა ასეთი? თუ იმიტომ, რომ დავიღალეთ და მოგვბეზრდა ეს ერთიანობა? ევროპა, როგორც პოლიტიკური ორგანიზმი, ან ერთიანი იქნება, ან საერთოდ არ იარსებებს“ , განაცხადა დონალდ ტუსკმა ევროკავშირის დამფუძნებელი რომის შეთანხმების მე-60 წლისთავისადმი მიძღვნილ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

ევროკავშირი მისი არსებობის განმავლობაში ყველაზე დიდი წარუმატებლობის წინაშე აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც გასული წლის ივნისში დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის მონაწილეთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ევროპის კავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლას. მომავალ კვირაში კი ბრიტანეთი ოფიციალურად დაიწყებს ევროკავშირიდან გასვლის პროცესს. მიმომხილველთა აზრით, კიდევ ერთი გამოწვევა ევროკავშირს ელოდება საფრანგეთიდან, სადაც მაისში გამართულ არჩევნებში გამარჯვების შანსი აქვს ევროკავშირის მოწინააღმდეგე ულტრამემარჯვენე „სახალხო ფრონტის“ პოპულისტ ლიდერს, მარინ ლე პენს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG