Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფაბრიკა“ დაიხურა, „ბერგჰაინი“ ყვავის - ევროპული საკლუბო კულტურის ცენტრმა საბოლოოდ გადაინაცვლა ბერლინში


7 სექტემბერს ლონდონის დაბა ისლინგტონის საბჭომ მთელი დღის თათბირის შემდეგ გადაწყვიტა ლიცენზია გაეუქმებინა ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლუბის, „ფაბრიკისათვის“. კლუბის ყოფნა-არყოფნის საკითხის განხილვა მოჰყვა ცხრა კვირის განმავლობაში 2 ახალგაზრდის სიკვდილს - ისინი ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალნენ. საბჭომ დაასკვნა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა არაფერს აკეთებდა მის ტერიტორიაზე ნარკოტიკების გაყიდვისა და მოხმარების შესაჩერებლად და თუ „ფაბრიკა“ მუშაობას გააგრძელებდა, არ იყო გამორიცხული სხვებიც დაღუპულიყვნენ.

თუმცა ბრიტანული მედია იმასაც წერდა, რომ ნარკოტიკები მხოლოდ საბაბი იყო და, სინამდვილეში, ლონდონის დაბა ისლინგტონი ცდილობდა ხელში ჩაეგდო მომგებიანი ფართი, სადაც მალე, შესაძლოა, კლუბის ნაცვლად მაღალსართულიანი კორპუსი აშენდეს.

ბევრი ლონდონელისთვის „ფაბრიკის“ დახურვა, უბრალოდ, მორიგი კლუბის გაქრობას კი არ ნიშნავს, არამედ კულტურულ კატასტროფას. ინტერნეტში 150 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას, კლუბის გადარჩენის მოთხოვნით. პეტიციის ორგანიზატორი ჯეიკობ ჰასლი წერდა, „ჩვენ შოკში ვართ. თუ კლუბი დაიხურა, ეს იქნება გამანადგურებელი დარტყმა ლონდონის კულტურისა და დიდი ბრიტანეთის ყველა კლუბისთვის. ეს წარმოშობს პრეცედენტსო“.

მართლაც, ბოლო 8 წლის განმავლობაში ლონდონის კლუბების თითქმის ნახევარი დაიხურა, საკლუბო და ელექტრონული მუსიკის კერამ კი ბერლინში გადაინაცვლა, სადაც გადაბარგდნენ კიდეც ბრიტანელი დიჯეები და მუსიკოსები.

ბერლინის დამოკიდებულებას კლუბებისადმი კი ხაზს უსვამს სასამართლო პროცესი, რომელიც გერმანიის - და, ალბათ, მსოფლიოს - ყველაზე ცნობილ კლუბს, „ბერგჰაინს“, შეეხებოდა.

„ბერგჰაინი“ ჩაფიქრებული იყო როგორც გეიკლუბი, კლუბი უჩვეულო, განსხვავებული ადამიანებისათვის, თუმცა მან 2000-იანი წლების განმავლობაში ნელ-ნელა საყოველთაო პოპულარობა მოიპოვა. ახლა იქ ღამეში 3 000-მდე ადამიანი მიდის, რომელთა დიდი ნაწილიც ბერლინში სწორედ „ბერგჰაინისთვისაა“ ჩასული. კლუბის წინ ყოველთვის უზარმაზარი, ზოგჯერ რამდენიმესაათიანი რიგი დგას, თუმცა რიგში მდგომთაგან ბევრი კლუბში ვერ მოხვდება - კართან დაცვა თვისი შეხედულებისამებრ უშვებს ან არ უშვებს იქ მისვლის მსურველს. კლუბში სასტიკადაა აკრძალული ფოტო და ვიდეოგადაღება - ამიტომ იქაურობის ნახვა მხოლოდ ადგილზეა შესაძლებელი.

რაც შეეხება ხელისუფლების დამოკიდებულებას, 2010 წელს ბერლინის სენატმა კლუბს მილიონ ევროზე მეტი შესთავაზა გასაფართოებლად, თუმცა კლუბმა უარი განაცხადა გრანტზე - არ სურდა კონტრკულტურული სტატუსის დაკარგვა.

ერთი კვირის წინ კი „ბერგჰაინის“ სტატუსს უკვე ბერლინის სასამართლო განიხილავდა, რათა დაედგინა, შეიძლება თუ არა კლუბის საკონცერტო დარბაზად მიჩნევა.

საქმე ისაა, რომ წარსულში „ბერგჰაინი“ დამატებითი ღირებულების გადასახადად შემოსავლების 7 პროცენტს იხდიდა - როგორც იხდიან საკონცერტო დარბაზები, თეატრები და მუზეუმები. თუმცა 2008 წელს ბერლინის ფინანსთა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ღამის კლუბები საკონცერტო დარბაზებად ვერ მიიჩნეოდა - ისინი გასართობი დარბაზების კატეგორიაში გადის და ამიტომ გადასახადიც შემოსავლის 19 პროცენტი უნდა იყოსო. ფინანსთა სამინისტროს ლოგიკა ასეთი იყო: კლუბს არა აქვს სცენა, სადაც მუსიკოსები განთავსდებოდნენ, კონცერტს არა აქვს ფორმალური დასაწყისი და დასასრული, რომლის დროსაც პუბლიკა ტაშს დაუკრავს, და ბევრი იქ დასალევად და ნარკოტიკების მისაღებად მიდის.

სასამართლოზე „ბერგჰაინის“ ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ დიჯეი შეიძლებოდა დირიჟორისთვის შეგვედარებინა. პუბლიკა კლუბში ძირითადად მუსიკისთვის მიდიოდა და იქ მისულ ადამიანზე შეიძლებოდა ისეთივე მომაჯადოებელი შთაბეჭდილება მოეხდინა დიჯეის, როგორიც, მაგალითად, მალერის სიმფონიას.

სასამართლო ადვოკატების მსჯელობას დაეთანხმა. სიმბოლურია, რომ „ბერგჰაინს“ მაღალი ხელოვნების დაწესებულების სტატუსი მიენიჭა იმავე დღეს, რა დღესაც ლიცენზია გაუუქმეს ლონდონის „ფაბრიკას“. ლონდონელები ჩივიან, რომ ადგილობრივი ხელისუფლების დამოკიდებულება მათ ქალაქს კულტურას ართმევს. „ბერგჰაინის“ გავლენით კი კლუბები მთელ მსოფლიოში იხსნება, მათ შორის, თბილისშიც.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG