Accessibility links

საკრალური ლურჯი სუფრა


გამოფენა „ლურჯი სუფრა“

ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში გაიმართა გამოფენა „ლურჯი სუფრა“. გამოფენაზე წარმოდგენილმა ექსპონატებმა წარმოაჩინეს გზა, რომელიც ლურჯმა სუფრამ განვლო ხალხური ხელოვნებიდან პროფესიონალი მხატვრების შემოქმედებამდე.

საკრალური ლურჯი სუფრა
please wait

No media source currently available

0:00 0:08:37 0:00
Direct link

ლურჯ ფონზე თეთრი ორნამენტები - აღმოსავლური მანები, ქორბუდა ირმები, ჩიტები, თევზები, საყოფაცხოვრებო ნივთები - დანები თუ ჩანგლები, ადამიანები - ეს ტრადიციული ლურჯი სუფრის მთავარი მახასიათებლებია. ორნამენტები, რომლებიც თითქოს სუფრის გარშემო შემომსხდარ ხალხს ამბავს უყვებაო, თავგადასავალს იმ ადამიანებისა, რომლებმაც ეს სუფრა მოაჩუქურთმებს, ან იმ ადამიანების თავგადასავალს უამბობს, რომლებმაც ეს სუფრა სახლში მოიტანეს და სადღესასწაულო დღეებისთვის გადაინახეს. საკრალურია მასზე გამოსახული დეკორატიული მოტივები, მაგალითად, ირემი - ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული მოტივი ლურჯ სუფრებში. წარმართული წარმოდგენებით ის ზესკნელის, სიცოცხლის ხესთან დაკავშირებული ცხოველია. ჩიტი - ქართულ მითოლოგიაში სიცოცხლის ხის ფრინველია. თევზი - ქრისტიანულ რელიგიაში იესო ქრისტე ალეგორიულად თევზის სახით გამოისახება.

გამოფენა „ლურჯი სუფრა“
გამოფენა „ლურჯი სუფრა“

ტრადიციული ლურჯი სუფრა XIX-XX საუკუნეების ქართული ყოფის ერთ-ერთი გამორჩეული და სახასიათო ატრიბუტი იყო, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა საზოგადოების ყველა ფენაში და, როგორც მკვლევრები და ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, ლურჯი სუფრის დამზადების ტექნოლოგია საქართველოში, სავარაუდოდ, ირანიდან და ინდოეთიდან შემოვიდა. ეს ტექნოლოგია კი ერთობ უცნაური და რთული იყო. ბუნებრივი ქსოვილი, უმეტესწილად, ბამბა და სელი, ხის საბეჭდები, ცვილი და, რაც მთავარია, ინდიგო, რომელიც თეთრ ქსოვილს ლურჯად ღებავდა. ინდიგო ძვირფასი საღებავი იყო, ის აღმოსავლეთიდან შემოდიოდა და ნაწილდებოდა ძირითადად დიდ ქალაქებში - თბილისში, გორში, თელავში, ახალციხეში მდებარე სამღებრო „ლილახანებში“, სადაც მღებრები ბამბისა და შალის ქსოვილებს და ნართს ღებავდნენ. 1808-15 წლებით თარიღდება ლურჯი სუფრის შემორჩენილი ადრეული ნიმუშები, თუმცა ისტორიული წყაროებისა და მოგზაურების ჩანაწერები ადასტურებს, რომ ლურჯი სუფრები მეთვრამეტე საუკუნეშიც ფართოდ გამოიყენებოდა. ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის კედლებზე ლურჯი სუფრებია გამოფენილი. ამ სუფრებს გვათვალიერებინებს ირა კოშორიძე, მუზეუმის დირექტორი. სწორედ ამ მუზეუმშია დაცული ლურჯი სუფრების უძველესი ნიმუშები. მათი რაოდენობა სულ სამია:

„ძალიან ბევრი ხალხური ლექსია, თამარ მეფის ქორწილში ლურჯი სუფრები რომ გაშალეს. მაგალითად, ივანე მუხრანბატონის ცნობილი ეპიზოდია, რომ მან, როდესაც იმპერატორ ალექსანდრეს დახვდა საქართველოში, ლურჯ სუფრებზე გაუშალა ნადიმი. ანუ ეს იყო საზეიმო სუფრა და, შესაბამისად, ზედ გამოსახული სიმბოლიკაც არის დაკავშირებული ზოგი ქრისტიანულ, ზოგი ქრისტიანობამდელ, ასტრალურ სიმბოლოებთან და ხალხურ რეპერტუართან“.

მუზეუმში დაცული ერთ-ერთი უძველესი სუფრა მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისით თარიღდება. სუფრა გახუნებული და გაცრეცილია, ალაგ-ალაგ - ჟანგმოდებული. ბამბის ქსოვილს ზედ ეტყობა საუკუნეების ასაკი. ამ სუფრის რესტავრაციაზე იმუშავა რესტავრატორ-კონსერვატორმა ცეცილია გამცემლიძემ. სუფრის აღდგენამ სამი თვე წაიღო, თუმცა ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის დასრულებულიო, ამბობს ის. როგორც ცეცილია გვიხნის, სუფრის აღდგენაზე მუშაობა საკმაოდ რთული პროცესია და განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს იმისათვის, რომ ისედაც დაზიანებული ქსოვილი მუშაობის პროცესში კიდევ უფრო მეტად არ დაზიანდეს:

ეს პერიოდი, 30-40-იანი წლები, გაქანებული კომუნისტური ეპოქა, სტალინიზმი, დიდება პარტიას და ა.შ. და ამ დროს იქმნება ამგვარ მოტივებზე შექმნილი სუფრები - მანები, თევზები, ირმები, ასტრალური სიმბოლოები პირდაპირ ძველი სუფრებიდან არის გადმოღებული...
ირა კოშორიძე

„შევარჩიეთ სპეციალური ქსოვილი, ფერი. ბამბის ქსოვილია თავად სუფრა და ამიტომ ისევ ბამბის ქსოვილი შევარჩიეთ და სარჩულად დავუდეთ. ეს ძალიან დაზიანებული სუფრა იყო და ახლა მიმდინარეობს ჩამაგრებები. ნახეთ, წვრილი ნემსით ვმუშაობთ, რომ არ დავაზიანოთ სუფრა და რამდენადაც შესაძლებელია, ეს ჩამაგრებებიც არ უნდა გამოჩნდეს. საკმაოდ წვრილ-წვრილი და რთული დაზიანებებია. ერთი ნაწილი მთლიანად დაკარგულია“.

თუკი ყურადღებას ლურჯი სუფრის დამზადების უძველეს ტექნოლოგიაზე შევაჩერებთ, მაშინ უნდა ითქვას, რომ პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი და რთული იყო. ლურჯი სუფრის დამზადების ტექნოლოგიას იკვლევდა და ეძიებდა აკადემიკოსი დავით ციციშვილი. როგორც ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის დირექტორი ირა კოშორიძე ამბობს, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირის პერიოდში ლურჯმა სუფრამ დაკარგა თავისი საკრალური თვისება, სწორედ დავით ციციშვილმა გადაწყვიტა ლურჯი სუფრის ტრადიციის აღდგენა და დაიწყო იმ მასალების მოძიება, სადაც იპოვიდა, სუფრის დამზადების უძველეს ტექნოლოგიას. ირა კოშორიძე ამბობს, რომ ლურჯ სუფრას იმ უძველესი ტექნოლოგიით, რომელიც თეთრი ბამბის ქსოვილის ინდიგოთი ცივ ღებვასა და შემდეგ ხის ყალიბებისა და ცვილის დახმარებით ორნამენტების ბეჭდვას გულისხმობს, აღარავინ ამზადებს. თუმცა მუზეუმში დაცულია სხვადასხვა ავტორის რამდენიმე სუფრა, რომლებიც სწორედ ძველი ტრადიციული ლურჯი სუფრის ინსპირაციით, თუმცა გაცილებით მარტივი ტექნოლოგიით, მეოცე საუკინის 30-40-იან წლებშია შექმნილი:

„ეს პერიოდი, 30-40-იანი წლები, გაქანებული კომუნისტური ეპოქა, სტალინიზმი, დიდება პარტიას და ა.შ. და ამ დროს იქმნება ამგვარ მოტივებზე შექმნილი სუფრები - მანები, თევზები, ირმები, ასტრალური სიმბოლოები პირდაპირ ძველი სუფრებიდან არის გადმოღებული. ამიტომ აქ ჩვენ წარმოვადგინეთ ამ მხატვრების ნამუშევრებიც, რომ გვეჩვენებინა ეს უწყვეტობა 40-იან წლებამდე. შემდეგ იყო წყვეტა და 80-იანი წლებიდან თითქოს დაიწყო ახალი ძიება“.

გამოფენა „ლურჯი სუფრა“
გამოფენა „ლურჯი სუფრა“

მეოცე საუკუნის 80-იან წლებში დაწყებული ეს ძიება 21-ე საუკუნის დასაწყისშიც გაგრძელდა და 2011 წელს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ლურჯი სუფრის ტრადიციის აღდგენით დაინტერესდა. ამ პროცესში ჩაება სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ კლდიაშვილი, თავის კოლეგა ქეთევან ქავთარაძესთან ერთად და მათ დაიწყეს ლურჯი სუფრის აღდგენაზე მუშაობა. თინათინ კლდიაშვილი ამბობს, რომ მათ შეძლეს და აღადგინეს ის ძველი მეთოდი, რომლითაც მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეში მზადდებოდა ლურჯი სუფრები, ანუ ქსოვილის ცივი ღებვა და ზედ ხის საბეჭდებისა და ცვილის დახმარებით ორნამენტების გამოყვანა, თუმცა მაინც მცირე განსხვავებებით. თინათინ კლდიაშვილის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი ტექნოლოგიით ბეჭდვა საკმაოდ რთულია და წარმადობაც მცირეა, დღესდღეობით ლურჯი სუფრები ძირითადად მზადდება ე. წ. მატრიცის დახმარებით, ანუ ფოტო-ფილმ ბეჭდვასთან მიახლოებული ტექნოლოგიური პრინციპით. სუფრები სამხატვრო აკადემიის ბაზაზე შექმნილ ბატიკის ლაბორატორიაში მზადდება:

„ჩვენი მიზანია იმ ძველი ლურჯი სუფრის კომპოზიციის პოპულარიზაცია. ჩვენ მოვიპოვეთ სხვადასხვა მუზეუმებში დაცული ლურჯი სუფრების ნიმუშები. ერთ-ერთი ასეთი სუფრა ვიპოვეთ ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში. გადავუღეთ ფოტო და ახლა ვამზადებთ ამ სუფრის ასლებს. და ასევ ჰქვია ამ სუფრას - „ახვლედიანის სუფრა“.

კიდევ ერთი ხელოვანი, რომელიც განსაკუთრებით არის დაინტერესებული ლურჯი სუფრის ტრადიციით, მანანა აბზიანიძეა. მისი ნამუშევრები, შეიძლება ითქვას, ლურჯი სუფრის ერთგვარი ინტერპრეტაციაა. მისთვის ლურჯ სუფრას განსაკუთრებული ემოცია მოაქვს:

„როდესაც ტექსტილში მუშაობ, ლურჯ სუფრას გვერდს ვერ აუვლი. მას აქვს რაღაც საოცარი, მისტიკური ძალა. მთელ მსოფლიოში გავრცელებულია ლურჯისა და თეთრის კომბინაცია. სკანდინავიის ქვეყნები, რუსეთი, ჰოლანდიელების ცნობილი კაფელები. და აი, რაღაც საოცარი ემოცია აქვს ქართულ ლურჯ სუფრას - გადმოსცემს სასწაულ ენერგეტიკას. აბა, როგორ გვაშეშებს ფიროსმანი? როგორ გაშტერებს სერიოზული ტილოები? როგორ შეიძლება თქვა ყინწვისის ანგელოზზე, რომ იქიდან არაფერი გადმოდის. ზუსტად ასეთია ლურჯი სუფრაც. ნამდვილად ასეთი“.​

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG