Accessibility links

25 მაისს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართა ფოტოგამოფენა, სახელწოდებით „თამარ ციციშვილი“. გამოფენის ავტორმა ირინა აბჟანდაძემ გასული საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობის, თამარ ციციშვილის, ფოტოები სხვა კუთხიდან დაანახვა დამთვალიერებელს. მასვე ეკუთვნის იდეა წიგნი-ალბომისა თამარ ციციშვილის შესახებ, რომელიც ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა.

ამბავი დიდი ხნით ადრე, წლების წინ დაიწყო, როცა ჯერ კიდევ ბავშვს ფოტოკადრივით ჩაებეჭდა მისი სახე მეხსიერებაში. პატარა გოგოსთვის, მომავალში ფოტოგრაფ ირინა აბჟანდაძისთვის, როგორც ჩანს, დაუვიწყარი აღმოჩნდა გამორჩეული გარეგნობის მქონე მსახიობის, თამარ ციციშვილის, სახე:

„ბავშვი ვიყავი, როცა პირველად დავინახე ეკრანზე სრულიად გამორჩეული გარეგნობის ადამიანი, განსაკუთრებული ტემბრით, და მახსოვს ის კადრიც, რომელშიც პირველად ვნახე. ფილმში „ქეთო და კოტე“ ის თეკლას როლს ასრულებს, თავადი ლევანის დას და გაბრაზებულ ლევანს ეუბნება, ლევან, უხერხულია, ლევან, უხერხულია... აი, ეს ინტონაცია დღემდე მახსოვს. სულ მაინტერესებდა ამ ქალის ირგვლივ რა ხდებოდა, ვინ იყო, როგორი იყო. მაგრამ დიდი დრო გავიდა მას მერე, რაც მის შესახებ უფრო სერიოზულად დავინტერესდი. ერთ დღესაც შემთხვევით ნეკროლოგს გადავაწყდი მისი გარდაცვალების შესახებ და ძალიან ჩამწყდა გული. გამოხდა მას მერე ბევრი წელი და გადავწყვიტე მის შესახებ ინფორმაციის მოგროვება“.

ბევრი უცხოელი მეუბნებოდა, იმდენად მოგვწონს ილუსტრაციები, რომ ტექსტის შინაარსის გაგებაც გვინდაო და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ წიგნი ინგლისურადაც ყოფილიყო. ზოგადად, იმ შეფერილობით გავაკეთე, რომ ეს ყოფილიყო არა მხოლოდ კონკრეტული ქალის ისტორია, არამედ ყოფილიყო ამ სოციუმის ისტორია...

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მსახიობ თამარ ციციშვილის პორტრეტები და მის მიერ განსახიერებული კინოგმირების ფოტოებია გამოფენილი. მსახიობის პორტრეტების გასწვრივ, როგორც ფოტოების გაგრძელება, ირინა აბჟანდაძის მიერ გადაღებული ფოტოები კიდია. მაგალითად, კადრი ფილმიდან „დაგვიანებული სასიძო“ - თამარის გმირი მარო გვირილებს კრეფს. ამ ცნობილი ფოტოს გვერდით ირინას გადაღებული გვირილების მინდორია, როგორც ფოტოს გაგრძელება. ან აქვე - კადრი ფილმიდან „ქაჯეთი“, თამარის, ანუ ნაწნავებიანი ნესტან-დარეჯანის, სახე და მის გვერდით - ირინას ფოტო, სალი კლდის ფრაგმენტები. თამარის ფოტო საოჯახო ალბომიდან, 1950-იან წლებში გადაღებული, და იქვე - ირინას მიერ გადაღებული ფოტო - ციციშვილების ოჯახში შენახული უნიკალური ჩინური ქსოვილის ანაბეჭდი. ალბომისა და გამოფენის კონცეფციაზე თავად ფოტოგრაფი ლაპარაკობს:

„თამარს ზედმეტი პასაჟები აღარ სჭირდებოდა, მაგრამ დამთვალიერებლისთვის უფრო საინტერესო რომ გამეხადა, გადავწყვიტე, რომ პორტრეტის შესაბამისი ფოტო გამომეფინა მისი ფოტოს გვერდით და ასეთი სვლა გადავწყვიტე. ეს იმეორებს წიგნის კონცეფციასაც. წიგნმა ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ წიგნი ორ ენაზე - ქართულად და ინგლისურად - გამოიცა. ბევრი უცხოელი მეუბნებოდა, იმდენად მოგვწონს ილუსტრაციები, რომ ტექსტის შინაარსის გაგებაც გვინდაო და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ წიგნი ინგლისურადაც ყოფილიყო. ზოგადად, იმ შეფერილობით გავაკეთე, რომ ეს ყოფილიყო არა მხოლოდ კონკრეტული ქალის ისტორია, არამედ ყოფილიყო ამ სოციუმის ისტორია“.

გამოფენა „თამარ ციციშვილი“
გამოფენა „თამარ ციციშვილი“

გამოფენის კონცეფცია მოუწონა ფოტოგრაფსა და თავის მოსწავლეს ფოტოგრაფმა იური მეჩითოვმა. „ორი სამყაროს შეჯახება, რომელიც ადამიანის აღქმაში ახალ რაობას ქმნის“, - ასე ახასიათებს ის გამოფენას, სახელწოდებით „თამარ ციციშვილი“:

„აქ იმდენად ბრწყინვალედ არის დაკავშირებული ძველი სურათები, ახლებურად დაბეჭდილი, და ახალი ფოტოები, რომ აღფრთოვანებას ვერ ვმალავ. თითქოს საკუთარ თავს ვცნობ. სიამაყით აღვნიშნავ, რომ ირინა ჩემი მოწაფე იყო და ეს გამოფენა ცუდი რომ გამოსულიყო, მაშინ თავი მექნებოდა მოსაკლავი და არაფერს არ ვიტყოდი მის შესახებ. ჩემთვის ამ გამოფენის ყოველი ფოტო, რომელიც ძველი სურათების გვერდით არის გამოფენილი, არის ძალიან ღრმა, ძალიან მრავალშრიანი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამას ვხედავ“.

ირინა აბჟანდაძეს თამარ ციციშვილის ფოტოების შეგროვებასა და წიგნზე მუშაობაში მისი ქალიშვილი, მანანა გედევანიშვილი, დაეხმარა. როგორც მსახიობის შვილი ამბობს, მისთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა ის, რომ დედის სახე, მისი პიროვნება და, საერთოდ, ის ეპოქა, რომელთანაც თამარ ციციშვილი იყო დაკავშირებული, ასე საინტერესოა თანამედროვე საზოგადოებისთვის. თამარ ციციშვილის შესახებ შექმნილი წიგნის წინასიტყვაობა მწერალ აკა მორჩილაძეს ეკუთვნის. სწორედ მის სიტყვებს იხსენებს მანანა გედევანიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას:

გამოფენა „თამარ ციციშვილი“
გამოფენა „თამარ ციციშვილი“

„აკა მორჩილაძემ დაწერა, „ის, რაც იყო, არ იკარგებაო“. ეს, ალბათ, ეხება რაღაც გამორჩეულს. მიხარია ამ ახალგაზრდების ინტერესი და სიყვარული, რომელსაც გამოხატავენ“.

პროფესიით ფილოლოგმა თამარ ციციშვილმა სამსახიობო კარიერა 28 წლის ასაკში, 1936 წელს, სიკო დოლიძის ფილმიდან „დარიკო“ დაიწყო. წარმატება და პოპულარობა, მისი ნიჭიერებისა და სილამაზის წყალობით, ძალიან მალე მოვიდა. საკუთარი პროფესიით მუშაობას მან მსახიობობა არჩია და არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა ქართულ კინოში. 1980 წელს მას სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი თამარ ციციშვილზე ლაპარაკობს, როგორც გამორჩეულ მსახიობზე. მერაბ კოკოჩაშვილის მშობლები მსახიობის მეგობრები იყვნენ, ამიტომ მას თამარი ადრეული ასაკიდან ახსოვს:

„ქალბატონ თამართან დიდი ურთიერთობა ჰქონდათ ჩემს მშობლებს, დედას, დეიდას... თეატრიდან, კინოდან. ის ბრწყინავდა თავისი სილამაზით. მან უზარმაზარი კვალი გაავლო მუნჯსა და გარდამავალი პერიოდის ქართულ ხმოვან კინოს შორის. ამ პერიოდში მას ძალიან საინტერესო როლები ჰქონდა. შემდეგაც, ასაკში, რამდენიმე, შესაძლოა, ეპიზოდური, მაგრამ ძალინ საინტერესო როლი ითამაშა“.

თავისი ბევრი სადარდებელი ჰქონდა, მაგრამ სახლში რომ შემოდიოდა, ყოველთვის ღიმილით და სიცილით შემოდიოდა და მისი ეს დამოკიდებულება ოპტიმიზმით ავსებდა ჩვენს ოჯახს...

მხატვარი ოლესია თავაძე თამარ ციციშვილის ფოტოებს დაკვირვებით ათვალიერებს და მსახიობის განსაკუთრებულ გარეგნობასა და ამ გარეგნობის მიღმა დამალულ ხასიათზე გველაპარაკება:

„ჩაცმის სტილი, ურთიერთობის მანერა, მთელი ეს კეთილშობილება, რაც ძველი ფოტოებიდან გამოსჭვივის - ეს არ არის არც გათამაშება, არც სნობიზმი, რომელიც ძალიან მოდებულია დღეს. ეს არის კეთილშობილების და კარგი გემოვნების მაგალითი“.

თამარ ციციშვილის ქალიშვილი, მანანა გედევანიშვილი, თავისი დედის შესახებ რამდენიმე დეტალს იხსენებს და სწორედ ამ დეტალებით ახასიათებს მას, პირველ რიგში, როგორც დედას და შემდეგ უკვე, როგორც ხალხისთვის საყვარელ მსახიობს:

„თავისი ბევრი სადარდებელი ჰქონდა, მაგრამ სახლში რომ შემოდიოდა, ყოველთვის ღიმილით და სიცილით შემოდიოდა და მისი ეს დამოკიდებულება ოპტიმიზმით ავსებდა ჩვენს ოჯახს. რომ მიდიოდა ხოლმე გადაღებებზე ან საზღვარგარეთ იყო, იმწუთას იგრძნობოდა, თითქოს ცარიელდებოდა სახლი. ვიყავით ნაღვლიანები. თითქოს არაფერი გვაკლდა, მაგრამ მთავარი გვაკლდა - დედის ასეთი ხასიათი. ერთმა მეგობარმა უთხრა, თამარა, შენ ნამდვილი დარიკო ხარო, რადგან არაფრის არ ეშინოდა, არც ცხოვრების, არც ადამიანების და ეს სიმყარეს აძლევდა ჩვენს ოჯახს. ქუჩაში შეუძლებელი იყო მასთან ერთად გავლა, ავტობუსში ასვლა, ყველგან ყურადღების ცენტრში იყო. ჩემთვის ეს ყოველთვის სასიხარულო იყო. დედას ჰქონდა სხვისი სილამაზის მძაფრი განცდა..."

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG