Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამამტყუნებელი ვერდიქტი ძაძამიას და ხარშილაძეს


ზურაბ ჟვანია
ზურაბ ჟვანია

ნაფიცმა მსაჯულებმა ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულ კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას მიმართ სასჯელის შემსუბუქების რეკომენდაცია გასცეს. ძაძამიას აღარ დააპატიმრებენ, ხარშილაძის სასჯელი კი მისმა სხვა სასჯელმა შთანთქა. გამამტყუნებელ ვერდიქტს ათმა ნაფიცმა მსაჯულმა მისცა ხმა ორის წინააღმდეგ.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრებს კობა ხარშილაძესა და მიხეილ ძაძამიას ბრალი სამსახურებრივ გულგრილობაში ედებათ. ზურაბ ჟვანია და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე რაულ იუსუპოვი 2005 წლის 3 თებერვალს თბილისის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მკვდრები იპოვეს. წინასწარი გამოძიებით, მათი სიკვდილი ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

ერთი თვის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროკურორმა რევაზ ნადოიმ ხარშილაძისა და ძაძამიას დასჯა მოითხოვა. პროკურორის თქმით, მათ ღამის 12-ის ნახევარზე ჟვანია სახლიდან გაიყვანეს და მიიყვანეს საეჭვო ბინაში, შემდეგ კი დასაცავი ობიექტი დაცვის გარეშე დატოვეს.პროკურორის განცხადებით: „ეს დასრულდა მძიმე შედეგით. საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა მაღალი თანამდებობის პირი, პრემიერ-მინისტრი, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ხარშილაძემ და ძაძამიამ ჯეროვნად არ შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი უფლებამოსილება და დადგა ეს შედეგი“.

ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებას ადეკვატური უწოდა როგორც ზურაბ ჟვანიას ძმამ გოგლა ჟვანიამ, ასევე რაულ უსუპოვის მამამ იაშარ უსუპოვმაც.

„ველოდი გამამტყუნებელ ვერდიქტს, რადგან კარგად ვიცნობ საქმის მასალებს. ეს არ იყო ძირითადი საქმე. ზურას სიკვდილის დამდგენი გარემოებების საქმე ძიებაშია. მართალია, დაცვამ ყველანაირად სცადა აქეთკენ გადაეტანა აქცენტები, რეალურად ეს იყო მხოლოდ ამ ადამიანების მიერ გამოჩენილი გულგრილობის შესახებ აღძრული სისხლის სამართლის საქმე. ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს ადეკვატური გადაწყვეტილება“, - ამბობს გოგლა ჟვანია.

„ნაფიც მსაჯულებს სხვა გადაწყვეტილების მიღების უფლება, ალბათ, არ ჰქონდათ და სწორი გადაწყვეტილება მიიღეს", - განაცხადა იაშარ უსუპოვმა.

მიხეილ ძაძამიას 8 თვითა და 23 დღით განესაზღვრა პატიმრობა, თუმცა მოსამართლე ეკა არეშიძემ აღნიშნა, რომ გირაოს შეფარდებამდე ძაძამიას აღნიშნული ვადა პატიმრობაში აქვს გატარებული, რაც ჩაეთვლება და, შესაბამისად, იგი სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდა.

აღნიშნულ საქმეზე 2 წელი და 4 თვე მიესაჯა კობა ხარშილაძეს, თუმცა მისი ეს სასჯელი ძველმა სასჯელმა შთანთქა. ხარშილაძეს სხვა დანაშაულის გამო პატიმრობის ვადა 24 დეკემბერს ეწურება.

კობა ხარშილაძის ადვოკატი ბექა ბასილაია ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებით ბოლომდე კმაყოფილი არ არის:

„ნაფიც მსაჯულთა სასამართლო იყო დაცვის მხარის არჩევანი. ჩვენ ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებას, როგორც საზოგადოების წევრთა გადაწყვეტილებას, პატივს ვცემთ, თუმცა ნაფიცებს შორის ზურაბ ჟვანია რომ ყოფილიყო, ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგებოდა“.

რაც შეეხება ძირითად საქმეს, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის სიკვდილის გარემოებათა დადგენას გულისხმობს, სასამართლო პროცესიდან გამოსულმა გოგლა ჟვანიამ და იაშარ უსუპოვმა აღნიშნეს, რომ ამ კუთხით სიახლეებს ელოდებიან, თუმცა კონკრეტულად რა სიახლეებზეა საუბარი, მათ არ უთქვამთ.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG