Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინციდენტი დიცში


სოფელ დიცის რწმუნებულის ზაქარია ვატიტაძის გაღიზიანება და აგრესია მას შემდეგ დაიწყო, რაც სოფელში ჩასულმა ახალგაზრდული ორგანიზაცია „დროას“ წევრებმა საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს და უმოქმედობაში დაადანაშაულეს. მათ თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრებს მოუწოდეს, რომ სოფელში ჩავიდნენ და ადგილზე გაეცნონ შექმნილ ვითარებას. სოფლის რწმუნებული ზაქარია ვატიტაძე, რომელსაც „ქართული ოცნების“ მაისური ეცვა, ახალგაზრდებს გინებით შეხვდა.

სოფელ დიცში ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია „დროას“ წევრები შაბათს ჩავიდნენ და რუსი მესაზღვრეების მიერ ეგრეთ წოდებული საზღვრების გადმოწევის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. ახალგაზრდებმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს ჰიმნი იმღერეს და რუს მესაზღვრეებს მცოცავი ოკუპაციის შეწყვეტა მოსთხოვეს. ახალგაზრდები აცხადებენ, რომ აქციის მოწყობა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს სიმბოლურია, რადგან არ უნდათ, რომ მათმა შვილებმა რუსების მიერ ოკუპირებულ საქართველოში იცხოვრონ. ,,დროას“ წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ქართველი ახალგაზრდები არასდროს შეეგუებიან რუსულ ოკუპაციას.

სოფლის რწმუნებული ზაქარია ვატიტაძე შექმნილ ვითარებაში ყოფილ ხელისუფლებას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ახალგზრდების სოფელში ჩასვლა ვითარებას უფრო ამწვავებს.

რუსმა მესაზღვრეებმა დიცის მინდვრებში ეგრეთ წოდებული საზღვრების გადმოწევის პროცესი თითქმის დაასრულეს, ძელების ჩასმის სამუშაოები დამთავრებულია. დიცელების თქმით, მალე იქ მავთულხლართების გაბმას დაიწყებენ, მავთულხლართების მიღმა კი საძოვრები, სასაფლაო, სახლების ნაწილი, მიწის ნაკვეთები და სარწყავი წყლის სათავე ნაგებობა რჩება.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კონფლიქტის ზონის სოფლების მოსახლეობას ყურადღებას არ მოაკლებენ. გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით სოფლებში დამატებითი ძალების შეყვანა არ გამორიცხა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლის კახა ქემოკლიძის განცხადებით, ეს საკითხი ჯერჯერობით შესწავლის პროცესშია.

საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო რეაქციას ელოდება. ივნისის ბოლოს ეგრეთ წოდებული საზღვრების გადმოწევის საკითხი ჟენევის დისკუსიის ფორმატშიც განიხილება.
XS
SM
MD
LG