Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

GWP აბონენტთა ნაწილისთვის გადასახადის არასწორად დარიცხვას აღიარებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) აღიარებს, რომ ტექნიკური და სისტემური ხარვეზების გამო მომხმარებელთა ნაწილს დავალიანება არასწორად დაერიცხა. კომპანია ბოდიშს იხდის და აცხადებს, რომ შეცდომით დარიცხული თანხები დაკორექტირდება.

7 სექტემბერს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკი) განაცხადეს, რომ ბოლო დღეებში GWP-ს მიერ აბონენტებისთვის მასობრივად დარიცხული მაღალი თანხების შესწავლა დაიწყო.

სემეკის ცნობით, კომისიაში მომხმარებლებისგან არაერთი განცხადება შევიდა და თითოეული შემთხვევის მოკვლევა ინდივიდუალურად მიმდინარეობს.

„თუ შესწავლის შედეგად დადასტურდება, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ ქსელზე მიერთების საფასურის დარიცხვა განხორციელდა უკვე მოქმედ აბონენტებზე, რაც არ შეესაბამება სემეკის რეგულაციებსა და წესებს, მომხმარებლებს აღნიშნული დარიცხვები ჩამოეწერებათ - გარდა სასმელი წყლისა და წყალარინების ქსელებზე თვითნებური მიერთებების შემთხვევებისა“, - აცხადებენ სემეკში.

კომისიის ცნობით, თუ მოკვლევით დადასტურდება, რომ აბონენტებს თანხები მასობრივად და უსაფუძვლოდ დაერიცხათ, GWP-ს მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული „მკაცრი რეაგირების მექანიზმები“ იქნება გამოყენებული.

სემეკი განმარტავს, რომ ეს არ შეეხება იმ მომხმარებლებს, რომლებიც მომსახურების საფასურს არ იხდიან ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ წესებს არღვევენ.

აბონენტთა ნაწილმა მაღალი დარიცხვების შესახებ სოციალურ ქსელებშიც დაწერა. საუბარია, მათ შორის, 1500-1600 ლარის ოდენობის თანხებზე. მათი თქმით, კომპანიაში განმარტავდნენ, რომ ეს „კანალიზაციის საფასურია“.

რას ამბობს GWP

GWP-ს ცნობით, 2026 წლის აგვისტოში კომპანიამ წყალარინების (კანალიზაციის) ქსელზე არსებული დაურეგისტრირებელი მიერთებების აღრიცხვისა და მოწესრიგების პროცესი განახორციელა.

„მონაცემთა დამუშავების პროცესში გამოვლინდა ტექნიკური და სისტემური ხარვეზები, რის შედეგადაც დაფიქსირდა ცდომილებები და რიგ აბონენტებს არასწორად დაერიცხათ დავალიანება. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აღიარებს დაშვებულ შეცდომას, მუშაობს ხარვეზის გამოსასწორებლად და ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი ვითარებისთვის“, - აცხადებენ კომპანიაში.

GWP-ს ცნობით, შესაბამისი სამსახურები თითოეული აბონენტის შემთხვევას ინდივიდუალურად განიხილავენ.

„მომხმარებლებს, რომელთაც დავალიანება შეცდომით დაერიცხათ, ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) სახით 10 სექტემბერს, დღის ბოლომდე მიეწოდებათ და არასწორად დარიცხული თანხები დაუკორექტირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აბონენტებს შეუძლიათ მიმართონ GWP-ის ცხელ ხაზსა და სერვისცენტრებს“, - აცხადებენ კომპანიაში.

  • 2022 წლიდან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 80%-იანი წილის მფლობელია ესპანური კომპანია Aqualia, ხოლო 20%-ს საინვესტიციო ჰოლდინგი „საქართველოს კაპიტალი“ ფლობს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG