Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო მწერების ჭამას გვირჩევს


გაერომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ერთ (ბევრისთვის მეტად უჩვეულო) რეკომენდაციას შეიცავს: მწერები მიირთვითო. გაეროში ფიქრობენ, რომ კვების რაციონში მწერების ჩართვით ბევრი მწვავე პრობლემის შემსუბუქება მოხერხდება, იქნება ეს საკვების უსაფრთხოებასთან, ბავშვების სწორ კვებასა თუ ჭარბწონიანობასთან დაკავშირებული პრობლემები.

გაეროს შეფასებით, აზიასა და აფრიკაში ორ მილიარდზე მეტი ადამიანი მიირთმევს რეგულარულად მწერებს. და თუ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ახალ ანგარიშს ვენდობით, ეს არც დასავლეთის - ევროპის, ამერიკის - მკვიდრთ გვაწყენდა.

კრაზანა, ფუტკარი, ხოჭო, ჭიანჭველა, კალია, ჭრიჭინა ცილებით მდიდარი და ნოყიერი საკვებია. მათზე ნაკლებად აისახება გარემოს მავნე ზმოქმედება, ვიდრე სხვა ცხოველურ საკვებზეო, ვკითხულობთ ანგარიშში, სათაურით „საჭმელად ვარგისი მწერები: სურსათისა და კვების უსაფრთხოების პერსპექტივები“.
ჩვეულებრივ, მწერებს ისეთი გემო აქვთ, როგორ კერძსაც მოამზადებ, რადგან თვითონ მკვეთრი გემოთი არ გამოირჩევიან. ნაჭამი მაქვს ჭრიჭინები, მატლები, ნაჭამი მაქვს ნემსიყლაპიებიც. ნემსიყლაპიები სოკოსთან ერთად იყო მოშუშული, პურს მივატანე - მართლა ძალიან გემრიელი იყო. ჭრიჭინებით კი შოკოლადის ნამცხვრის გაკეთება შეგიძლიათ...
იზა ბეტანკური

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ მწერების მოშენება დაგვეხმარება ადამიანის და ცხოველთა კვების გაუმჯობესებაში, უწინარეს ყოვლისა, ბავშვთა კვების ნაკლებობასთან, ე.წ. მალნუტრიციასთან ბრძოლაში. კალია სამჯერ უფრო მდიდარია ცილით, ვიდრე ძროხის ხორცი - თან შეიცავს ადამიანის ორგანიზმისათვის მნიშვნელოვან მიკროელემენტებს - თუთიას და რკინას. ამას სათანადოდ აფასებენ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სადაც რა ხანია არსებობს მწერების მოსაშენებელი ფერმები...

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელი ევა მიულერი ოპტიმისტურად აფასებს საკვებად მწერების გამოყენების პერსპექტივას: ის შეგვახსენებს, რომ საკვებისადმი ადამიანის დამოკიდებულება მუდმივად იცვლება, რის მაგალითად თუნდაც სუში გამოდგება. თუ თავდაპირველად დასავლეთში ბევრს ვერც კი წარმოედგინა, როგორ უნდა ეჭამა უმი თევზი, რასაც იაპონელები სუშისთვის იყენებენ, ახლა ეს კერძი დიდი პოპულარობით სარგებლობს.

„შორეულ პერსპექტივაში, ვფიქრობ, მწერებიც შეიძლება მიირთვან დასავლეთის ქვეყნებში. რატომ იქნებოდა ეს კარგი? ცნობილია, რომ მსოფლიოს მოსახლეობა იზრდება და იზრდება მოთხოვნა, ზოგადად, საკვებსა და ცილებზე. მწერები კი გვთავაზობს ამ ცილებით მომარაგების ერთ-ერთ შესაძლებლობას. ხოლო დასავლური კულტურებისთვის, სადაც დიდ პრობლემას გვიქმნის ჭარბწონიანობა და ზედმეტი წონა, მწერები არის ძალიან ნოყიერი ელემენტი, რომელიც ჯანსაღი კვებისთვის შეიძლება გამოდგეს“, - ამბობს მიულერი.

ამიტომ გაერო რესტორნებსა და მზარეულებს მოუწოდებს ხელი შეუწყონ მწერების იმიჯის გაუმჯობესებას, მენიუში მათი შეტანით. ევროპისა და აშშ-ის ზოგ რესტორანში ეს უკვე ხდება. ცნობილი მზარეული ხოსე ანდრესი ვაშინგტოში თავისი რესტორნის სტუმრებს უმასპინძლდება კერძით, რომლის ინგრედიენტებს შორის კალიებიც არის. უფრო მრავალფეროვანია რესტორანი „ტაიფუნი“ კალიფორნიის შტატში მდებარე სანტა მონიკაში. იქ შეიძლება ტაივანური ჭრიჭინების ან აბრეშუმის ჭიის დაგემოვნება ნივრით, წიწაკით და რეჰანით შეზავებულ სოუსში.

ეს კერძები და კიდევ გაცილებით მეტი, ინგრედიენტებად მწერების გამოყენებით, გასინჯული აქვს ენტომოლოგს, ანუ მწერების სპეციალისტ იზა ბეტანკურს. ის ფილადელფიის დრექსელის უნივერსიტეტის მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომელია და არ მალავს, რომ გამორჩეულ დელიკატესად კალიები მიაჩნია:

„მე მათ „ხმელეთის კრევეტებს“ ვუწოდებ, რადგან ისინიც კიბოსნაირებს მიეკუთვნებიან. ისინი, ყველა, ფეხსახსრიანების ტიპისა არიან, რაც ნიშნავს, რომ ყველას იცავს ეგზოჩონჩხი. ჩვენ ხომ სულ მივირთმევთ ასთაკვს, მივიმრთმევთ კრევეტებს, მივირთმევთ კიბორჩხალებს..."

არადა, ვერ წარმოგვიდგენია (ყოველ შემთხვევაში, ბევრ ჩვენგანს ვერ წარმოუდგენია) მწერების, მათ შორის, კალიების ჭამა. ერთ-ერთი მიზეზია უთუოდ მწერების სიბინძურესთან ასოცირება. თუმცა ზოოლოგები - მათ შორის, ბეტანკური - ირწმუნებიან, რომ მწერების დიდი ნაწილი სიმწვანეში ცხოვრობს, სუფთა მცენარეებით იკვებება და, შესაბამისად, თითქმის ნეიტრალური გემო აქვს.

„ჩვეულებრივ, მწერებს ისეთი გემო აქვთ, როგორ კერძსაც მოამზადებ, რადგან თვითონ მკვეთრი გემოთი არ გამოირჩევიან. ნაჭამი მაქვს ჭრიჭინები, მატლები, ნაჭამი მაქვს ნემსიყლაპიებიც. ნემსიყლაპიები სოკოსთან ერთად იყო მოშუშული, პურს მივატანე - მართლა ძალიან გემრიელი იყო. ჭრიჭინებით კი შოკოლადის ნამცხვრის გაკეთება შეგიძლიათ“, - გვირჩევს იზა ბეტანკური. თუმცა ისიც კი აღიარებს, რომ არსებობს დაბრკოლება მწერების ნებისმიერი დამწყები მჭამელისათვის:

„ჩემი აზრით, ის, რაც ყველაზე მეტად უსიამოვნოა ხალხისათვის მწერების ჭამისას, არის ტკაცანი, რომელსაც მწერი გამოსცემს ჩაკბეჩისას. ეს ეგზოჩონჩხის დამტვრევის დროს ხდება, მწერის აგებულების გამო“, - მაგრამ ტკაცანს რომ მიეჩვევი, მერე მწერის გემოთი სიამოვნების მიღებასაც შეძლებო, ირწმუნება ენტომოლოგი იზა ბეტანკური
XS
SM
MD
LG