Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის გამგეობამ „ქართულ ოცნებას" მიტინგის ჩატარების ნება დართო


გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ კოალიცია „ქართულ ოცნებას" 15 ივლისს კომბინატის დასახლებაში, კულტურის ცენტრის მიმდებარე მოედანზე, აქციის გამართვის ნება დართო. „ქართული ოცნების“ ოფისში ამის დამადასტურებელი ოფიციალური წერილი დღის მეორე ნახევარში მიიღეს. კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, სოსო ვახტანგაშვილი, მიიჩნევს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ კეთილგონიერება გამოიჩინა და გამწვავებაზე აღარ წავიდა.

„ქართულ ოცნებას" თავდაპირველად აქციის გამართვა გორის ცენტრალურ მოედანზე სურდა, მაგრამ გორის გამგეობისგან უარი იმ მოტივით მიიღო, რომ ცენტრალური სატრანსპორტო კვანძის გადაკეტვა ქალაქის პარალიზებას გამოიწვევდა. გამგეობამ კოალიციას ალტერნატიულ ადგილად ქალაქგარეთ „ქართლის“ სტადიონის მიმდებარე ტერიტორია შესთავაზა, მაგრამ ეს ადგილი ოპოზიციისთვის კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან იქვე ახლოს კარალეთის დევნილთა დასახლებაა და კოალიციის წარმომადგენლები ხელისუფლების მიერ კონტროლირებული დევნილებისგან პროვოკაციის მოწყობას არ გამორიცხავდნენ. გუშინ კოალიციამ ქალაქის ხელმძღვანელობას მეორე განცხადებით მიმართა და აქციის გამართვა კომბინატის ტერიტორიაზე, კულტურის ცენტრთან მოითხოვა. ეს განცხადება მუნიციპალიტეტის გამგეობამ ოპერატიულად განიხილა და ნებართვა გასცა. გამგეობის აპარატის უფროსის კახა ტოლიაშვილის თქმით, კომბინატის დასახლება ნაკლებად მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია და მისი გადაკეტვა ქალაქისთვის დიდ პრობლემებს არ შექმნის.

გორის კულტურის ცენტრთან „ქართული ოცნების" აქცია 15 ივლისს 19:00 საათზე გაიმართება, ორშაბათიდან კი რაიონში კოალიციის ლიდერები ჩამოვლენ და სოფელ-სოფელ ხალხის მობილიზაციას დაიწყებენ.
XS
SM
MD
LG