Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩავესი მავზოლეუმში გადაინაცვლებს


ვენესუელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის უგო ჩავესის ცხედარს ”ლენინის მსგავსად” შეინახავენ და შუშის აკლდამაში დაასვენებენ. ჩავესის სახელმწიფო პანაშვიდი დღეს ტარდება და მას ათობით სახელმწიფოს ლიდერი - მათ შორის, ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი და ბელორუსიის ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო - დაესწრება. სოციალისტი უგო ჩავესი ვენესუელას 14 წლის განმავლობაში მართავდა.

სოციალისტი უგი ჩავესი ვენესუელას 14 წლის განმავლობაში მართავდა. იგი 58 წლის ასაკში, კიბოთი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 5 მარტს გარდაიცვალა. ქვეყნის ლიდერის გარდაცვალების გამო, ქვეყანაში თავდაპირველად ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა, თუმცა, როგორც ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ხუთშაბათს განაცხადა, სამხედრო აკადემიის შენობაში ხალხს კიდევ ერთი კვირის განმავლობაში ექნება საშუალება ლიდერთან გამოთხოვებისა, ამის შემდეგ კი უგო ჩავესის ბალზამირებულ ცხედარს მავზოლეუმში მოათავსებენ:

„მინდა ვუთხრა ჩვენს ხალხსა და მთელ მსოფლიოს: გადავწყვიტეთ, რომ კომანდანტეს ცხედარს ჩაუტარდეს ბალზამირება, რათა იგი სამუდამოდ დარჩეს მუზეუმში ხალხის საჩვენებლად, ჰო ში მინის, ლენინისა და მაო ძედუნის მსგავსად. ჩვენი მთავარსარდლის ცხედარი რევოლუციის მუზეუმში ბალზამირდება იმგვარად, რომ ის მოთავსდეს შუშის აკლდამაში და ჩვენმა ხალხმა მარად და მარად შეძლოს მისი ხილვა.“

ამ დროისათვის მავზოლეუმებში განისვენებენ შემდეგი ლიდერები: საბჭოთა კავშირის დამაარსებელი ვლადიმერ ლენინი, ვიეტნამის რევოლუციონერი ლიდერი ჰო ში მინი, კომუნისტური ჩინეთის ბელადი მაო ძედუნი და ჩრდილოეთ კორეის მამა-შვილი მმართველები კიმ ირ სენი და კიმ ჩენ ირი.

პრეზიდენტის მოვალეობას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომლის დანიშვნის ვადა ჯერჯერობით უცნობია, ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლას მადურო შეასრულებს. როგორც გარდამავალი პრეზიდენტი, მადურო ფიცს პარასკევს დადებს.

აშშ, რომელსაც რთული ურთიერთობა ჰქონდა ვენესუელასთან, ჩავესის გამოსათხოვარ ცერემონიაზე საგანგებო რწმუნებულის სახით იქნება წარმოდგენილი. ვენესუელაში ჩასვლას გეგმავენ ასევე კონგრესმენი ნიუ იორკიდან გრიგორი მიკსი და ყოფილი კანონმდებელი მასაჩუსეტსიდან ბილ დელაჰუნტი.

როგორც აშშ-ის ხშირმა კრიტიკოსმა, უგო ჩავესმა გააძლიერა კავშირები რუსეთთან, ირანსა და ბელორუსიასთან.

ჩავესის მთავრობამ დიდი რაოდენობით იარაღი შეიძინა რუსეთისგან და მოსკოვთან ხელი მოაწერა შეთანხმებას სანავთობო სფეროშიც. როგორც ზემოთ ითქვა, პარასკევს ჩავესის სახელმწიფო პანაშვიდს ათობით სახელმწიფოს ლიდერი - მათ შორის, ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი და ბელორუსიის ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო - დაესწრება.

უგო ჩავესი, რომელიც ვენესუელას 14 წლის განმავლობაში ერთპიროვნულად მართავდა, დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა ქვეყნის ღარიბ მოსახლეობაში. ამის მიზეზი იყო ის, რომ ვენესუელის მთავრობა ნავთობის ექსპორტით მიღებული შემოსავლის დიდი ნაწილს ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების პროგრამებზე ხარჯავდა.

უფლებადამცველები და ოპოზიცია კი აკრიტიკებდა ჩავესს რეპრესიული რეჟიმის, განსხვავებული აზრისა და მედიის დევნის გამო. ჩავესის მმართველობის დროს განხორციელებული ბუნებრივი რესურსებისა და წარმოების ნაციონალიზაციის მიზეზით, ბევრმა კერძო მესაკუთრემ დაკარგა ქონება, ხოლო ქვეყანაში შემცირდა ინვესტიციები, გაიზარდა კორუფცია და იმატა მაღალი რანგის მოხელეთა მიერ ჩადენილ დანაშაულებათა რიცხვმა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG