Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიხუანის ლეგალიზების სოციალური ეფექტი


ავტორი: ზაზა გაჩეჩილაძე, ვაშინგტონი

ახალი წლიდან კოლორადოს შტატში მარიხუანით ლეგალურად მოვაჭრე 30-მდე მაღაზია ამოქმედდა, მათი ერთი დღის შემოსავალმა მილიონ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. კოლორადო პირველია იმ 3 შტატს შორის (კოლორადოს გარდა მასაჩუსეტსი და ვაშინგტონი), რომელშიც მოსახლეობის უმრავლესობამ ნოემბრის რეფერენდუმით მარიხუანის ნაწილობრივ ლეგალიზაციას დაუჭირა მხარი.

ამთავითვე გავარკვიოთ, რომ ამ ბლოგით არც მსუბუქი ნარკოტიკების პროპაგანდას ვეწევი საქართველოში და არც მარიხუანის მომხმარებელი ვარ (მის მძაფრ, სპეციფიურ სუნს კი უბრალოდ ვერ ვიტან), თუმცა ვთვლი, რომ აკრძალვით და არაადეკვატური სასჯელებით, პრობლემა თავისთავად არ ქრება, უფრო პირიქით. მარიხუანის პირადი მოხმარების დეკრიმინალიზაცია კი უბრალოდ აუცილებლად მიმაჩნია.

მარიხუანით მოვაჭრე მაღაზია კოლორადოს შტატში 2014 წლის 1 იანვარს, მისი გაყიდვის ლეგალიზაციის პირველ დღეს
მარიხუანით მოვაჭრე მაღაზია კოლორადოს შტატში 2014 წლის 1 იანვარს, მისი გაყიდვის ლეგალიზაციის პირველ დღეს
მესმის, რომ ამჟამად საქართველოს მარიხუანის ლეგალიზაციის გარდა სხვა უფრო მნიშვნელოვანი საფიქრალიც თავზესაყრელი აქვს - მაგალითად, უკიდურესად დამძიმებული სოციალური ფონი, "გარღვეული" ბიუჯეტი, ჯანდაცვისა თუ განათლების საერთო დონე, უსაფრთხო გარემო და ა.შ. თუმცა, თანამედროვე, მეტისმეტად ინტეგრირებულ სოციალურ სივრცეში პრიორიტეტების შკალა შესაძლოა პირობითი იყოს და ყველა პრობლემას აქვს ერთმანეთთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. ამდენად, დაფიქრება და დისკუსია ამ თემაზე, ვფიქრობ, არ იქნება ურიგო, რაშიც შესაძლოა ამერიკული გამოცდილებაც დაგვეხმაროს.

ობიექტური რეალობა - მარიხუანა მსოფლიოში და შესაბამისად, აშშ-შიც ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკული საშუალებაა. მის მომხმარებელთა ასაკობრივი, სოციალური, ეთნიკური და გენდერული დიაპაზონი ფართოა. მათ შორის, სამწუხაროდ, არიან მოზარდებიც.

მარიხუანის ლეგალიზების თაობაზე საზოგადოებრივი აზრი ფაქტობრივად მომწიფებულია. კონსერვატიული ფასეულობების ერთგულების მიუხედავად ამერიკელთა უმრავლესობა მის მოხმარებას მომაკვდინებელ ცოდვად ნამდვილად არ აღიქვამს. დღეს ამა თუ იმ საზოგადოებრივ პირს, ცნობად სახეს თუ თვით ქვეყნის პრეზიდენტს მაინცდამაინც დიდ უხერხულობას არ უქმნის იმის აღიარება, რომ მათ გასინჯული აქვთ ეს ნარკოტიკი.

ამჟამად, ობიექტური რეალობა ისეთია, რომ დიდი შანსია უახლოეს მომავალში ნახევრად ლეგალიზებულ 3 და იმ 20 შტატს, სადაც მარიხუანა სამედიცინო მიზნით ექიმის დანიშნულებით გაიცემა, დანარჩენებიც შეუერთდნენ.

უსაფრთხო გარემო - ლეგალიზაციის მომხრეები თვლიან, რომ მსუბუქი ნარკოტიკის ღია გაყიდვაში დაშვება სერიოზულ დარტყმას მიაყენებს დილერთა ინსტიტუტს და მათ უფუნქციოდ, შესაბამისად, გავლენის გარეშე დატოვებს. საქართველოსგან განსხვავებით, ამერიკელ ნარკოდილერებს (ანუ აქაურ "ბარიგებს") კრიმინალურ სამყაროში ავტორიტეტი აქვთ. თუმცა, ეს ალბათ უფრო წვრილ მოვაჭრეებს შეეხება, რადგან დილერთა კონტროლის სფეროში ისევ დარჩება ძლიერმოქმედი ნარკოტიკული საშუალებებით უკანონო ვაჭრობა. მაგრამ, მარიხუანის მომხმარებელთა რაოდენობა სხვა ნარკოტიკებთან შედარებით განუზომლად დიდია და დილერთა კასტას უთუოდ მოუწევს "შეთხელება", მინიმუმ კოლორადოს შტატში მაინც. სპეციალიზებულ მაღაზიებში, რომლებიც ლიცენზირებას და შესაბამისად, მკაცრ კონტროლს ექვემდებარება, ნარკოტიკის გაყიდვა გაცილებით უსაფრთხოა. ამასთან, მყიდველს არც იმის შიში ექნება, რომ "ტრუხას" შეატყუებენ და არც წონაში დააკლებენ. ყველა მსურველს, რომელსაც უკვე შეუსრულდა 21 წელი კოლორადოში უკვე დაუბრკოლებლად შეუძლია მარიხუანის შეძენა. მაღაზიებში ამ მსუბუქი ნარკოტიკის ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი. მარიხუანა იყიდება როგორც ჩვეულებრივი გამხმარი ფოთლების სახით, ასევე სხვადასხვა არომატიზატორით გაზავებული უკვე გამზადებული სიგარა, აქვეა კანაფის შემცველი საღეჭი რეზინი და მატონიზებელი სითხე, სუნამო, შოკოლადი და ნუგბარი. თითოეულ მყიდველზე მაღაზიები ერთ უნცია (28 გრამი) მარიხუანას გასცემენ. უნციის ფასი 35-დან 70 დოლარამდე მერყეობს.
-----------------
მარიხუანის ლეგალიზების მოწინააღმდეგეები შიშობენ, რომ მისი გაყიდვის ცივილიზებული რეგულაციების ქვეშ მოქცევის მიუხედავად, შესაძლოა უკანონო მომხმარებელთა ასაკი გაახალგაზრდავდეს. მომხრეები კი პირიქით, თვლიან, რომ ლეგალიზებით ამ ტიპის ნარკოტიკს მოშორდება "აკრძალული ხილის" კრიმინალური რომანტიკის ეფექტი, რაც მოზარდებში მის მიმართ ინტერესს პირიქით გაანელებს. ამასთან, ასაკობრივი ცენზი მოქმედებს (21 წლის ზემოთ) თამბაქოს გაყიდვაზეც და რაიმენაირი სერიოზული დისკუსია მოზარდებში მწეველთა რიცხვის ზრდასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, მე არ მომისმენია.

ეკონომიკური ეფექტი და სოციალური პასუხისმგებლობა - ექსპერტთა გათვლით, წელს მარიხუანის ლეგალური გაყიდვიდან შემოსავალი მინიმუმ 2,5 მილიარდი აშშ დოლარი იქნება. შედარებისათვის, ეს თანხა საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თითქმის ნახევარია. ამ ბიზნესის მიერ გადახდილმა საბიუჯეტო ანარიცხებმა კი დაახლოებით 70 მილიონი დოლარი უნდა შეადგინოს.

რა თქმა უნდა, აქ არ დავიწყებ მტკიცებას, რომ მარიხუანის მოხმარება სასარგებლო რამაა და რომ მას თავისთავად დიდი საზოგადოებრივი სიკეთე მოაქვს და ა.შ. მაგრამ შემდგარი ფაქტია, რომ არსებობს მასობრივი მომხმარებელი და არსებობს ეს პრობლემა, რომლის მოგვარება ცივილიზებულმა სამყარომ მკაცრი რეგულაციებით, სასჯელის გამკაცრებითა და შეზღუდვებით ვერ შეძლო. ამდენად, ჯიუტად ამის არ დანახვა და ამ თემის ზედმეტი მორალიზება უფრო სოციალურ ფარისევლობას ემსგავსება. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ამ პრობლემის დეკრიმინალიზაცია და ცივილიზებულ კონტროლს დაქვემდებარება უფრო ეფექტური შეიძლება იყოს, ვიდრე გაურკვეველი სტატუს კვოს შენარჩუნება.

აშშ-ში მარიხუანის "შავი ბაზარი" ასეულ მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ეს არის კრიმინალური ფული, რომელიც არანაირ კონტროლს, შესაბამისად, არც დაბეგვრას ექვემდებარება. ამ ბაზრის ნაწილის "ჩრდილიდან გამოყვანის" შემთხვევაში, სახელმწიფო წარმოუდგენელ ფისკალურ ეფექტს მიიღებს. ეს ნიშნავს "შავი ბაზრისათვის" ათეულ მილიარდობით დოლარის "გამოგლეჯვას" გადასახადის სახით. ანუ გაჩნდება შესაძლებლობა რაც შეიძლება მეტი სამედიცინო, საგანმანათლებლო თუ სოციალური პროგრამები დაფინანსდეს. დღეს კრიმინალის ზრდაზე ორიენტირებული "შავი ფული", რაციონალური მიდგომის შემთხვევაში საზოგადოებრივ სიკეთეში შეიძლება დაიხარჯოს.

P.S. კოლორადოს შტატში მარიხუანის ლეგალური გაყიდვიდან ბიუჯეტში შესული პირველი 40 მილიონი დოლარი ახალი სკოლების მშენებლობას მოხმარდება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG