Accessibility links

გაერო ევროპაში კონფლიქტების აღმოსაფხვრელად


გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში გაუმართლებლად მიიჩნევს ევროპაში ე.წ. გაყინული კონფლიქტების შენარჩუნებას. შესაბამისი განცხადება გუტერეშმა 16 იანვარს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა. გაეროს გენერალურმა მდივანმა 2018 წლის პრიორიტეტებს შორის დაასახელა იმ პარალიზის აღმოფხვრა, რომელმაც ხელი შეუწყო ევროპაში კონფლიქტების გაყინვას. გუტერეშმა ილაპარაკა ასევე საშუამავლო ინიციატივების, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატის გააქტიურების აუცილებლობაზე.

Direct link

გაეროს გენერალური მდივნის შეფასებით, ორი მსოფლიო ომისა და ევროპისთვის ხელმისაწვდომი რესურსებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, გაუმართლებელია რეგიონში კონფლიქტების შენარჩუნება. შესაბამისად, ანტონიუ გუტერეშის თქმით, აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობამ დაძლიოს ის პარალიზი, რომელიც ევროპაში კონფლიქტების გახრწნასა და გაყინვას იწვევს:

აქ გვყავს საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები, რომლებიც არ მისცემენ საშუალებას რუსეთს შეთანხმების დარღვევისას უკან დაიხიოს და თქვას, ასეთი რამ არ მომხდარაო და ა.შ.
გიორგი მუჩაიძე

„ამ სიტუაციების მოგვარება მოითხოვს ნაციონალიზმის სახიფათო ნაკადის უკუგდებას და შესაბამისი საშუამავლო ინიციატივების გამოცოცხლებას - მათ შორის ნორმანდიული ფორმატი და სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფი აღმოსავლეთ უკრაინაზე, ეუთოს მინსკის ჯგუფი მთიან ყარაბახზე, საქართველოსთან დაკავშირებული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები და „5+2“ პროცესი დნესტრისპირეთზე“.

ანტონიუ გუტერეშის მიერ ნახსენები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატი უშუალოდ შეეხება საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების პროცესს, რომელშიც ჩართულია გაერო, ეუთო, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი. "საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" აღმასრულებელი დირექტორის გიორგი მუჩაიძის თქმით, აღნიშნული ფორმატის განსაკუთრებულობაზე მეტყველებს თუნდაც ის გარემოება, რომ საქართველო რუსეთთან პირისპირ მარტო არაა დარჩენილი.

„აქ გვყავს საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები, რომლებიც არ მისცემენ საშუალებას რუსეთს შეთანხმების დარღვევისას უკან დაიხიოს და თქვას, ასეთი რამ არ მომხდარაო და ა.შ., ანუ არიან ის საერთაშორისო არბიტრები, რომლებიც დადებულ შეთანხმებებს - წერილობითი იქნება თუ ზეპირი, რომლებიც უზრუნველყოფენ იმ მიზნების შესრულებას, რაც არის ჟენევის დისკუსიის ფორმატში, მათ შორის ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნებას, მათ შორის, როცა პრობლემები იქმნება ადამიანების გატაცების სახით და ა.შ.“, უთხრა გიორგი მუჩაიძემ რადიო თავისუფლებას.

ჟენევის დისკუსიების არსებული ფორმატის ფარგლებში უნდა ავწიოთ დონე და მინისტრის მოადგილის დონიდან გადავიდეთ მინიმუმ მინისტრის დონეზე და მზად ვარ პრემიერ-მინისტრის დონეზეც გადავიდეთ და პირადად ჩავერთვები აუცილებლად ამ ფორმატის საქმიანობაში...
გიორგი კვირიკაშვილი

სწორედ ჟენევის ფორმატის მეშვეობით მოხერხდა მხარეებს შორის ე.წ. ცხელი ხაზის ამუშავება, რაც, გიორგი მუჩაიძის თქმით, იძლევა სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების საშუალებას კონფლიქტის ზონაში ჩადენილ დანაშაულზე. საქართველოს მთავრობაშიც მიიჩნევენ, რომ ჟენევის ფორმატი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პოლიტიკური მექანიზმია, თუმცა, როგორც მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, საჭიროა ფიქრი ჟენევის ფორმატის გაძლიერებასა და ეფექტიანობის გაზრდაზე:

„ჟენევის დისკუსიების არსებული ფორმატის ფარგლებში უნდა ავწიოთ დონე და მინისტრის მოადგილის დონიდან გადავიდეთ მინიმუმ მინისტრის დონეზე და მზად ვარ პრემიერ-მინისტრის დონეზეც გადავიდეთ და პირადად ჩავერთვები აუცილებლად ამ ფორმატის საქმიანობაში. გარდა ამისა, ჩვენი მოთხოვნა და თხოვნაცაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიმართ, რომ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მანდატიდან გავფართოვდეთ და კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის ფორმატის ფუნქციაც და მანდატიც მივანიჭოთ ამ ფორმატს. იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით შესაძლებელია, განხორციელდეს გარკვეული ძვრები. რუსეთის ქმედებები დღეს ამის იმედს არ იძლევა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენი მხრიდან უნდა იყოს კონსტრუქციული მიდგომა და ჩვენ ამ კონსტრუქციულ მიდგომას ნაბიჯ-ნაბიჯ ვახორციელებთ“.

გაეროს გენერალური მდივნის განცხადებას საშუამავლო ინიციატივების გამოცოცხლების თაობაზე მიესალმებიან საქართველოში. გიორგი მუჩაიძის თქმით, აღნიშნული განცხადება შეიძლება იქცეს ახალ იმპულსად კონფლიქტის მოგვარების მექანიზმების დახვეწისათვის, რადგან მოუგვარებელი კონფლიქტები საქართველოში პირდაპირ არის დაკავშირებული ევროპის უსაფრთხოებასთან.

„ამას უკვე გაყინული კონფლიქტები არ ჰქვია. ეს არის ოკუპირებული ტერიტორიები და პირდაპირი რუსეთის აგრესია როგორც ჩვენთან, საქართველოში, ასევე უკრაინაში და ამის ადეკვატური აღქმა უფრო და უფრო ცხადი ხდება - ის, რომ ეს არის ევროპის უსაფრთხოების სისხლხორცეული საკითხი და არა ის, რომ რაღაც ხდება ევროპის პერიფერიაზე. რა თქმა უნდა, გაეროს გენმდივნის განცხადება იქნება დადებითი იმპულსის მიმცემი და ეს საკითხი არ იქნება მეორე და მესამე რიგის პრობლემა, როგორც აქამდე იყო“, უთხრა გიორგი მუჩაიძემ რადიო თავისუფლებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG