Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობას სოციალისტები მოიპოვებენ


საფრანგეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები მოწმობს, რომ უმრავლესობას მოიპოვებს პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის სოციალისტური პარტია, რომელიც მას მასშტაბური ეკონომიკური რეფორმების გასატარებლად ესაჭიროება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, სოციალისტებმა და მათმა მოკავშირე მწვანეთა პარტიამ კვირას გამართულ კენჭისყრაზე ხმათა 46 პროცენტამდე მოიპოვეს, მაშინ როცა ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის სახალხო მოძრაობის გაერთიანებამ მხოლოდ 34 პროცენტი. სარკოზი ოლანდმა გასულ თვეში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა.

ჩვენი რეაქცია ის არის, რომ, ცხადია, ძალიან ბედნიერები ვართ, იმიტომ რომ ახლა, პარლამენტში უმრავლესობის ქონით, ფრანსუა ოლანდი რეალურად შეძლებს თავისი პოლიტიკის განხორციელებას ...
ელსა ჟენეტე
საპარლამენტო არჩევნების შედეგი - თუ ის კვირას, 17 ივნისს დანიშნულ მეორე ტურზე დადასტურდა - ოლანდს 577-წევრიან ეროვნულ ასამბლეაში აშკარა უმრავლესობას მიანიჭებს. ეს უმრავლესობა პრეზიდენტს ეკონომიკის ზრდის მასტიმულირებელი ზომების გასატარებლად ესაჭიროება, ისევე როგორც იმ საბიუჯეტო ხელმომჭირნეობის ზომების თავიდან ასარიდებლად, რომლებსაც ევროს მოქმედების ზონის სხვა ქვეყნებში ატარებენ.

პარიზის მცხოვრები ელსა ჟენეტე - სოციალისტების მხარდამჭერი - ცვლილების შესაძლებლობის გაჩენით კმაყოფილი იყო: „ჩვენი რეაქცია ის არის, რომ, ცხადია, ძალიან ბედნიერები ვართ, იმიტომ რომ ახლა, პარლამენტში უმრავლესობის ქონით, ფრანსუა ოლანდი რეალურად შეძლებს თავისი პოლიტიკის განხორციელებას. ახლა ხელისუფლებაში მართლა მემარცხენე ძალები მოვიდნენ, რომლებიც შეძლებენ საფრანგეთში ვითარების შეცვლას. და მე ეს შედეგი ძალიან მახარებს.“

თუმცა, როგორც ვთქვით, არჩევნების შედეგი ჯერ კიდევ უნდა დადასტურდეს კვირას, 17 ივნისს დანიშნულ მეორე ტურზე. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი იმის ზუსტად თქმა, თუ რამდენი მანდატი ერგება ოლანდის გუნდს.

ოლანდმა რამდენიმე რეფორმა უკვე გაატარა - მაგალითად, სამთავრობო მინისტრებს ხელფასები 30 პროცენტით შეუმცირა და ზოგიერთი მუშაკისთვის საპენსიო ასაკი 62-დან 60 წლამდე დასწია.

თუმცა მას სხვა რეფორმების გატარებაც სურს - მათ შორის, მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდა და იმ გეგმის განხორციელება, რომელიც ქვეყნის სასკოლო სისტემაში დამატებით 60,000 მასწავლებლის დაქირავებას ითვალისწინებს.

გავრცელებული ვარაუდით, ოლანდის პარტიის მიერ მოპოვებული წარმატება პრეზიდენტის ავტორიტეტს გაზრდის და საფრანგეთს გერმანიის ძლიერ საპირწონე ძალად აქცევს მაშინ, როცა ამ ეტაპზე ბერლინი უდგას სათავეში დისკუსიას იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა ებრძოლოს 17 ქვეყნისგან შემდგარი ევროს მოქმედების ზონა მზარდ ფინანსურ კრიზისს.

არჩევნებმა ასევე აჩვენა, რომ გაიზარდა მხარდაჭერა ულტრამემარჯვენე ეროვნული ფრონტისა, რომელსაც სათავეში მარინ ლე-პენი უდგას. ეროვნული ფრონტი საფრანგეთს ევროზე უარის თქმისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ქვეყნის „ისლამიზაციას“ შეებრძოლება.
XS
SM
MD
LG