Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მაჭახელა ჰესს“ ხელისუფლებამ გაუგრძელა ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადა


მაჭახელის ხეობა
მაჭახელის ხეობა

საქართველოს მთავრობამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე მაჭახელზე, ჰესის მშენებელ კომპანიას 2 წლით ისევ გაუგრძელა ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების ვადა, რაც იმას გულისხმობს, რომ კომპანია „მაჭახელა ჰეს 1“-ს პირველადი პროექტისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის წარდგენის ვადად 2019 წლის 1 დეკემბერი განესაზღვრა. აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება კომპანია „მაჭახელა ჰესს“ 2017 წლის 1 დეკემბრამდე ჰქონდა, მაგრამ კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოს მთავრობას გაფორმებული მემორანდუმით მიმართეს ნაკისრი ვალდებულების 24 თვით გადაწევის შესახებ და თანხმობა მიიღეს, მიუხედავად იმისა, რომ, ამავე მემორანდუმის მიხედვით, საქართველოს მთავრობას შეეძლო უარი ეთქვა კომპანიისთვის დაკისრებული მოთხოვნების შეუსრულებლობის მიზეზით. „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში” რადიო თავისუფლების კითხვებს მხოლოდ წერილობით უპასუხეს: „ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მემორანდუმში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებითო“.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და შპს „მაჭახელა ჰესს“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი 2014 წლის 24 ივლისს გაფორმდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდინარე მაჭახელზე ორი ჰიდროელექტროსადგურის - „მაჭახელა ჰეს 1“-ისა და „მაჭახელა ჰეს 2“-ის - მშენებლობის შესახებ. ამავე დროს, კომპანიამ ვალდებულებად აიღო პირველადი პროექტისა და მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადება. ცვლილებები, რომელთა მიხედვით, „მაჭახელა ჰეს 2“ ამ ტერიტორიაზე არსებული ეროვნული პარკის საზღვრებში აღმოჩნდა, რის გამოც კომპანიამ საპროექტო გეგმა სწორედ პარკს უნდა მიუსადაგოს, მემორანდუმში თავდაპირველად 2016 წელს შევიდა. ორივე ჰიდროეელქტროსადგურის ჯამური სიმძლავრე 49 მგვტ-ით, მისი მაქსიმალური სიმაღლე კი 360 მეტრით განისაზღვრა.

მაჭახელის ხეობა
მაჭახელის ხეობა

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ ჰესის მშენებელი კომპანია აპირებს 80 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია განახორციელოს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „მაჭახელა ჰესი“ დარეგისტრირებულია თბილისში 2012 წლის 11 მარტს და მისი 100 % წილის მფლობელი „სილქ როუდ გრუპია“.

მაჭახელის ხეობაში მცხოვრები მოქალაქეები ამბობენ, რომ მდინარეზე ჰესების მშენებლობის შესახებ პირველად 2010 წელს გაიგეს, რასაც ადგილობრივთა ნაწილის პროტესტი მოჰყვა. სოფელ ქვედა ქოქოლეთში მცხოვრები მალხაზ ქოქოლაძე ამბობს, რომ ამის შემდეგ ხელისუფლება შეიცვალა, თუმცა, მისივე თქმით, უცვლელი დარჩა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის იდეა:

„ამ საქმეზე მე 6 წელი ვიბრძოლე, ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს. ახლაც მონდომებულნი არიან, რომ ააშენონ ჰესები. მოდიან... გუშინაც იყვნენ მოსულები... ეს არის ხეობისთვის დამღუპველი. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. დიდი ბრძოლა გვქონდა ამის წინააღმდეგ, მაგრამ არავითარი რეაგირება არაა“.

მაჭახელის ხეობა
მაჭახელის ხეობა

მაჭახელის ხეობაში მცხოვრებთა პროტესტმა შედეგი გამოიღო და პროექტი შეიცვალა, - აცხადებს ხეობის მკვიდრი როინ მალაყმაძე, თუმცა, მიუხედავად ცვლილებებისა, ის ხეობაში ჰესის აშენების წინააღმდეგია:

„გადაწყვეტილება და პროექტის დაგეგმვა არ იყო შეთანხმებული ადგილობრივ მოსახლეობასთან. და ეს იყო ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილება. გამჭვირვალობა არ ახლდა ამ პროცესს და ამიტომ მოსახლეობას ბევრი კითხვა გააჩნდა და ეს კითხვები ამ ეტაპზეც აქვთ. ახლა აღმოვაჩინეთ, რომ პროექტი შეცვლილია და ამ კომპანიის მესაკუთრეც. პროექტის მიხედვით, გვირაბის ნაცვლად კეთდება კაშხალური ტიპის ორი ჰესი. სახელმწიფო თავად უნდა ზრუნავდეს მატერიალურ და არამატერიალურ კულტურაზეც, რომელიც ამ ხეობაშია შემორჩენილი“.

ჩვენ ამის მომხრე ვართ, რომ ჩვენთან განვითარდეს ტურიზმი. უფრო შემოსავლიანია. ბუნებაც შენარჩუნებული იქნება და ხალხიც კმაყოფილი იქნება. ჩვენთან შემოსულ ტურისტს რა აინტერესებს? - მდინარე, ბუნება და ჰაერი...
თეიმურაზ ზურაძე

მაჭახელის ხეობა ზღვის დონიდან 600 მ სიმაღლეზე მდებარეობს და ის, აქ შემონახული ეთნოგრაფიული ნიმუშებისა და ისტორიის გამო, ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია ტურისტებისთვის. მაჭახელის ხეობას საქართველო-თურქეთის საზღვარი ორად ყოფს. ზედა მაჭახელი თურქეთის შემადგენლობაშია, ქვედა კი, რომელიც ათზე მეტ სოფელს აერთიანებს, - საქართველოში. ხეობის ნაწილს ეროვნული პარკის სტატუსი აქვს. მაჭახელის ხეობამ მაღალმთიანი დასახლების სტატუსი გასულ წელს მიიღო, რის შემდეგაც ადგილობრივები გარკვეული შეღავათებით სარგებლობენ. მათ შორისაა სოფელ ჩიქუნეთში მცხოვრები თეიმურაზ ზურაძე, რომელიც ამბობს, რომ ხელისუფლებამ ერთი კარგი საქმით მეორე არ უნდა გააფუჭოს და ტურიზმის განვითარებას ხელი უნდა შეუწყოს:

„ჰესი რომ აშენდება, დიდი ოდენობით წყალს რომ დააგუბებენ და მდინარეს იერსახეს შეუცვლიან, ეს ხომ კლიმატზეც იმოქმედებს, აქ ორი აზრი არ არსებობს. საერთოდ, ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი და მნიშვნელოვანია ხელუხლებელი ბუნება. ჩვენ ამის მომხრე ვართ, რომ ჩვენთან განვითარდეს ტურიზმი. უფრო შემოსავლიანია. ბუნებაც შენარჩუნებული იქნება და ხალხიც კმაყოფილი იქნება. ჩვენთან შემოსულ ტურისტს რა აინტერესებს? - მდინარე, ბუნება და ჰაერი“.

მაჭახელის ხეობა
მაჭახელის ხეობა

ტურისტების დაინტერესებისთვის 2015 წელს საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, პროექტის „გაიცანი საქართველო“ ფარგლებში, მაჭახელის ხეობაში მედიატურს უმასპინძლა და მოგზაურებს ხეობაში ჩამოსვლა ურჩია უნიკალური ბუნების, გამორჩეული კულინარიისა და ისტორიის გასაცნობად.

პარალელურად, ენერგეტიკის სამინისტროს მიერ ჰესის მშენებელ ინვესტორთან გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, კვლევებისა და წარდგენილი დოკუმენტების განხილვის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, გასცეს თუ არა მდინარე მაჭახელზე კასკადური ჰესების მშენებლობის ნებართვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG