Accessibility links

ვადიმ დუბნოვი: რუსეთი წარმატებით ახერხებს თავისი ნაბიჯების სინქრონიზებას


თურქეთის პოლიტიკა ბოლო ხანებში ხშირად მოდის წინააღმდეგობაში მისი ევროპელი და ნატოელი მოკავშირეების კურსთან და რუსეთისაკენ იხრება. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ანკარა შორდება დასავლურ ორბიტას? თუ ეს მხოლოდ ტრადიცული აღმოსავლური გამჭრიახობაა, რომლის არსიც წინააღმდეგობაზე თამაშით სასურველი შედეგის მიღწევაში მდგომარეობს? ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს "ეხო კავკაზას" კორესპონდენტი ვადიმ დუბნოვი.

ვადიმ დუბნოვი: არ ღირს გაზვიადება, როცა ვსაუბრობთ ანკარაში პუტინის დიდი და შთამბეჭდავი მიღების მნიშვნელობაზე, რადგან ასევე მიიღეს მაკრონი, ასევე მიიღეს ალიევი - ასე იღებენ ნებისმიერ სტუმარს, რომელიც სათანადო მომენტში სათანადო ადგილას ჩადის. და პუტინი სწორედ სათანადო მომენტში აღმოჩნდა სათანადო ადგილას

რადიო თავისუფლება: რატომ არის ეს სათანადო დრო?

ვადიმ დუბნოვი: იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ზუსტად შეესაბამება ერდოანისა და თურქეთის თამაშს, ბრძოლას სასურველი პოზიციის დასაკავებლად, და არა მოსკოვის ზრუნვას თავის პოზიციაზე. ჩემი აზრით, მთავარი ინიციატორი ამ შემთხვევაში თურქეთი იყო, მაგრამ რუსეთი ახერხებს თავისი ნაბიჯების სინქრონიზებას - ახერხებს საკმაოდ წარმატებით, თავისი ამოცანების შესასრულებლად.

რადიო თავისუფლება: და ეს ამოცანა სირიასაც უკავშირდება?- ქვეყანას, სადაც თურქეთის მიზნები რუსეთთან უფრო ახლოსაა, ვიდრე დასავლეთთან: თურქეთი ხომ ებრძვის ქურთ მეამბოხეებს, რომელთაც შეერთებული შტატები ეხმარება.

ვადიმ დუბნოვი: არა. ჩემი აზრით, კონფლიქტში ჩართული ყველა მხარის პოზიციები ერთნაირად შორსაა ერთმანეთისაგან. და დღევანდელი კომპრომისის მთელი ხელოვნება იმაში მდგომარეობს, რომ ამ პოზიციების შერიგება სცადო სხვადასხვა კოალიციის მეშვეობით, იქნება ეს ირანი-თურქეთი-რუსეთი თუ შეერთებული შტატები-დასავლეთი-თურქეთი და ა.შ. კონტაქტები არსებობს ყველა ამ მიმართულებით. და თუ გავიხსენებთ გასული წლის ნოემბერს, - პუტინის შეხვედრას როჰანისა და ერდოანთან, - მანამდე პუტინმა დონალდ ტრამპს დაურეკა! პუტინს კონტაქტი ჰქონდა ამერიკელებთან.

რადიო თავისუფლება: მაგრამ ტრამპი, ვაშინგტონი, თურქეთს სთხოვს გადაიფიქროს რუსეთისაგან ეს-400-ის, ანუ უახლესი საჰაერო თავდაცვითი სისტემის, შესყიდვა. აქ წინააღმდეგობა დიდია, რადგან თურქეთი - ნატოს წევრი - რუსეთისაგან იარაღს ყიდულობს.

ვადიმ დუბნოვი: რა თქმა უნდა! მაგალითს თუ მოვიყვანთ, სწორედ ტრამპთან პუტინის საუბრის შემდეგ მოხდა ის, რასაც ბევრი მიიჩნევს აფრინის გაცვლად აღმოსავლეთ ღუტაზე. ამ ვერსიით, ამერიკელები დათანხმდნენ, რომ სირიაში მათ ქურთ მოკავშირეებზე თურქეთი იერიშს მიიტანდა აფრინში, მაგრამ არა სხვა რეგიონებში, ხოლო რუსეთი შეძლებდა მოქმედებას დამასკთან მდებარე აღმოსავლეთ ღუტაში. გასაგები იყო, რომ ასეც მოხდებოდა.

რადიო თავისუფლება: ეს კულუარული შეთანხმება იყო?

ვადიმ დუბნოვი: ვფიქრობ, რომ აქ ძალიან ბევრი რამაა კულუარული - სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, რადგან სირიას თუ შევხედავთ, ერთმანეთთან შეუთავსებელი პოზიცია აქვს ოთხ-ხუთ-ექვს მხარეს, მსხვილი მოთამაშეებიდან - სამ-ოთხ მხარეს. ისინი რაღაცნაირად ერთმანეთს უნდა შეუთავსო. და ყველა ცდილობს ამის გაკეთებას. სხვა საქმეა, ვინ უფრო მოიგებს. ჩემი აზრით, ყველაზე მეტად ჯერჯერობით თურქეთი მოიგებს.

რადიო თავისუფლება: მაგრამ სად იყო წყალგამყოფი რუსეთ-თურქეთს შორის ურთიერთობაში, როცა ის ორი წლის წინ მკვეთრად გაუარესდა და მერე ორი ქვეყანა ისევ დაახლოვდა? სად არის ეს წყალგამყოფი?

ვადიმ დუბნოვი: ჩემი აზრით, ორივე მხარე - 2015 წლის ნოემბერში თურქეთში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ - ეძებდა ამ, ორივეს აზრით, დასანანი მოვლენის გადალახვის გზებს, რადგან ის ორივესთვის საზიანო იყო. მაშინ ორივე მხარე იძულებული გახდა, მოეხდინა მკვეთრი რეაგირება. ეს ორი ქვეყანა ერთმანეთს ძალიან ჰგავს საკუთარი თავის დამკვიდრების მოტივებითა და ისტორიით, მათ აქვთ ერთმანეთის მსგავსი პოლიტიკური სტილი და, ამავე დროს, არიან სრულიად განსხვავებული სახელმწიფოები (თავიანთი არსით განსხვავებული სახელმწიფოები). მთლიანობაში, თურქეთისა და რუსეთის შედარება არ ღირს, მათ ხელისუფალთა მმართველობას შორის მსგავსების მიუხედავად.

რადიო თავისუფლება: თურქეთისა და რუსეთის დაახლოებას ყოველთვის დიდი ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში: საქართველო ხომ მათ შორის არის მოქცეული! ერთი მხრივ, რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი და, მეორე მხრივ, თურქეთი - საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო -ეკონომიკური პარტნიორი. მათი დაახლოება კარგია, თუ საქართველოში შეშფოთებას უნდა იწვევდეს?

ვადიმ დუბნოვი: ჯერ ერთი, არ ვილაპარაკებდი თურქეთთან რუსეთის დაახლოებაზე, რადგან ეს მხოლოდ კონკრეტულ ვითარებაზეა დამოკიდებული: კი, რუსეთი და თურქეთი ორი კონსტანტაა და მათ შორის ურთიერთობა შეიძლება მერყეობდეს. რაც შეეხება საქართველოს, რაც უნდა საწყენი ან უსიამოვნო იყოს ამის მოსმენა საქართველოში, სომხეთსა ან აზერბაიჯანში, ეს სულ სხვა სიუჟეტია და არაფერი აქვს საერთო რუსეთ-თურქეთის ურთიერთობასთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG