Accessibility links

სპეციალური მმართველი გარემოს დაბინძურების შესაჩერებლად


ჭიათურა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, სასამართლოს ძალით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში“ დანიშნა სპეციალური მმართველი, რომელიც კომპანიას გარემოს დაცვის კუთხით გაუწევს მონიტორინგს. სამინისტრო ამას წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს, თუმცა კიდევ უამრავი კომპანია რჩება, რომელიც გარემოსა და მოსახლეობას ზიანს აყენებს.

„ჯორჯიან მანგანეზი” ჭიათურაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებით არის დაკავებული. ახლად დანიშნულმა სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა, თავისი გეგმა წარმოადგინა. შეიქმნა ეკოლოგიური სამსახური, რომელიც კომპანიის საქმიანობას მონიტორინგს გაუწევს. შეწყდა გადახსნა-მოპოვებითი სამუშაოები ე.წ. „საშევარდნოს“ კარიერზე. ჩიქოვანის მიერ წარმოდგენილი გეგმა სამ წელზეა გაწერილი და ბევრ ღონისძიებას შეიცავს, მაგალითად: უკვე დაიწყო და პერმანენტულად გაგრძელდება მადნის ტრანსპორტირება ძარაგადახურული ტრანსპორტით; დაიწყებს ფუნქციონირებას საწარმოს ლაბორატორია და აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით; მომზადდება ტყის საკომპენსაციო ღონისძიებები და ასე შემდეგ.

ასეთი საწარმოები, როგორც წესი, არის იმ ადამიანების ხელში, რომელთაც რეალური გავლენა აქვთ ხელისუფლებაზე, ამიტომ შემოწმებები არ არის იმ დონის, რომ კომპანიას რამე პრობლემა შეუქმნას. რეალური პრობლემის შექმნის შემთხვევა მხოლოდ ეს არის, რაც დღეს „ჯორჯიან მანგანეზს“ სჭირს...

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე ამბობს, რომ დღე არ გავა, ზედამხედველობის სამსახურმა გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით აქტი არ გამოწეროს, თუმცა, მისივე თქმით, „ჯორჯიან მანგანეზის“ შემთხვევა მაინც განსაკუთრებით მძიმე იყო:

„ყველაფერს არღვევდა წიაღის მოპოვების ნაწილში. წიაღის მოპოვების ლიცენზია 2006 წელს გაიცა. 2012 წლიდან ყოველ წელს ამოწმებდნენ და სულ უფრო უარესი მდგომარეობა ხვდებოდათ. რაც შეეხება მადნის გადამამუშავებელი ნებართვის ნაწილს, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, პირობების 100 პროცენტიდან 30-40 პროცენტი შესრულდა, თუმცა ყველაზე მთავარი, შლამსაცავის უსაფრთხოდ ფუნქციონირების საკითხი და საწარმოო ციკლის ისე მოწესრიგება, რომ გარემო არ დაბინძურებულიყო, კომპანიის მხრიდან შეუსრულებელი დარჩა. და, ასევე, მესამე, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი: ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა დღემდე უნებართვოდ ფუნქციონირებს“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი ნინო გუჯარაიძე ამბობს, რომ დღემდე არანაკლები პრობლემებია ტყიბულსა და კაზრეთში.

„ტყიბულში, ქალაქში, ნარჩენების უზარმაზარი გორებია დასაწყობებული, რომელსაც პერიოდულად ალი ეკიდება“.

ნინო გუჯარაიძე ამბობს, რომ საწარმოები ახლა უფრო მეტად მოწმდება, ვიდრე რამდენიმე წლის წინ, მაგრამ ეს მაინც ზედაპირული შემოწმებაა. ამის მიზეზად ნინო გუჯარაიძე რესურსების ნაკლებობას ასახელებს და, ასევე, სახელმწიფო ნების არარსებობას:

„ასეთი საწარმოები, როგორც წესი, არის იმ ადამიანების ხელში, რომელთაც რეალური გავლენა აქვთ ხელისუფლებაზე, ამიტომ შემოწმებები არ არის იმ დონის, რომ კომპანიას რამე პრობლემა შეუქმნას. რეალური პრობლემის შექმნის შემთხვევა მხოლოდ ეს არის, რაც დღეს „ჯორჯიან მანგანეზს“ სჭირს“.

მაია ბითაძე
მაია ბითაძე

მაია ბითაძე, თავის მხრივ, ამბობს, რომ, სამწუხაროდ, კომპანიები მიჩვეულები იყვნენ იმას, რომ დარღვევებზე მათ პასუხს არავინ სთხოვდა:

„2012 წელს ზედამხედველობის დეპარტამენტი აღვადგინეთ. ყოველწლიურად გეგმიურად ასობით ობიექტს ამოწმებს და ათასობით - არაგეგმიურად, ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებების შედეგად. კომპანიების 100 პროცენტი - ხაზს ვუსვამ, 100 პროცენტი - სამართალდამრღვევი აღმოჩნდა. ისინი წლების განმავლობაში საერთოდ არ იყურებოდნენ სანებართვო და სალიცენზიო პირობებში, ისევე როგორც „ჯორჯიან მანგანეზი“.

მისივე თქმით, არც ერთ კომპანიას არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ის ლმობიერი იქნება მათ მიმართ, ვინც გარემოს აბინძურებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG