Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გირგვლიანის საქმის ხელახალი გამოძიება?


გირგვლიანის საქმის განხილვა სტრასბურგის სასამართლოში
გირგვლიანის საქმის განხილვა სტრასბურგის სასამართლოში
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით არასტანდარტული, გაძლიერებული პროცედურა შეარჩია. საუბარია მოცემულ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს 26 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურაზე, რომელშიც, სავარაუდოდ, უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან. გირგვლიანის ოჯახის ადვოკატის რწმენით, საბოლოოდ, საქართველოს სახელმწიფოს საქმის ხელახალი გამოძიება და რეალური დამნაშავეების დასჯა მოუწევს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, რომელმაც არაერთხელ გამორიცხა საქმის ხელახალი გამოძიების პერსპექტივა.

საქმე, სახელწოდებით ”ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ”, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღმასრულებელმა ორგანომ - ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა - ივლისში დაარეგისტრირა. ოჯახის ადვოკატ დავით ჯანდიერისთვის კი სულ ახლახან გახდა ცნობილი, რომ, საქმის ”კომპლექსურ პრობლემად” დარეგისტრირების საფუძველზე, მინისტრთა კომიტეტმა არასტანდარტული, ანუ გაძლიერებული, პროცედურა შეარჩია.

”ამ პროცედურის მიხედვით, მინისტრთა კომიტეტის ექსპერტები თავად უნდა ჩაერთონ პროცესში და, საქართველოს მთავრობასთან ერთად, მათ უნდა შეიმუშაონ ის ღონისძიებები, რომელთა გატარებაც აუცილებელია იმისათვის, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებულად ჩაითვალოს.”

ადვოკატი დავით ჯანდიერი ამბობს, რომ არასტანდარტული პროცედურის შერჩევით ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს სახელმწიფოს სტრასბურგის სასამართლოს 26 აპრილის განაჩენში ასახული ყველა დარღვევის აღმოფხვრის აუცილებლობა შეახსენა.

აქვე გავიხსენოთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლოს 26 აპრილის გადაწყვეტილების მიხედვით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამოძიებას "აშკარად აკლდა საჭირო დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და საფუძვლიანობა“. გადაწყვეტილებაში ასევე ვკითხულობთ, რომ "სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებით, რომელსაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მიმართავდნენ”, რათა ”ამ საზარელი მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“.

ადამიანის უფლებათა დამცველები აღმაშფოთებლად მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ ევროპული კონვენციის მთელი რიგი მოთხოვნების დარღვევათა დადგენის მიუხედავად, სტრასბურგის სასამართლოს 26 აპრილის განაჩენში საქართველოს სახელმწიფომ მხოლოდ ფულადი კომპენსაციის აუცილებლობა ამოიკითხა. გავიხსენოთ, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინათინ ბურჯალიანმა არაერთხელ განმარტა, რომ სახელმწიფოს ერთადერთ ვალდებულებას სწორედ ფულადი კომპენსაცია წარმოადგენდა.

”ჩვენი მხრიდან გამორიცხულია გამოძიების ხელახლა დაწყება. სასამართლოს ჩვენთვის ეს არ დაუვალებია და ჯერჯერობით არავის არ დაუვალებია ეს. ჩვენ დაგვავალეს თანხის გადახდა და თანხა გადავიხადეთ”, - ეს არის თინათინ ბურჯალიანის მიერ ტელეეთერით ოქტომბერში გაკეთებული კომენტარის ფრაგმენტი და განსხვავებული ხედვა იუსტიციის სამინისტროს არც მას შემდეგ გამოუვლენია.

მართალია, სტრასბურგის სასამართლოს 26 აპრილის გადაწყვეტილებაში არ დევს საქმის ხელახლა გამოძიების პირდაპირი დირექტივა, მაგრამ ადამიანის უფლებათა დამცველები შეგვახსენებენ, რომ სტრასბურგის სასამართლომ ”მოსარჩელის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სახელმწიფოს 50 000 ევროს გადახდა” სწორედ იმიტომ დაავალა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო ჩაეტარებინა გამოძიება, რომელიც სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების შესახებ ”სრული სიმართლის გამოაშკარავებას შეძლებდა და რომელსაც ყველა პასუხისმგებელი პირის ადეკვატური დასჯა მოჰყვებოდა.“

იმ დროისთვის, როცა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის განაჩენის აღსრულების არასტანდარტული პროცედურა შეარჩია, საქართველოს სახელმწიფოს კომპენსაციის სახით 50 ათასი ევრო უკვე გადახდილი ჰქონდა სანდრო გირგვლიანის ოჯახის ერთადერთი წარმომადგენლისთვის - მისი მამის, გურამ გირგვლიანისთვის. შესაბამისად, სახელმწიფოს ეს ქმედება საკმარისად რომ ჩათვლილიყო, ადვოკატ ჯანდიერის განმარტებით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი სტანდარტულ, ანუ მარტივ, პროცედურას მიმართავდა და, შესაბამისად, პროცესიც დაიხურებოდა.

იმის გამო, რომ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს განაჩენის აღსრულების არასტანდარტულ პროცედურას მიმართა, ადვოკატი დავით ჯანდიერი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობას აუცილებლად მოუწევს პოზიციების გადახედვა და, საბოლოო ჯამში, ადრე თუ გვიან აუცილებელი გახდება საქმის ხელახალი გამოძიება და რეალური დამნაშავეების დასჯა.

მართალია, პროცესს შესაძლოა წლებიც დასჭირდეს, მაგრამ საბოლოოდ ეს ყველაფერი სწორედ ასე რომ იქნება, ამაში ეჭვი არც ლია მუხაშავრიას ეპარება, ადვოკატს, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოსთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს:

”გაძლიერებული პროცედურა გულისხმობს სახელმწიფოს იძულებას, რომ მან აღასრულოს სტრასბურგის სასამართლოს განაჩენში ასახული ყველა ვალდებულება. აქ, პირველ რიგში, იგულისხმება ხელახალი გამოძიების ევროსაბჭოს სტანდარტებით ჩატარების ვალდებულება. ვფიქრობ, რომ ამისათვის გამოყენებული იქნება ყველა საშუალება - სამართლებრივი თუ დიპლომატიური. ”

მაქსიმუმ 9-თვიანი ვადის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებელი კონკრეტული წინადადებების შესამუშავებლად საქართველოს სახელმწიფოს დრო მომავალი წლის აპრილამდე აქვს. თუმცა მიმდინარეობს თუ არა მუშაობა კონკრეტული გეგმის შესამუშავებლად, ამის გარკვევა რადიო თავისუფლებამ იუსტიციის სამინისტროში ვერ მოახერხა. მოთხოვნის შესაბამისად, შეკითხვები წერილობით გავუგზავნეთ სამინისტროს პრესსამსახურს, თუმცა საბოლოოდ მივიღეთ ერთადერთი პასუხი, რომ კომენტარისთვის დრო არც ერთ კომპეტენტურ პირს არ ჰქონდა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG