Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


მიმდინარე კვირაში უცხოეთის პრესამ, ცხადია, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოს. საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ პუბლიკაციები გამოქვეყნდა „ნიუ იორკ ტაიმსში“, „გარდიანში“, „ფორინ ეფეარსში“, „ეკონომისტში“, „უოლ სტრიტ ჯორნალში“ და სხვა გამოცემებში. გაგაცნობთ რამდენიმე წერილის მოკლე შინაარსს.

28 ოქტომბერს „ნიუ-იორკ ტაიმსში“ გამოქვეყნდა წერილი, სახელწოდებით „საქართველო ახალ პრეზიდენტს ირჩევს, მაგრამ რეალური ძალაუფლება მომავალი პრემიერის ხელში იქნება“. სტატიაში მიმოხილულია საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში შექმნილი დღევანდელი ვითარება. „ბატონი სააკაშვილი ფართოდ იყო დაფასებული საზღვარგარეთ, როგორც ყოფილ საბჭოთა კავშირში დემოკრატიის მთავარი დამცველი. თავისი დინამიკური ხასიათით მან არაერთი თაყვანისმცემელი შეიძინა - მათ შორის, პრეზიდენტები ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუში. მაგრამ შინ მისი პოპულარობა სულ უფრო მეტად მცირდებოდა. მას ბრალად სდებდნენ ადამიანის უფლებების დარღვევის ხელშეწყობას უსაფრთხოების ღიად აგრესიული სამსახურების მეშვეობით ქვეყანაში, რომელსაც დასავლეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიის ბასტიონად მიიჩნევდა. საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“, დამარცხებამ ბოლო წელიწადს სააკაშვილს, პრეზიდენტის რანგში, ოპოზიციური ფიგურის უხერხული როლი მიაკუთვნა. და მაინც, მისმა გადაწყვეტილებამ მიეღო არჩევნების შედეგი და პატივი ეცა კონსტიტუციით განსაზღვრული ორი საპრეზიდენტო ვადისთვის, გამოიწვია ხელისუფლების მშვიდობიანი, დემოკრატიული გადაცემა, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირში იშვიათობას წარმოადგენს“.

27 ოქტომბერს ლონდონში გამომავალ „ინდეპენდენტში“ დაიბეჭდა წერილი, სათაურით „ვითარება ვარდებით მოფენილი არაა მიხეილ სააკაშვილისთვის - საქართველოს ყოფილ ლიდერს შესაძლოა ციხე დაემუქროს“. სტატიაში ვკითხულობთ: „მილიარდერმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, უკვე განაცხადა, რომ ბატონ სააკაშვილს შესაძლოა ‘არაერთი ბრალდება’ წაეყენოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ... პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რადეკ შიკორსკიმ და კარლ ბილდტმა თბილისში ვიზიტისას მთავრობას მოუწოდეს არ მისდიოს ‘შურისძიების პოლიტიკას’. მომავალი გვიჩვენებს, ექნება თუ არა ამას დამამშვიდებელი ეფექტი იმ მწვავე დაპირისპირებაზე, რომლებიც თან სდევდა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს მიღწეულ აშკარა წინსვლას“.

ამავე თემას ეხებოდა 28 ოქტომბერს „ფაინენშლ ტაიმსში“ გამოქვეყნებული წერილი, სათაურით „პრემიერის თქმით, სააკაშვილს, ალბათ, დაკითხავენ“. წერილში ვკითხულობთ: „ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ 2003 წლის ვარდების რევოლუციის ლიდერის დაპატიმრება საფრთხეს შეუქმნის საქართველოს იმედებს უფრო მეტად დაუახლოვდეს დასავლეთს. ამან, შესაძლოა, ქვეყანა კვლავ რუსეთის ორბიტისკენ გადახაროს, რომელთანაც საქართველოს 2008 წელს ომი ჰქონდა, რის გამოც სააკაშვილი საძულველ ფიგურად იქცა. როგორც მისი ახლობლები ამბობენ, ბატონი სააკაშვილი ახლა ფიქრობს, დათანხმდეს თუ არა, თუნდაც ცოტა ხნით, სამსახურის რამდენიმე პოტენციურ შესაძლებლობას აშშ-ში“.

31 ოქტომბერს „ფორინ ეფეარსში“ გამოქვეყნდა კავკასიის საკითხების ცნობილი ექსპერტის ტომ დე ვაალის წერილი, სახელწოდებით „ნახვამდის, სააკაშვილო“. ავტორი ამ წერილში სააკაშვილის მმართველობის პერიოდში პიარის მექანიზმების მნიშვნელოვან როლზე წერს და შეფასებას აძლევს იმ მხარდაჭერას, რომელიც სააკაშვილს აშშ-ის წინა ადმინისტრაციისგან ჰქონდა. „სულ რაღაც ერთი წლის წინ სააკაშვილი დარწმუნებული იყო, რომ ის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებდა და მისი გუნდი ხელისუფლებაში ლამის განუსაზღვრელი ვადით დარჩებოდა. მაგრამ საპარლამენტო არჩევნებზე განცდილმა მარცხმა და მას შემდეგ გავრცელებულმა ცნობებმა მისი მთავრობის მიერ ჩადენილი დარღვევების შესახებ მისი პოპულარობა მნიშვნელოვნად დასცა“, - წერს დე ვაალი და განაგრძობს: „მაგრამ, როგორც ჩანს, სააკაშვილისთვის დასავლეთში პოპულარობის მოპოვება ისევე მნიშვნელოვანი იყო, როგორც პოპულარობის შენარჩუნება შინ. გარკვეული თვალსაზრისით, უფრო საგულისხმო შეკითხვა მდგომარეობს არა იმაში, თუ რატომ დამარცხდა პოპულარობის მოპოვების ეს მცდელობა, არამედ როგორ გაძლო მან ამდენ ხანს. და ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ სააკაშვილის დასავლელ დამხმარე ძალებს შეუძლიათ“.

31 ოქტომბერს „უოლ სტრიტ ჯორნალში“ გამოქვეყნდა წერილი „საქართველოს ვაშინგტონი“. წერილში ვკითხულობთ: „შესაძლოა მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტების კლუბის წევრმა შეძლოს სრულად გაუგოს მიხეილ სააკაშვილის ტკივილს. საქართველოს პრეზიდენტი თბილისში ხელისუფლებას არაპოპულარული და დაუფასებელი ტოვებს, მაგრამ, ჩვენი აზრით, ისტორია უფრო კეთილი შემფასებელი იქნება. კავკასიის ამ ქვეყნის 10 წლის განმავლობაში მართვისას ბატონმა სააკაშვილმა ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ მთავარი რაღაცები სწორად გააკეთა. 2003 წელს, კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა, 36 წლის ასაკში უხელმძღვანელა მშვიდობიან და დემოკრატიულ ვარდების რევოლუციას. მან ენერგია და იდეები მოუტანა ამ პატარა, ომით გაჩანაგებულ ქვეყანას, რომელიც რუსეთის მძიმე თათისგან თავის დაღწევას ლამობდა“, - ვკითხულობთ წერილში, რომელიც ასე მთავრდება: „ბატონი სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტს დატოვებს, როგორც საქართველოს ჯორჯ ვაშინგტონი, რადგან მან უხელმძღვანელა დემოკრატიაში გადასვლას რეგიონში, სადაც არჩეული ლიდერები ძალიან ხშირად ხდებიან დიქტატორები. ბატონ ივანიშვილს შეუძლია ამ მიღწევას პატივი სცეს და საქართველო რეგიონალურ მოდელად დატოვოს, თუ თავის პოლიტიკურ ვენდეტას შეწყვეტს“.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG