Accessibility links

ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობას: საჭიროა რეფორმების გაგრძელება


დევიდ მაკალისტერი და დელეგაციის სხვა წევრები

ხელშესახები პროგრესის მიუხედავად, აუცილებელია, რომ საქართველომ გააგრძელოს რეფორმების განხორციელება, მათ შორის, განსაკუთრებით სასამართლოს სისტემაში და ყურადღება მიაქციოს მედიაპლურალიზმის მნიშვნელობას - ასეთი განცხადებები გააკეთა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა 24 მაისს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) დელეგაციის ორდღიანი (23-24 მაისი) ოფიციალური ვიზიტის შეჯამებას ისახავდა მიზნად. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა არაერთი შეხვედრა პოლიტიკური სპექტრისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

„ეს ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ ევროკავშირისა და საქართველოს ძალიან მტკიცე ურთიერთობებზე და მხარი დავუჭიროთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა 24 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა, რომელიც ევროპარლამენტართა წარმომადგენლობით დელეგაციას ხელმძღვანელობდა. რვაკაციანმა დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაშიც შვიდი ქვეყნისა და ექვსი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები შედიოდნენ, კიდევ ერთხელ მტკიცედ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და საქართველოს უწოდა მოწინავე ქვეყანა არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის წევრ ქვეყნებს შორისაც. დევიდ მაკალისტერის განცხადებით, სწორედ ამის დასტურია ის მაღალი მხარდაჭერა, რომელიც ევროკავშირმა გამოიჩინა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხში. მაკალისტერის განცხადებით, ვროპარლამენტი, სხვა ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მზად არის ფინანსურად დაეხმაროს საქართველოს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და გაძლიერდეს კანონის უზენაესობა.

ეს და სხვა თემები აქტიურად განიხილებოდა 24 მაისს გამართული შეხვედრის დროს, რომლის ფარგლებშიც ევროპარლამენტარები შეხვდნენ საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესა და სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიქტორ დოლიძეს. სახელმწიფო მინისტრი ევროპელი პარტნიორების დახმარების საჭიროებას ხედავს როგორც ევროკავშირთან, ასევე ნატოსთან ინტეგრაციის მიმართულებით:

„ევროპარლამენტარებს ძალიან დიდი როლი აქვთ ჩვენი ქვეყნის რეფორმირების, ჩვენი ქვეყნის გვერდში დგომის საკითხში ისეთ თემებთან დაკავშირებით, როგორიც არის ინტეგრაციული თემები, როგორც შიდა რეფორმები, ასევე ნატოსა და ევროკავშირთან დაახლოება - პოლიტიკური ასოცირება, ეკონომიკური ინტეგრაცია. ჩვენ გვახსოვს მათი რეზოლუციები, ჩვენთან მჭიდრო თანამშრომლობა და გადაწყვეტილებების მიღება ძალიან მნიშვნელოვან თემებთან, მათ შორის - ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამგვარ თემებზე ინფორმაციის გაცვლა, ბრიუსელში იქნება ეს, სტრასბურგსა თუ თბილისში, არის ყოველთვის მნიშვნელოვანი. და ჩვენ ძალიან მოკლე დროში საკითხების ფართო სპექტრი მოვიცავით დღესაც“.

ევროპარლამენტის დელეგაციის შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში
ევროპარლამენტის დელეგაციის შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში

თუმცა საქართველოს, იმისათვის რომ მეტი მხარდაჭერა მოიპოვოს, შესაბამისად ევროკავშირის პრინციპისა - „მეტი მეტის სანაცვლოდ“, რეფორმირების პროცესის გაგრეძელება მოუწევს. ამ პრინციპთან დაკავშირებით 24 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმაც ილაპარაკა. აქვე ხაზი გაესვა რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას და კონკრეტული მიმართულებებიც დასახელდა:

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გააგრძელოს რეფორმების გატარება, განსაკუთრებით ეს შეეხება რეფორმირებას სასამართლო სისტემის, კორუფციასთან ბრძოლისა და უმცირესობათა დაცვის მიმართულებებით. ჩვენ ვხედავთ პროგრესს, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი... ჩვენ ვისაუბრეთ ასევე მედიაპლურალიზმის შესახებაც. უფრო ძლიერი დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობისთვის მეტად მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ დაიცვას მედიის დამოუკიდებლობა და პლურალიზმი. „რუსთავი 2“-ის შემთხვევა, ამ მხრივ, სიმბოლურია და იმედი გვაქვს, რომ საკითხთან დაკავშირებით ყველასათვის მისაღები გადაწყვეტილება იქნება მიღებული“.

დევიდ მაკალისტერის მიერ ჩამოთვლილი გამოწვევები დიდწილად ემთხვევა იმ საკითხებს, რომლებიც 23 მაისს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილებოდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებიც და მათ შორის იყო ეკა ციმაკურიძე. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ყურადღება საგანგებოდ გამახვილდა სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე და ამ ჭრილში, მაგალითად, სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნისა და მოსამართლეთა შერჩევის მანკიერ პრაქტიკაზე. ეკა ციმაკურიძის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნის ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ევროპარლამენტართა რეკომენდაციები:

„ეს იქნება მნიშვნელოვანი სიგნალი სახელმწიფოსთვის, თუ რა მიმართულებებით უნდა გააგრძელოს, გააძლიეროს თავისი ყურადღება და ძალისხმევა. ვფიქრობ, დიდწილად საქართველოზეა დამოკიდებული, თუ რამდენად დროში ეფექტურად იქნება გატარებული ეს რეფორმები, იმიტომ რომ, თუ რეალური არ იქნება ეს რეფორა, ჩვენ ვიქნებით ყოველთვის ერთ ადგილზე, მოგვიწევს ერთი ადგილის ტკეპნა და შემდეგ გაგვიკვირდება, თუ რატომ ვერ ხერხდება ევროკავშირში გაწევრიანება“.

24 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა ყურადღება გაამახვილა ასევე ახალი კონსტიტუციის შექმნის პროცესზე. აღინიშნა, რომ ხელისუფლებამ აუცილებლად მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და, ამასთან, „ძირეული ცვლილებებისთვის“ ძლიერი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, ფართო კონსულტაციები უნდა გაიმართოს სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

23-24 მაისს ევროპარლამენტის დელეგაციის წარმომადგენლები შეხვდნენ პრეზიდენტს, სახალხო დამცველს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, სახელისუფლებო თუ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს და მთავრობის წევრებს. ოთხშაბათს შედგა შეხვედრა ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის მცხეთის ოფისის წარმომადგენლებთან და შემდეგ ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებმა საოკუპაციო ხაზიც მოინახულეს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG