Accessibility links

თბილისელების დიდი ნაწილი ბუნებრივი აირის ხარჯის გაზრდას უჩივის. როგორც ირკვევა, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ აბონენტებმა 2016 წლის დეკემბერში ბევრად მეტი გაზი მოიხმარეს, ვიდრე წინა თვესა და 2015 წლის დეკემბერში. კომპანია ამის მიზეზად ტემპერატურის ვარდნას ასახელებს, თუმცა თავად აბონენტები მიიჩნევენ, რომ „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ქსელში უშვებს დაბალკალორიულ აირს, რაც იწვევს კიდეც მრიცხველის ჩვენების მნიშვნელოვან მატებას. რატომ გაიზარდა ბუნებრივი აირის მოხმარება თბილისში?

ნინი ოთხწევრიანი ოჯახის დიასახლისია. ცხოვრობს თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე. ოჯახი გაზს იყენებს გასათბობად - ჩართული აქვთ „ნიკალა“ და წყლის გამაცხელებელი საჭიროების მიხედვით. ნინიც, ბევრი სხვა თბილისელის მსგავსად, გაოცებული დარჩა, როდესაც „ყაზტრანსგაზიდან“ მიღებულ ქვითარს დახედა:

„ნოემბრის გადასახადი იყო 120 ლარის ფარგლებში. მოხმარება არ გამიზრდია. იმავე რეჟიმში მქონდა ჩართული, არც სადილის მოსამზადებლად დამიხარჯავს მეტი, მაგრამ გადასახადი დეკემბერში მოვიდა 206 ლარი, თითქმის ორჯერ მეტი. არც წინა წლებში შემინიშნავს მსგავსი რამ - ამხელა სხვაობა ნამდვილად არ ყოფილა. იყო მაქსიმუმ 40-ლარიანი სხვაობა, მაგრამ ამხელა, თითქმის 100-პროცენტიანი, არასოდეს ყოფილა“.

ჩვენი აბონენტების მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის მატებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა გარემოტემპერატურის მკვეთრმა კლებამ. დეკემბრის თვეში დღის საშუალო ტემპერატურა 5-8 გრადუსით დაბალი იყო, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით...

ნინის მსგავსად, თითქმის ორჯერ მეტის გადახდა უწევს სხვა ათასობით მომხმარებელსაც. პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე, საკითხით დაინტერესდა ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი, რომელმაც 5 იანვარს სპეციალური განცხადება გაავრცელა:

„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ბუნებრივი გაზის ტარიფი უცვლელია. შესაბამისად, მაღალი გადასახადი არ უკავშირდება ტარიფს. შპს "ყაზტრანსგაზ - თბილისის“ ადმინისტრაციამ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს დაუდასტურა, რომ დეკემბრის თვეში ტექნიკური პრობლემები არ ჰქონია. შესაბამისად, სისტემურ ხარვეზებს ადგილი არა აქვს. აგრეთვე, გამორიცხულია ნებისმიერი შეცდომა აღრიცხვიანობის თვალსაზრისით. კომპანია გაზრდილ გადასახადს უკავშირებს ცივი სეზონის პიკს და, წინა წლებთან შედარებით, გაცილებით დაბალ ტემპერატურასა და ყინვებს“.

5 იანვარს მომხმარებელთა მასობრივი უკმაყოფილების გამო განმარტება გააკეთა „ყაზტრანსგაზ-თბილისის” დირექტორმა ფინანსურ და მარკეტინგის საკითხებში ნინო თურმანიძემ. მისი თქმით, ყველაფრის თავი და თავი ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა ყოფილა, რის გამოც 2016 წლის დეკემბერში მიღებული და რეალიზებული იქნა 123 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი, მაშინ როცა ამავე წლის ნოემბერში მიღებული იყო 82 მილიონი კუბური მეტრი, ხოლო 2015 წლის დეკემბერში 97 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი. დეკემბერში ბუნებრივი აირის მატებამ, გასულ თვესთან შედარებით, 49 %, ხოლო, 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 26 % შეადგინა:

„ჩვენი აბონენტების მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის მატებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა გარემოტემპერატურის მკვეთრმა კლებამ. დეკემბრის თვეში დღის საშუალო ტემპერატურა 5-8 გრადუსით დაბალი იყო, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით“.

რადიო თავისუფლება ტემპერატურის ცვლილების შესახებ გაკეთებული ამ განცხადების გადასამოწმებლად დაუკავშირდა გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსს, სვეტლანა ნიორაძეს, რომლის თქმითაც, 2016 წლის დეკემბერში ტემპერატურის რამე განსაკუთრებული ვარდნა არ ყოფილა.

„თბილისის ტემპერატურა დეკემბერში გამოვიდა ნორმის ფარგლებში. ნორმა თბილისში არის +2 გრადუსი და 2016 წლის დეკემბერშიც იყო +2. 2015 წელს ნოემბრის თვის საშუალო ტემპერატურა იყო +8 გრადუსი, 2016-ში კი +7 გრადუსი. 2015 წლის დეკემბერში საშუალო ტემპერატურა იყო +5 გრადუსი, 2016 წელს კი +2 გრადუსი“, - უთხრა სვეტლანა ნიორაძემ რადიო თავისუფლებას.

აქ არის ერთადერთი პრობლემა - დაბალკალორიული გაზი, რომელსაც აქვს ნაკლები ძალა. მარტივად რომ ავხსნათ, თუკი მაღალკალორიული გაზით ჩაიდნის ადუღებას უნდა ხუთი წუთი, დაბალკალორიულით ეს შეიძლება გაკეთდეს 8 ან 9 წუთში. ეს არის პრობლემა...

გაზის მოხმარების გაზრდას ტემპერატურის დაცემას არ უკავშირებს ენერგეტიკის ეროვნული მარეგულირებელი კომისიის ყოფილი თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი, რომლის ვარაუდით, მრიცხველის ჩვენებათა გაზრდა გამოიწვია მიწოდებული ბუნებრივი აირის დაბალმა თბოუნარიანობამ:

„აქ არის ერთადერთი პრობლემა - დაბალკალორიული გაზი, რომელსაც აქვს ნაკლები ძალა. მარტივად რომ ავხსნათ, თუკი მაღალკალორიული გაზით ჩაიდნის ადუღებას უნდა ხუთი წუთი, დაბალკალორიულით ეს შეიძლება გაკეთდეს 8 ან 9 წუთში. ეს არის პრობლემა. ახლა ზამთარია, ჩართულია გამათბობლები. შესაბამისად, ოთახებში განსაზღვრული ტემპერატურის მისაღებად დაბალკალორიული გაზით საჭიროა მეტი დრო და, მაშასადამე, რაოდენობრივად მეტი ბუნებრივი აირის დახარჯვა და მრიცხველიც ბევრს წერს“.

გურამ ჩალაგაშვილის თქმით, „ყაზტრანსგაზი“ ბუნებრივ აირს იღებს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისაგან“, რომელიც ლაბორატორიულად ამოწმებს ბუნებრივი აირის სიმკვრივესა და თბოუნარიანობას. კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საქართველოში ბუნებრივი გაზის ხარისხი შეესაბამება დადგენილ სტანდარტს, რომლის მიხედვითაც, ბუნებრივი გაზის თბოტევადობა არ უნდა იყოს 7 600 კკალ/მ3-ზე ნაკლები, საქართველოში ყოველდღიურად შემოსული და განაწილებული ბუნებრივი გაზი კი არის 8 ათას კკალ/მ3-ზე მეტი. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ:

„’საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია’, ბუნებრივი გაზის ხარისხის კონტროლის მიზნით, ფლობს სერტიფიცირებულ და აკრედიტებულ ქიმიურ ლაბორატორიას, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ექსკლუზიურად ახორციელებს ბუნებრივი გაზის სრულ ფიზიკო-ქიმიურ ანალიზს, რომლის შედეგები ყოველდღიურად შედის კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ასევე ავტომატურად აისახება კომპანიის ვებგვერდზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ნებისმიერი ინფორმაცია ბუნებრივი გაზის ხარისხის შეუსაბამობასთან დაკავშირებით არ ასახავს სიმართლეს“.

იმ მოქალაქეებს, რომლებიც ვერ დააკმაყოფილა გაზის ტრანსპორტირების კომპანიისა და „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენელთა განმარტებებმა და რომლებსაც ეჭვი აქვთ კომპანიის ქმედებებთან დაკავშირებით ანდა რომლებიც არ ეთანხმებიან გადასახადს ან სურთ მრიცხველის შემოწმება, ენერგოომბუდსმენი მოუწოდებს მიმართონ მის ოფისს, რომელიც მიცკევიჩის 19-ში მდებარეობს. „თითოეული განცხადება შესწავლილი იქნება ინდივიდუალურად. ენერგოომბუდსმენის აპარატი მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად“, - ვკითხულობთ ენერგოომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG