Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთუცნობიანი განტოლება


ავტორი: ზაზა გაჩეჩილაძე, ვაშინგტონი

(საშუალო სირთულის ტესტი ახალბედა მეოცნებე მთავრობისათვის)

ამოცანა - ჩვ.წ.აღ-ით 2013 წლის 14 დეკემბერს, დილის (ჩვენებურად ღამის) 2 საათზე, A პუნქტიდან გაიყვანეს, ან არ გაიყვანეს და B პუნქტამდე, დამოკიდებულ ცვლად X-თან მიიყვანეს, ან არ მიიყვანეს, თავზე ქურთუკგადაფარებული დამოუკიდებელი ცვლადი Y. ამოცანა გვეკითხება: სინათლის რამდენი წელიწადი დასჭირდება იმის გარკვევას გაიყვანეს, თუ არ გაიყვანეს Y, თუ A პუნქტიდან B პუნქტამდე გზა სათვალთვალო კამერებითაა მიმოფენილი?
განმარტება - A პუნქტი - ე.წ. მატროსოვის ციხე. თბილისი, საქართველო.
B პუნქტი - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ოფისი. თბილისი, საქართველო.
თავზე ქურთუკგადაფარებული დამოუკიდებელი ცვლადი Y - ქვეყნის ყოფილი მთავარი პოლიციელი და ექს-პრემიერი ივანე მერაბიშვილი.
უბრალოდ ცვლადი X - საქართველოს გენერალური პროკურორი.
ობიექტი(ვი) - უამრავი სათვალთვალო კამერა.
ლატენტური ცვლადი - ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
უცნობი ცვლადი - "გაიყვანეს, თუ არ გაიყვანეს?"

ტესტზე სავარაუდო პასუხი ავტორთა მითითებით:
ა) "პარასკევს გვიან ღამით, ანუ უკვე შაბათს, დაახლოებით ღამის ორ საათზე. მე გამომიყვანეს ციხიდან, ჩამსვეს მანქანაში, თავზე გადამახურეს ჩემივე მოსაცმელი და წამიყვანეს, ჩემი ვარაუდით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. იქ კაბინეტში დამხვდა ორი ადამიანი. იქ იყო მთავარი პროკურორი. მთავარმა პროკურორმა მე წამომიყენა ულტიმატუმი და განაცხადა, რომ, თუ მე არ დავეხმარები პროკურატურას ჟვანიას საქმის გახსნაში და არ მივაწვდი სააკაშვილის საბანკო ანგარიშებს, მე გამიუარესდება პირობები ციხეში". ( ვანო მერაბიშვილის ვერსია).
ბ)"ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე მოკვლევა გრძელდება. გამოიკითხა უკვე თავად ვანო მერაბიშვილი. ამოღებულია ქალაქში 30- ზე მეტი ვიდეოჩანაწერი. ეს არის საკმაოდ დიდი მოცულობის, რამდენიმე მეგაბაიტი. ახლა მიმდინარეობს ამ კადრების შესწავლა. როგორც კი დასრულდება მოკვლევა გაიგებთ ყველაფერს". (სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის ვერსია).
გ)ვანო მერაბიშვილმა ამ ცრუ ბრალდებით მესეჯი გაუგზავნა მიხეილ სააკაშვილს - "შენ რომ ამერიკაში დანავარდობ, მე საკანში ვიტანჯები და თუ დროზე არ მომხედავ, ჩემს საკან-ლუქსში ტელევიზორის და წიგნების გარდა, კალამი და ფურცელიც არის. სასწრაფოდ მოახერხე ჩვენი საერთაშორისო ლობისტების და ჟურნალისტების მობილიზება და დამიხსენ აქედან. წლების განმავლობაში ტყუილად ხომ არ ვაჭმევდით მაგათ ძვირ საბიუჯეტო პურსა"-ო. ("ქართული ოცნების" ზოგიერთი წევრის ვერსია).
დ) ვანო მერაბიშვილი გაიყვანეს საკნიდან, ოღონდ თავისი ინიციატივით. მისი პროვოცირებული იყო პროკურორთან შეხვედრა, რასაც აწ უკვე გადამდგარი გენ. პროკურორი წამოეგო. ვანოს მიერ გაცუცურაკებული ხელისუფლება ახლა საგონებელშია - ზეწოლა პატიმარზე არ ყოფილა, მაგრამ სათვალთვალო კამერებზე მისი საკნიდან გამოყვანა დაფიქსირებულია, ამიტომაც ჭიანურდება ფირების გასაჯაროება. (სოციალურ ქსელებში მონავარდე ვერსია).
ე)ივანე მერაბიშვილზე ზეწოლა არ ყოფილა და ის არც არავის გაუყვანია საკნიდან. პოლიტიკურ მაზოხიზმში აქამდე არ შემჩნეულ ტუსაღ ვანოს ნერვებმა და ფსიქიკამ უმტყუნა და თავისი ხელით მიიტანა თავი "ქართული ოცნების" ეშაფოტზე, რითაც არა მარტო საკუთარ პოლიტიკურ მომავალს, ნაციონალურ მოძრაობასაც გაუკეთა ხარაკირი. ფირების გაშიფვრა კი უბრალოდ დროის საქმეა.( დედა პარასკევას ხილვა).
ვ) საზოგადოებრივი აზრით (მერაბიშვილი სამართლიანობის აღდგენის ცალმხრივი ტურბოლენტური ზონიდან გასულია და მისი ციხეზე ყოფნით ბევრი იოხებს გულს) ზურგ გამყარებულ ხელისუფლებას დრო გაყავს, მისთვის უხერხულობის შემქნელი ფირების გამომზეურებას აჭიანურებს და თემის გადაგორებას ცდილობს. მოკირკიტე ჟურნალისტებმა და NGO-ბმა კი ჯერჯერობით, "ნაყაჩაღარი", უდიპლომო გენ.პროკურორის გადადგომაც იკმარონ. (უბრალოდ ვერსია).
*სწორი პასუხი ტესტზე იხ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სათვალთვალო კამერების არგასაჯაროებულ ფირზე.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG