Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძველი ფინანსები და მართვა ახალი მთავრობის მოსვლამდე


ფინანსთა სამინისტრო
ფინანსთა სამინისტრო
სახელმწიფო ხაზინის დაცარიელებასათან დაკავშირებული ეჭვების გაფანტვას 8 ოქტომბერს, ფინანსთა მინისტრთან ერთად, თავად პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ცდილობდა. ოპონენტთა ვარაუდების საპირისპიროდ, მან თქვა, რომ სახელმწიფოს დღეს ხელში უპრეცედენტოდ მაღალი თანხა უჭირავს, რაც სავსებით საკმარისი იქნება ოპოზიციის მიერ ამომრჩევლისთვის მიცემული დაპირებების შესასრულებლად. თუმცა ეს საკითხი კითხვის ნიშნებს იწვევს, ისევე როგორც, პრეზიდენტის ბოლო ბრძანებულებათა მიხედვით, სამინისტროებისთვის ჩამორთმეული უფლებები.

სახელმწიფო ხაზინის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საწარმოების ანგარიშებზე, ერთად აღებული, დაახლოებით 2 მილიარდი ლარი დათვალა ფინანსთა მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა და ინფორმაცია ჯერ ისევ მოქმედი მთავრობის პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს სატელევიზიო კამერების თვალწინ მიაწოდა. იქვე ითქვა, რომ ეროვნული ბანკის სათვალავზე დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის სავალუტო რეზერვი მოდის. მაჩვენებლებმა კმაყოფილი დატოვა პრემიერ-მინისტრი.

ასეთი თანხა ”საქართველოს მთავრობას თავისი ისტორიის მანძილზე არ ჰქონია”, - თქვა ვანო მერაბიშვილმა და იქვე განმარტა, რომ 2 მილიარდი ლარი ”სუფთა ფული, რაც არ არის დატვირთული არავითარი ვალდებულებებით”, საკმარისი თანხა იქნება არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალისთვის წინასაარჩევნო დაპირებების შესასრულებლად. აქვე გავიხსენოთ, რომ კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა როგორც არჩევნებამდე, ასევე შემდეგაც არაერთხელ განაცხადა, რომ მას ყველაზე მეტად, სავარაუდოდ, დაცარიელებული სახელმწიფო ბიუჯეტის საკითხი აწუხებს. ვანო მერაბიშვილი კი ამბობს, რომ თანხა სამყოფია და ოპონენტებს ის წარმატებასაც უსურვებს:
სულ არის 6,5 მილიარდიანი ბიუჯეტი და აქედან 2 მილიარდი რომ დაუხარჯავად იდოს ახლა ხაზინაში, ეს წარმოუდგენელია ...
დავით ნარმანია

”წინასწარ მინდა წარმატება ვუსურვო ახალ მთავრობას, რათა მათ თუნდაც ნაწილობრივ შეასრულონ ის ვალდებულებები, რომლებიც მათ არჩევნების წინ ქართველ ხალხს დაჰპირდნენ. მათ უკვე გააჩნიათ საკმარისი ფინანსები, რესურსები, სახელმწიფო აპარატი, რომელიც მისცემს მათ საშუალებას ამ დაპირების შესრულებაში.”

საბიუჯეტო კალკულაციასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა იჩენს თავს. თუკი, მაგალითად, ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტი პაატა შეშელიძე ამ ეტაპზე ვერ ხედავს საფუძველს 8 ოქტომბერს დასახელებულ მაჩვენებლებში ეჭვის შეტანისთვის, სახელმწიფო ხაზინაში ამ მასშტაბის ხელუხლებელი თანხის არსებობა აშკარად ეეჭვება კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს დავით ნარმანიას:

”სულ არის 6,5 მილიარდიანი ბიუჯეტი და აქედან 2 მილიარდი რომ დაუხარჯავად იდოს ახლა ხაზინაში, ეს წარმოუდგენელია... მაგრამ თუ დევს და ვალდებულებებია შეუსრულებელი, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ ხაზინას არა აქვს ამ ფულის ხარჯვის თავი.”

აზრთა სხვადასხვაობა აშკარად იკვეთება. თუმცა ეს არის საკითხი, რომლის გარკვევასაც სულ იოლად მოახერხებს საქართველოს ახალი მთავრობა და, ალბათ, კიდევ უფრო ადრე შეძლებს სიმართლის დადგენას კოალიცია ”ქართული ოცნების” წარმომადგენელი, რომელიც სულ მალე, ახალი მთავრობის დამტკიცებამდე, შევა ფინანსთა სამინისტროში.

ექსპერტები იმედოვნებენ, რომ ზუსტი ახსნა ახლო მომავალში პრეზიდენტის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსაც მოეძებნება. საუბარია მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოლო პერიოდში გამოცემულ 2 ბრძანებულებაზე, რაც ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის კმაყოფაზე მყოფ ორ სააგენტოს უკავშირდება. პირველი ბრძანებულების მიხედვით, "სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოს" საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტრო ვეღარ გააკონტროლებს, ხოლო მეორე ბრძანებულება საქართველოს ”სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს” კონტროლს ეკონომიკის სამინისტროს ართმევს. ორივე სააგენტო ამიერიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაექვემდებარება და ესე იგი, დიდწილად, პრეზიდენტის კონტროლქვეშ გადავა.
სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსა და/ან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დავალებით სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობასთან დაკავშირებული ობიექტების აღჭურვა, კეთილმოწყობა, მიმდინარე და კაპიტალური რემონტების ჩატარება და სერვისული მომსახურება ...

თუკი, მაგალითად, ეკონომიკის სამინისტროს ვებსაიტს გადავხედავთ და იქ ჯერ კიდევ შემორჩენილ ინფორმაციას გავეცნობით, „სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ მიზნები და ამოცანები ასე ყალიბდება:

”ა) სამთავრობო რეზიდენციებში საქართველოს პრეზიდენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ასევე ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირთა უზრუნველყოფა მათი საქმიანობისათვის საჭირო, საერთაშორისო სტანდარტების შესატყვისი პირობებით;
ბ) გადაცემული ქონების მშენებლობა, აღჭურვა, ექსპლუატაცია, მოვლა-პატრონობა, კეთილმოწყობა, რეკონსტრუქცია, მიმდინარე და კაპიტალური რემონტების ჩატარება;
გ) საინვესტიციო პროგრამებისა და მშენებლობის საინვესტიციო პროექტების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) საზღვარგარეთიდან ჩამოსული სამთავრობო დელეგაციებისა და უმაღლესი დონის სტუმრების მომსახურება საჭიროების შემთხვევაში;
ე) სახელისუფლებო დაწესებულებათა წარმომადგენლების, ასევე სააგენტოს მიზნებიდან გამომდინარე, შესაბამისი კონტინგენტის მიღება და სათანადო მომსახურება;
ვ) სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსა და/ან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დავალებით სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობასთან დაკავშირებული ობიექტების აღჭურვა, კეთილმოწყობა, მიმდინარე და კაპიტალური რემონტების ჩატარება და სერვისული მომსახურება.”

პრეზიდენტის მიერ გადადგმული ნაბიჯების ზუსტი მიზნები ცნობილი არ არის და, შესაბამისად, ჭირს კონკრეტული განმარტებების გაკეთებაც. მაგრამ რადგანაც, მაგალითად, ”სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს” ფუნქცია ძირითადად სახელმწიფო მოხელეების მომსახურებას და მათთვის კომფორტის შექმნას გულისხმობს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის თავმჯდომარე ლევან ავალიშვილი პრეზიდენტის მხრიდან სწორედ ამ კომფორტის შენარჩუნების მცდელობაზე აკეთებს აქცენტს. საკუთარი ორგანიზაციის პრაქტიკიდან გამომდინარე, ავალიშვილი ხსენებულ სააგენტოს საჯარო ინფორმაციის მოპოვების თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე ჩაკეტილ უწყებად ასახელებს.

იმას, რომ პრეზიდენტის მიერ გადადგმულ ნაბიჯში ახალი მთავრობისთვის მართვის ბერკეტების შემცირების მცდელობა მჟღავნდება, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი სულხან სალაძეც ვარაუდობს. მაგრამ ამ პროცესში მისთვის კიდევ ერთი კითხვის ნიშანი იჩენს თავს: რამდენად კანონიერია ხელისუფალთათვის კომფორტის შექმნის ფუნქციების მინიჭება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის, რომლის ძირითად ფუნქციასაც უსაფრთხოების დაცვა უნდა წარმოადგენდეს?
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG