Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IBSU-ს პირველკურსელთა დაბრუნების რეალური იმედი გაუჩნდა


შავი ზღვის უნივერსიტეტის საპროტესტო აქცია კანცელარიასთან. აგვისტო, 2018 წ.
შავი ზღვის უნივერსიტეტის საპროტესტო აქცია კანცელარიასთან. აგვისტო, 2018 წ.

„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა“ და სახელმწიფოს შორის საგადასახადო დავა შეწყდა. 22 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე, ცნობილი გახდა, რომ შემოსავლების სამსახურმა სარჩელი უკან გაიწვია. სარჩელის უკან გატანისა და საგადასახადო დავის შეწყვეტის შემდეგ IBSU-ს ქონებას ყადაღა ავტომატურად მოეხსნა.

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის უნივერსიტეტს პირველკურსელთა მიღების უფლება ერთი წლის ვადით, 2019 წლის 20 აგვისტომდე, შეუზღუდა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებით, შეზღუდვა იმ ფინანსურ პრობლემებს უკავშირდებოდა, რომელთა წინაშეც შავი ზღვის უნივერსიტეტი იდგა და რაც მათი აზრით, სასწავლო პროცესს სერიოზულ რისკებს შეუქმნიდა. იმ დღეებში, ცენტრი ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში წერდა, რომ უნივერსიტეტს სახელმწიფოს მიმართ ჰქონდა შეუსრულებელი ფინანსური დავალიანება, 735 ათასი ლარის ოდენობით, ასევე, დაყადაღებული უძრავი და მოძრავი ქონება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი გადასახადებისაგან თავის არიდების გამო დაუწესდა.

მარიამ ჩიქოვანი, შავი ზღვის უნივერსიტეტის იურისტი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ შემოსავლების სამსახურის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება კიდევ ერთი საფუძველი უნდა იყოს იმისა, რომ ავტორიზაციის საბჭომ შეცვალოს გადაწყვეტილება და უნივერსიტეტს აღუდგინოს პირველკურსელთა მიღების უფლება: „ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება ჩვენ გავასაჩივრეთ ავტორიზაციის სააპელაციო საბჭოში. 15 ოქტომბერს, სააპელაციო საბჭომ მიიჩნია, რომ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება არ იყო დასაბუთებული და ის ხელახლა განსახილველად დაუბრუნა ავტორიზაციის საბჭოს. ავტორიზაციის საბჭოში სხდომა უნდა გაიმართოს არაუგვიანეს 15 ნოემბრისა. საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად აქვს ათდღიანი ვადა, შესაბამისად, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ნოემბრის ბოლომდე, 25 ნოემბრისთვის, ავტორიზაციის საბჭომ უნდა შეცვალოს გადაწყვეტილება და დაგვიბრუნოს პირველკურსელთა მიღების უფლება“.

თუკი ავტორიზაციის საბჭო გადაწყვეტილებას შავი ზღვის უნივერსიტეტის სასარგებლოდ მიიღებს, მაშინ, არაუგვიანეს 15 დეკემბრისა, სემესტრის ბოლოს, უნივერსიტეტი მიმართავს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რათა სამინისტრომ დაუშვას სტუდენტთა სპეციალური მობილობა. მობილობის შედეგად კი უნივერსიტეტი მოახერხებს იმ პირველკურსელთა დაბრუნებას, რომლებსაც განაცხადში, პირველ სასწავლებლად მონიშნული ჰქონდათ შავი ზღვის უნივერსიტეტი. შავი ზღვის უნივერსიტეტის ინფორმაციით, ასეთი სტუდენტების რაოდენობა 800-მდეა.

თუკი, შავი ზღვის უნივერსიტეტის ორთვიან ბრძოლას გადავავლებთ თვალს, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ 735 000 ლარი, რომელსაც „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ შემოსავლების სამსახური ედავებოდა, IBSU-ს ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ 26 აგვისტოს, ანუ, პირველკურსელთა მიღების შეზღუდვიდან 6 დღეში გადაიხადა. მიუხედავად, გადახდილი სადავო 735 000 ლარისა, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და რექტორი, ილიას ჩილოღლუ აცხადებდნენ, რომ ეს ფაქტი არ ნიშნავდა იმას, რომ უნივერსიტეტი აღიარებდა ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას: „ეს გადაწყვეტილება არის უსამართლო. ჩვენ საბჭოს ყველა ის დოკუმენტაცია წარვუდგინეთ, რომელიც გვქონდა. ასევე ვუთხარით, რომ ჩვენი უნივერსიტეტის აქტივები ამ თანხაზე მეტია და მომავალში თანხის გადახდასთან დაკავშირებით არანაირი საფრთხე არ იქნება. სასამართლო დავა ჯერ კიდევ მიმდინარეობს“, - ამბობდა ილიას ჩილოღლუ 26 აგვისტოს.

შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ორი თვის განმავლობაში, 27 აქცია-პერფორმანსი გამართეს. აქციები იმართებოდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, მთავრობის კანცელარიასთან, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან, იყალთოს აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქციებზე ისინი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვდნენ.

ეჭვები პოლიტიკური და ბიზნესინტერესების სარჩულის შესახებ

20 აგვისტოს, ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთანავე გაჩნდა ეჭვი და მოსაზრებები, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურ მოტივებს უკავშირდებოდა. საქმე ისაა, რომ შავი ზღვის უნივერსიტეტი ამერიკაში მცხოვრებ თურქ სასულიერო პირ ფეტულა გიულენთან დაკავშირებული ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელის სასწავლებლებს შორის ერთ-ერთია. ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს, დემირელის სახელობის სკოლასა და რამდენიმე საშუალო სკოლა-ლიცეუმს მოიცავს. დემირელის სკოლას ავტორიზაცია ზუსტად ერთი წლის წინ, 2017 წლის აგვისტოში, შეუჩერეს. მაშინ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ ავტორიზაციის შეჩერების მიზეზად ორგანიზაციის საქმიანობაში აღმოჩენილი დარღვევები დაასახელა, თუმცა სკოლის დახურვის ფაქტმა მაშინვე გააჩინა ეჭვი, რომ საქართველოს ხელისუფლება თურქეთის ხელისუფლების დაკვეთას ასრულებდა. ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობდა, რომ უბრალო დამთხვევა არ იყო საქართველოში ე.წ. ჩაღლარის საგანმანათლებლო სივრცის ნაწილად მიჩნეული იმ რამდენიმე დაწესებულების დახურვა, რომლებიც თურქეთის ხელისუფლების მიერ ტერორისტად და მტრად შერაცხილი, ამერიკაში მცხოვრები თურქი სასულიერო პირის – ფეტულა გიულენის - სახელთან ასოცირდებოდა.

გარდა ამ ეჭვებისა, შავი ზღვის უნივერსიტეტის ინტერესების დამცველი სოსო ბარათაშვილი ლაპარაკობდა იმ ბიზნესინტერესებზე, რომლის მიხედვითაც გარკვეულ ჯგუფს უნივერსიტეტის ხელში ჩაგდება ჩალის ფასად სურდა: „ჩვენ ვიცით ამ ადამიანების გვარები, არსებობს დოკუმენტებიც ამ ბიზნესინტერესების თაობაზე, თუმცა, ამ ეტაპზე, თავს ვიკავებთ გვარების დასახელებისაგან. გვინდა, რომ ავტორიზაციის საბჭო გონს მოეგოს და შეცვალოს ეს გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერს გავასაჯაროვებთ. მიმდინარეობს უნივერსიტეტის წართმევის პროცესი“, - აცხადებდა 22 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე სოსო ბარათაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG