Accessibility links

მაკრონ-მერკელის დუეტი საფრანგეთ-გერმანიისა და ევროპის მომავლისათვის


ემანუელ მაკრონი, ანგელა მერკელი

ორმხრივი ურთიერთობის შენარჩუნება, ევროკავშირის რეფორმირება და მოდერნიზება - ეს იყო მთავარი საკითხები, რომლებშიც სრული თანხვედრაა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის. ბერლინში გაკეთებული ამ განცხადებების გარდა, ნიშანდობლივი იყო ისიც, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა სწორედ თავის პირველ საზღვარგარეთულ ვიზიტს დაამთხვია ახალი პრემიერ-მინისტრის, კონსერვატორ ედუარ ფილიპის, დანიშვნა.

კომენტატორების აზრით, გერმანია გახდა პირველი ქვეყანა, რომელსაც საფრანგეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, ინაუგურაციის შემდეგ 15 მაისს ესტუმრა. ეს ვიზიტი და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან მოლაპარაკებები უნდა გამხდარიყო იმის დემონსტრირება, თუ რა მტკიცეა ევროკავშირის ორი წამყვანი სახელმწიფოს ერთობა. ორი ქვეყნის ლიდერებმა სიტყვიერად ეს მოახერხეს. მაკრონმაც და მერკელმაც პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვეს ფრანკო-გერმანული ისტორიული მეგობრობისა და თანამშრომლობის ორმხრივ და ზოგადევროპულ მნიშვნელობას.

“ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს ფრანგულ-გერმანული ურთიერთობის - გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის არსებობის მთელი ისტორიის განმავლობაში ჩამოყალიბებული მეგობრული, მრავალწლიანი ურთიერთობის - მნიშვნელობა. და ევროპისათვის ამ ძალიან კრიტიკულ მომენტში პირადად მე ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას, რათა ერთობლივად უზრუნველვყოთ სწორი გადაწყვეტილებების მიღწევა. ჩვენ შევთანხმდით, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ერთობლივად ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

ანგელა მერკელის სიტყვებით, მართალია, ევროკავშირს რთული დრო უდგას, მაგრამ ძლიერი საფრანგეთი დაეხმარება მის დაძლევას. კანცლერმა პირობა დადო, რომ მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს პარიზთან ევროკავშირის ქვეყნების უფრო ღრმა ინტეგრაციისთვის საჭირო „გზამკვლევის“ შესამუშავებლად. თავის მხრივ, ანგელა მერკელს მხარი აუბა საფრანგეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, რომელმაც, თავის მხრივ, პირობა დადო, რომ იქნება „გულწრფელი“ და „კონსტრუქციული“ პარტნიორი.

„ჩვენი ურთიერთობა მოითხოვს მეტ ნდობასა და საჭიროებს კონკრეტული შედეგების მიღწევას. მე ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ფრანკო-გერმანული წყვილი საჭიროებს მეტ პრაგმატიზმსა და ნებისყოფას ჩვენი როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის, რომელიც ევროკავშირისა და ევროზონის კეთილდღეობისკენ არის მიმართული. და სწორედ ამ სულისკვეთებით, ჩვენ მზად ვართ ერთობლივი მუშაობისათვის. ყოველთვის ვიქნები გულწრფელი, პირდაპირი და კონსტრუქციული პარტნიორი, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ორი ქვეყნის წარმატება მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს და მასზეა დამოკიდებული მთლიანი ევროპის წარმატებაც“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ემანუელ მაკრონი გამოვიდა, ასევე,მოწოდებით, უკვე უახლოეს თვეებში მოხდეს ევროკავშირის რეფორმირება. მისი სიტყვებით, ერთიან ევროპაში ნაკლები ბიუროკრატია უნდა იყოს. ამასთან, ემანუელ მაკრონს, რთული ეკონომიკური რეფორმები აქვს გასატარებელი საფრანგეთში, სადაც მაღალია უმუშევრობა და მოსახლეობის უკმაყოფილება, რასაც ხაზი გაუსვა ქვეყნის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ედუარ ფილიპმა, რომელიც ამ პოსტზე მაკრონმა სწორედ გერმანიაში თავისი ვიზიტის დროს დანიშნა.

„ეს არის გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც არც ერთი პრემიერ-მინისტრისათვის არ არის იოლი და, მით უფრო, დღევანდელ დღეს. მხედველობაში მაქვს ვითარება ჩვენს ქვეყანაში - თავისთავად სახიფათო, გარკვეულად საზიანო და საგანგაშო ვითარება. საფრანგეთში არასოდეს ყოფილა იმ ზომის რისხვა, როგორიც ვიხილეთ პრეზიდენტის ბოლო არჩევნების დროს“, - განაცხადა საფრანგეთის ახლად დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა.

საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, 46 წლის ედუარ ფილიპი, ქალაქ ჰავრის აწ უკვე ყოფილი მერი, მემარჯვენე-ცენტრისტული რესპუბლიკური პარტიის ზომიერ ფრთას წარმოადგენს და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ალენ ჟიუპეს, ყველაზე დაახლოებულ პარტნიორად ითვლება. ზომიერი ედუარ ფილიპის დანიშვნით პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შეეცდება ბოლო მოუღოს პოლიტიკოსების დაყოფას მემარცხენეებად და მემარჯვენეებად, რაც ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრავდა საფრანგეთის პოლიტიკის მაჯისცემას.

„ჩემი მხრივ, ვამბობ: იმდენად უნიკალურ ვითარებაში ვიმყოფებით, რომ ისეთი რამ უნდა მოვიმოქმედოთ, რაც ადრე არასოდეს გვიცდია“, - განაცხადა საფრანგეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG