Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ხატიაშვილი - საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი


13 ნოემბერი, კვირა

დღეს თამაშის – „რა? სად? როდის?“ – მორიგი ტურია. ამ თამაშს ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან ვთამაშობ, ხოლო ბაკალავრიატის დროს აქტიურად ჩავერთე. შესაბამისად, როდესაც, ამერიკიდან დაბრუნებულს, გუნდის წევრობა შემომთავაზეს, მაშინვე დავთანხმდი. გუნდს „ინტელიგენცია“ ჰქვია. გვინდოდა, Old School დაგვერქმია, მაგრამ სახელი დაკავებული აღმოჩნდა. გუნდი „აუდიტორია 115“-ის ახალგაზრდა სტუდენტებითაა დაკომპლექტებული, პლუს მე – „ვეტერანი“.

თამაშიდან მთელმა გუნდმა ილიას უნივერსიტეტში გადავინაცვლეთ, პროფესორ ჩარლზ ფერბენქსის ლექციაზე. თემა, ცხადია, ჰილარი კლინტონის მარცხი და დონალდ ტრამპის გამარჯვებაა. გავრცელებული აზრია, რომ ტრამპის გამარჯვება თეთრკანიანი მუშათა კლასის ჯანყს ნიშნავს. მათ ყელში ამოუვიდათ ეკონომიკური სტაგნაცია, და მარაზმში გადასული პოლიტკორექტულობა. დემოკრატიული პარტია და ე.წ. ისტებლშმენტი უუნარო აღმოჩნდნენ, მათთვის რეალური ალტერნატივა ან სიახლე შეეთავაზებინათ, გარდა იმ სტატუს-კვოს გაგრძელებისა, რომელსაც ჰილარი კლინტონი ასახიერებდა, და მედიის ქედმაღლური დამოკიდებულებისა. განხორციელდა ლენინური ფორმულა: Верхи не могут, низы не хотят. ელიტას აღარ შეეძლო მართვის იმავე სტილში გაგრძელება, ხოლო ხალხს აღარ სურდა იმავე სოციალურ და პოლიტიკურ რიტმში ცხოვრება. ოღონდ რევოლუციის მაგივრად განხორციელდა „მსუბუქი შეჯანჯღარება“ და დონალდ ტრამპი მივიღეთ პრეზიდენტად.

სანამ თამაშზე წავიდოდი, ვუსმინე ლამის გურუდ ქცეულ, საქართველოს ყველა პოლიტიკური ორიენტაციის წრეში ცნობილ სლოვენიელ ფილოსოფოსს. ისიც ლიბერალურ ელიტებს და პოლიტკორექტულობას აბრალებს ტრამპის ფენომენს, თუმცა მიაჩნია, რომ ტრამპის ფიგურამ, შესაძლოა, მემარცხენე ფლანგზე განახლება და მობილიზაცია გამოიწვიოს. როგორც იტყვიან, აღდგომა და ხვალეო.

თავისუფლების დღიურები - გიორგი ხატიაშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:13:38 0:00

14 ნოემბერი, ორშაბათი

სანამ სამსახურში წავალ, ვცდილობ, ამერიკის მოვლენებს არ ჩამოვრჩე. ამისათვის ყველაზე იოლი გზა კომედიშოუების ყურებაა. ამჯერად ბილ მარის მონოლოგის დრო მქონდა და მას ვუსმინე. Real Time with Bill Maher, შეიძლება ითქვას, ის გადაცემაა, რომელსაც არასოდეს ვტოვებ, ხოლო ჩემს ფეისბუკის გვერდზე ამ კაცის პიარით მოკრძალებული წვლილი მაქვს შეტანილი ქართული აუდიტორიისათვის მის გაცნობაში.

ვმუშაობ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში (IDFI). მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში სწავლისას უნივერსიტეტმა მომცა პროფესორის ასისტენტის სამსახური, ეს ჩემი პირველი სამსახურია სრულ განაკვეთზე. ყოველთვის მაინტერესებდა, ჩემი თანაკურსელები როგორ ახერხებდნენ სწავლისა და სამსახურის შეთავსებას. ახლა მეც იმავე გზას ვადგავარ. საქმეებს შორის ვცდილობ, მასალა დავაკონსპექტო, დღეს კოლოკვიუმი მაქვს.

ოპერის გაჩერებიდან უნივერსიტეტამდე ავტობუსს დაახლოებით ათი წუთი სჭირდება, თუმცა ტრადიციული თბილისური საცობების გამო, რომელიც შიგადაშიგ სატრანსპორტო კოლაფსში გადაიზრდება ხოლმე, შეჩვეული ვარ, რომ უფრო დიდხანს მიწევს გზაში ყოფნა. ერთხელ ფეხითაც კი მომიწია წასვლა. დღეს სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, რომ სამარშრუტო ტაქსი ყოველგვარი საცობების გარეშე მივიდა დანიშნულების ადგილას.

დღე ისე ვერ დამთავრდებოდა, რამე არ „დამეკუბა“. კუბი (Coub) ჩემი დიდი ჰობია და ჩემს გვერდს 300 ათასზე მეტი ნახვა აქვს. ასევე გამოვიყენებ „თავისუფლების დღიურების“ შესაძლებლობას და უფასო აპოლიტიკურ რეკლამას გავუწვევ პროექტებს „ქართული პოლიტიკის 50 კუბი“, რომელიც მე და ლევან ლორთქიფანიძემ გავაკეთეთ და, ასევე, „50 კუბი 8 ოქტომბერზე“, რომელიც მე, ლევანმა და ქართული კუბის სამყაროს ამომავალმა ვარსკვლავმა გოჩა ლობჟანიძემ შევადგინეთ. დღეს საღამოს სწორედ გოჩამ გააკეთა კუბი სახელად „რეზო ამაშუკელი ემუქრება გიორგი ხატიაშვილს“. საერთოდ, ქართულ კუბში რეზო ამაშუკელს განსაკუთრებული ადგილი უკავია სხარტი და ენაკვიმატი გამონათქვამების გამო.

15 ნოემბერი, სამშაბათი

ეს კვირა კოლოკვიუმების კვირაა. დღეს ევროპის ისტორიაში მქონდა შუალედური გამოცდა. თემა ვერსალის და სევრის ზავებზე მოვიდა. ორივე ხელშეკრულება გადამწყვეტი გამოდგა დღევანდელი ევროპის პოლიტიკური რუკის ფორმირებისთვის. რეაქციამ სევრის ხელშეკრულებაზე, რომელიც ოსმალეთის იმპერიის დანაწევრებას ითვალისწინებდა, ხოლო თავად თურქეთს მხოლოდ ცენტრალურ ანატოლიას უტოვებდა, და მის საწინააღმდეგოდ წარმოებულმა ომმა შექმნა თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკა – იმ საზღვრებში, რომელშიც ჩვენ მას ვიცნობთ. ვერსალის ხელშეკრულებას უფრო რთული ბედი აღმოაჩნდა. ერთი მხრივ მას უნდა „დაესაჯა“ და გაენეიტრალებინა გერმანია, როგორც სამხედრო საფრთხე ევროპისთვის, ხოლო მეორე მხრივ დიდი ბრიტანეთი და აშშ შიშობდნენ, რომ საფრანგეთის მიერ მოთხოვნილი ზედმეტად მკაცრი ზომები გერმანიის უკურეაქციას გამოიწვევდა და ცდილობდნენ, უფრო შემსუბუქებული სანქციები მიეღოთ. საბოლოოდ ვერსალის ზავმა გერმანიის შეკავება ვერ უზრუნველყო, ხოლო გერმანელ ხალხს გაუჩინა დამცირების გრძნობა, რომელიც კარგად გამოიყენა ჰიტლერმა.

კოლოკვიუმიდან გამოსულს, ძველი ნაცნობი „მეჟდუნაროდნიკი“ შემხვდა (ასე ვეძახი ყველას, ვინც თსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულება დაამთავრა). გავიგე სასიამოვნო ამბავი: დასრულდა ბილ კლინტონის ადმინისტრაციის მემარცხენე ფლანგის წარმომადგენლისა და შრომის მაშინდელი მინისტრის, რობერტ რაიკის წიგნის – Saving Capitalism: For the Many, Not the Few – ქართულად თარგმნა. გამახსენდა ჩემი ხუმრობანარევი ლოზუნგები სახალხო კაპიტალიზმის სტილში: „ყველა მიწათმფლობელი, ყველა მეანაბრე, ყველა მესაკუთრე“, რაც საერთო ჯამში გულისხმობს კეთილდღეობის მოსახლეობის ფართო მასებზე გავრცელებას და მქონებელთა დიდი ფენის ჩამოყალიბებას. ოღონდ ეს შესაძლებელია მხოლოდ რეგულირებადი საბაზრო კაპიტალიზმის პირობებში, მყარი სოციალური გარანტიებით და არა ჯუნგლის კანონებით მართული ეკონომიკური სისტემის პირობებში. ფრანკლინ რუზველტმა ეს დაამტკიცა 30-იან წლებში, როდესაც გადაარჩინა ამერიკული კაპიტალიზმი სწორედაც რომ კერძო სექტორში სახელმწიფოს ინტერვენციით.

16 ნოემბერი, ოთხშაბათი

თბილისში უამინდობა დაიწყო. თუ amindi.ge-ს ვენდობით, ყინვისა და წვიმის მონაცვლეობა დეკემბრის შუა რიცხვებამდე გასტანს. უმზეობა ადამიანებზე ძალიან მოქმედებს. სამსახურშიც ყველა შეწუხებულია, ოთხ საათზე უკვე დაბნელდა.

თუ პროფესიით არა, მოწოდებით ნამდვილად ამერიკანისტი ვარ. შესაბამისად, როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება, ამერიკის პრესას ვეცნობი. წაკითხულ სტატიებში ორი კითხვა იკვეთება: შეძლებს თუ არა დემოკრატი სენატორების 48-კაციანი უმცირესობა, წინ აღუდგეს ტრამპის პროგრამის განხორცილებას (შანსები დაბალია, 2018 წელს ათ დემოკრატ სენატორს უწევს არჩევნები იმ შტატებში, სადაც ტრამპმა მოიგო)? და რა მოხდება ამერიკის უზენაესი სასამართლოს მეცხრე მოსამართლესთან დაკავშირებით? თებერვლიდან მოყოლებული, ადგილი ვაკანტურია, თუმცა რესპუბლიკელებმა უპრეცედენტო ობსტრუქცია მოაწყვეს და პრეზიდენტ ობამას წარდგენილ კანდიდატს საკომიტეტო მოსმენაც არ აღირსეს. ახლა ვაკანტურ ადგილს ტრამპი შეავსებს.

საღამოს პრეზენტაცია მაქვს თემაზე: „პოლიტიკური კრიზისი და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დამხობა“. ჩემი სამაგისტრო პროგრამა ინგლისურენოვანია და, შესაბამისად, მასალებიც ინგლისურადაა. თუმცა, საკითხის მომზადებისას, მიჩნდება კითხვა: 80-იანი წლების ბოლო და 90-იანების დასაწყისი ერთ-ერთი ყველაზე რთული, დაძაბული და, თანაც, საინტერესო ეპოქაა საქართველოს ისტორიაში. თუმცა ამ საკითხების ფუნდამენტურ შესწავლას ქართველი მეცნიერები არ ცდილობენ (ან ცდილობენ და მე არ ვიცი).

საღამოს ჩემი თავით კმაყოფილი ვარ: ჰილარი კლინტონის ცეკვას ქურთი სარეს სიმღერა დავადე სპექტაკლიდან „ეზოში ავი ძაღლია“. მგონი, კარგი კუბი გამომივიდა.

17 ნოემბერი, ხუთშაბათი

შუალედური გამოცდა მაქვს საგარეო პოლიტიკის ანალიზში. ერთ-ერთი საკითხი ლიბერალურ დემოკრატიებს და დემოკრატიის გავრცელებას ეხება: რა უნდა მოიმოქმედონ ლიბერალურმა დემოკრატიებმა? „გამაგრდნენ“, ჩაიკეტონ და არალიბერალური სახელმწიფოები ბლოკების მეშვეობით დააბალანსონ, თუ დიპლომატიის მეშვეობით აქტიურად დაუჭირონ მხარი დემოკრატიის გავრცელებას? კითხვაზე საპასუხოდ, მთელი ჩემი საგრეოპოლიტიკური „სიბრძნე“ ვაფრქვიე. უკანასკნელმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ლიბერალურ დემოკრატიებს საფრთხე არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდანაც ემუქრებათ. ასეთ პირობებში ჩაკეტვა და იზოლაციონიზმი დამღუპველია. დიქტატურისა და ავტორიტარიზმის პირობებში მცხოვრები ხალხების მიტოვება არა მარტო უპრინციპო და ამორალურია, არამედ, როგორც ისტორიამ არაერთხელ გვიჩვენა, არალიბერალური რეჟიმებისა და ძალთა ბალანსის მოჩვენებითი სტაბილურობა ხშირად მთავრდება მსოფლიო მასშტაბის კატასტროფებით, რომლებიც უკვე ლიბერალურ ქვეყნებს არყევს. ამიტომ წმინდა ეგოისტური და პრაქტიკული პერსპექტივიდანაც შეიძლება, მხარი დაუჭირო ლიბერალური სარტყლის გაფართოებას. პროაქტიკული, ინტერნაციონალისტური და ინტერვენციონისტური საგარეო პოლიტიკა – ესაა, როგორც რეზო ამაშუკელი იტყვის, „ჩემი ნიშა“.

კოლოკვიუმის შემდეგ ახალი ამბების გასაგებად „აუდიტორია 115“-ში შევიარე. ორჯერ იყო უნივერსიტეტი ცხელი პოლიტიკური კერა: ერთხელ 2012 წლის სექტემბერში, მეორედ – 2016 წლის მარტში. ორივე შემთხვევაში მომიწია მოვლენებზე ამერიკიდან დაკვირვება. ამიტომ ახლა მაინც ვცდილობ, მოვლენების ეპიცენტრში თუ არა, პერიფერიაზე მაინც ვიყო. ჯერ კიდევ ბაკალავრიატში სწავლისას, თსუ-ს პირველი კორპუსის ბაღში შეკრებებსა და საუბრებს„ალტერნატიული აკადემია“ დავარქვით. თუ უნივერსიტეტი არის რეალური აკადემია, თსუ-ს ბაღში არანაკლებ მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი საკითხები განიხილებოდა, დაწყებული თურქეთის შიდა პოლიტიკით, დამთავრებული პირველი რესპუბლიკით.

18 ნოემბერი, პარასკევი

დილით წავიკითხე, რომ ტრამპმა სახელმწიფო მდივნად შეიძლება მიტ რომნი დანიშნოს. იმ კანდიდატთაგან, რომლებიც ამ თანამდებობაზე მოიაზრებიან, ეს ერთ-ერთი ყველაზე ნორმალური ვარიანტია. რომნი ზომიერი რესპუბლიკელია (გადაშენების ზღვარზე მყოფი, წითელ წიგნში შესატანი სახეობა). 2012 წლის საპრეზიდენტო დებატებისას, როდესაც ობამამ რომნი დაადანაშაულა, რომ ის „ცივი ომის“ ჩარჩოებში აზროვნებდა, რომნიმ უპასუხა, რომ ის არ აპირებს რუსეთისა და პუტინისთვის ვარდისფერი სათვალით ყურებას, და რომ, თუ მას აირჩევდნენ, ის მტკიცედ დადგებოდა რუსეთის წინააღმდეგ. დღეს, როდესაც ამერიკის მომავალი პრეზიდენტი შემჩნეულია პუტინთან ფლირტში, ტრამპის მხრიდან ეს შეიძლება ერთგვარი დამბალანსებელი ნაბიჯი იყოს.

მე-9 მოწვევის პარლამენტი ქუთაისში იკრიბება. სამწუხაროდ, იმ პარტიამ, რომელსაც ვგულშემატკივრობდი და ხმაც მივეცი, არათუ ბარიერი ვერ გადალახა, არამედ მთელ 1.55%-ს, ანუ 27 264 კაცს, გული გვატკინა იმით, რომ დაიშალა და ამჟამად კოლაფსის პირასაა. ამ პარტიის მოსახელე პარტიამ ამერიკაში გამარჯვება მოიპოვა, თუმცა იქ მე დემოკრატიულ პარტიას და ჰილარი კლინტონს ვგულშემატკივრობდი. შესაბამისად, ოქტომბერ-ნოემბერი პოლიტიკური იმედგაცრუების პერიოდია. დროა, საკუთარი პარტია შევქმნა. დასახელებად ორი ვარიანტი მაქვს მოფიქრებული: „საქართველოს ინტელიგენტთა და ინტელექტუალთა კავშირი“ ან „საქართველოს მიწათმფლობელთა ლიბერალური ალიანსი“. ეს ისე, ხუმრობით.

ფეისბუკზე პარლამენტის პირველი სხდომის სურათებს ვათვალიერებ. ჩემი ყურადღება ერთმა ფოტომ მიიპყრო. მასზე აღბეჭდილია, თუ როგორ ესწრება მთელი დიპლომატიური კორპუსი საზეიმო სესიას. ყველას, რა თქმა უნდა, ყურსასმენი უკეთია ქართულიდან თარგმანის მოსმენად. გამონაკლისია ვანში დაბადებული შაბთაი ცური, ისრაელის ელჩი საქართველოში. საერთოდ, ისრაელი ჩემთვის განყენებული ქვეყანაა არაა. ამ სახელმწიფოსადმი მაქვს როგორც პროფესიული, ისე ზოგადი ინტერესი. ყველაფერს ვეცნობი ისრაელის შესახებ: დაწყებული პოლიტიკური ამბებით, დამთავრებული ისტორიით, კულტურითა და ლინგვისტიკით. როგორც ბიძინა ივანიშვილმა ისრაელის აწ განსვენებულ პრეზიდენტს, შიმონ პერესს უთხრა დავოსში, „ისრაელი ჩემი საყვარელი სამშობლოა“.

19 ნოემბერი, შაბათი

„თავისუფლების დღიურების“ წერის ბოლო დღეა. პირველ საათზე ლექცია მაქვს და მერე პირდაპირ რადიო თავისუფლებაში უნდა გავიქცე. შესაბამისად, ვცდილობ, დილიდან ამ საქმეს ჩავუჯდე. ვარედაქტირებ ძველ თავებს, დავამთავრე პარასკევი დღის აღწერა.

„თავისუფლების დღიურების“ 2015 წლის გამოცემაში ადვოკატ სოსო ბარათაშვილის ასეთ ფრაზას წავაწყდი: „საჯაროდ წასაკითხი დღიურის წერა მთლად ჩვეულებრივი ამბავი არ უნდა იყოს. თან გულწრფელი მინდა ვიყო, და თან ხალისი არა მაქვს, ჩემი პირადი ცხოვრების ან პროფესიული საქმიანობის დეტალები ფართო საზოგადოების განხილვის საგნად ვაქციო.“ ეს მონაკვეთი ზუსტად აღწერს იმ მიდგომას, რაც მე ამ პროექტისადმი მაქვს. მე არ მსურს პატივცემული მკითხველი ჩემი ცხოვრების ყოვედღიური რუტინის უაზრო დეტალებით გადავღალო.

„თავისუფლების დღიურების“ წერის შანსს ვიყენებ, როგორც შესაძლებლობას, ჩემთვის საჭირბოროტო თემები გავაჟღერო ავტობიოგრაფიული ელემენტების მოხმობით. არის საკითხი, რომელზეც წინა დღეების აღწერისას არ შევჩერებულვარ. ესაა თბილისის მიზანმიმართული კულტურული და ურბანული გენოციდი, რასაც ყოველდღიურად ვაწყდებით ყოველ ფეხის ნაბიჯზე. წერტილოვანი სარაკეტო დარტყმებივით, ქუჩებსა თუ გამზირებზე მიმდინარეობს ძველი სახლების დანგრევა და მათ ადგილას 30-ჯერ უფრო დიდი ზომის ცათამბჯენების წამოჭიმვა, რომლებიც ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. მაგალითისთვის: ილიას უნივერსიტეტის გვერდით 1937 წელს აშენებული სახლი დაანგრიეს და ახლა უზარმაზარ სახლს აშენებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG