Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 27 ოქტომბერი


უცხოეთის ჟურნალ-გაზეთებისა თუ საინტერნეტო გამოცემების ყურადღების ცენტრშია სირიის კონფლიქტი. კერძოდ, ამ ქვეყანაში პარასკევიდან ამოქმედებული დროებითი ზავი, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, მუსლიმანთა წმინდა დღესასწაულის, ყურბან ბაირამის პერიოდში, ოთხი დღე იქნება ძალაში. თუმცა, ბევრი მიმომხილველი ეჭვს გამოთქვამს იმის თაობაზე, რამდენად დაიცავენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის პირობებს სამთავრობო ჯარი და მასთან დაპირისპირებული შეიარაღებული რაზმები.

აი, რას წერს ამასთან დაკავშირებით ფინეთის გაზეთი „ტურუნ სანომატი“: „რამდენად მტკიცე იქნება საზავო შეთანხმება, ძნელი სათქმელია. როგორც სირიის საკითხებში გაეროსა და არაბთა ლიგის საგანგებო წარმომადგენელი, ლახდარ ბრაჰიმი იმედოვნებს, ეს ზავი, შესაძლოა, იქცეს უფრო ხანგრძლივი ზავის დადების შესახებ მოლაპარაკებების საფუძვლად. რაოდენ ძლიერადაც უნდა გსურდეს, გაიზიარო ეს ოპტიმიზმი: აქამდე ამის საბაბი ნამდვილად არ არსებობდა. და მაინც, თუ ზავმა თუნდაც მხოლოდ რელიგიური დღესასწაულის პერიოდში იმოქმედა, ურიგო არც ეს იქნება; რადგან დღეს აშკარად არსებობს კონფლიქტის ესკალაციისა და სხვა ქვეყნებზე მისი გავრცელების საფრთხე. განსაკუთრებით სახიფათოა ვითარება თურქეთის საზღვართან. ამასთანავე, დიდია ომში ლიბანის ჩათრევის საფრთხეც“, აღნიშნავს ფინეთის ქალაქ ტურკუში გამომავალი გაზეთი „ტურუნ სანომატი“.

მის შეშფოთებას იზიარებს პარიზის „მონდი“: „დასავლეთის ქვეყნების მომლოდინე პოზიციისა და რუსებისა და ჩინელების მიერ არჩეული დროის გაყვანის ტაქტიკის გამო ომმა სირიელებსა და სირიელებს შორის, შესაძლოა, საერთაშორისო ხასიათი მიიღოს. ლიბანის დედაქალაქმა ბეირუთმა 19 ოქტომბერს მომხდარი მძლავრი აფეთქებით უკვე გამოსცადა მთელი ამ კოშმარის სისასტიკე“, წერს საფრანგეთის „მონდის“ მიმომხილველი.

ბევრი იწერება აშშ-ში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიაზე, რომელიც გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. ჩინეთის გაზეთი „გუანჟოუ ჟიბაო“ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამაც და მისი მეტოქე მიტ რომნიც თავიანთ გამოსვლებში ხაზგასმით აღნიშნავენ საერთაშორისო სარბიელზე ჩინეთის დიდ მნიშვნელობას. „მაგრამ თუ მათს გამონათქვამებს უფრო ყურადღებით დავაკვირდებით“, - განაგრძობს გაზეთი, - „სიტყვების შერჩევაში განსხვავებულ ნიუანსებს შევნიშნავთ. თუ მოქმედი პრეზიდენტისგან გვესმის, ჩინეთს პატივი უნდა ვცეთ და ამ ქვეყნის წარმატებები და მიღწევები უნდა ვაღიაროთო, ობამას რესპუბლიკელი ოპონენტი სულ იმას გაიძახის, ჩინეთს ძალის პოზიციიდან უნდა ველაპარაკოთ და პეკინზე ზეწოლა უნდა მოვახდინოთო.“

რაც შეეხება ობამასა და რომნის ბოლო, მესამე ტელედებატებს, რომელიც ორშაბათს გაიმართა და საგარეო პოლიტიკის საკითხებს ეხებოდა, მასში მცირე უპირატესობა, მიმომხილველთა დიდი ნაწილის აზრით, ამჟამინდელი პრეზიდენტის მხარეს იყო. აი, რას წერს, მაგალითად, აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტიანი ბეჭდური გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“:

„მესამე სატელევიზიო დებატებში ობამას ისეთივე უპირატესობა ჰქონდა, როგორიც რომნის - პირველში. სტუდიაში მან ბრძოლისთვის განწყობილმა შეაბიჯა და მყისვე შეუტია რომნის. საბოლოო ანგარიშით, ობამა რომნიზე უფრო მეტად თავდაჯერებული ჩანდა და კითხვებსაც უფრო მოხდენილად უპასუხებდა.“

შვეიცარიის გერმანულენოვანი გაზეთი, ციურიხში გამომავალი „ტაგეს-ანცაიგერი“ აქვეყნებს კომენტარს ველოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებაზე, „ტურ დე ფრანსის“ გამარჯვებულის შვიდივე ტიტული ჩემოერთმია ცნობილი ამერიკელი ველომრბოლელის, ლენს არმსტრონგისთვის.

„განაჩენი მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლება ჩაითვალოს სამართლიანად. ის არ ითვალისწინებს, რომ არმსტრონგს არაფერი ჩაუდენია ისეთი, რასაც მისი მთავარი მეტოქეები არ აკეთებდნენ, იქნებოდა ეს იან ულრიხი, ალექსანდრ ვინოკუროვი თუ ხოსება ბელოკი. ტეხასელი პერფექციონისტი ამას, უბრალოდ, სხვებზე მოხერხებულად აკეთებდა: სადოპინგო შემოწმებების დროს ის ერთხელაც ვერ გამოიჭირეს. სამართლიანი ის იქნებოდა, რომ ველოსპორტის ისტორიიდან არა მხოლოდ არმსტრონგის სახელი ამოეშალათ, არამედ მთელი ეპოქა ‘შავ ხვრელად’ გამოეცხადებინათ.“
XS
SM
MD
LG