Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდერ ვერშბოუ: ესაა ომი ჩვენი ფასეულობების წინააღმდეგ


ალექსანდერ ვერშბოუ
ალექსანდერ ვერშბოუ

ბოლო ხანებში რუსეთი დემოკრატიულ არჩევნების პროცესში ჩაერია აშშ-ში, ნიდერლანდში, საფრანგეთში, გერმანიაში, ჩერნოგორიაში, უკრაინაში, მოლდავეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში. ამასთან, ეს ხდებოდა როგორც სასურველი პოლიტიკური კანდიდატების ფინანსური დახმარების გზით, ისე მათ შესახებ პოზიტიური იმიჯის შექმნით სოციალურ მედიაში, რასაც სხვადასხვა ონლაინჯგუფები და ქსელური ბოტები ეწევიან. როგორ უნდა მოახერხონ წარმომადგენლობითი დემოკრატიის ქვეყნებმა საარჩევნო პროცესისა და საინფორმაციო სივრცის დაცვა ისე, რომ არ ხელყონ პრესისა და გამოხატვის თავისუფლება - რიგის მე-12 კონფერენციაზე ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პანელი, რომელზეც სიტყვით გამოვიდა ალექსანდერ ვერშბოუ, ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე, ამჟამად ატლანტიკური საბჭოს მეცნიერ-თანამშრომელი.

ალექსანდერ ვერშბოუ: ასეთი ჩარევა, რომელიც წარმოადგენს გარკვეულ პოლიტიკურ ომს ჩვენი საზოგადოებისა და ფასეულობების წინააღმდეგ, ძალიან დიდი საფრთხეა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა ეს შეწყვიტოს, სანამ არ დარწმუნდება, რომ ვერ აღწევს ეფექტიან, მძლავრ წარმატებას. ამიტომ ჩვენ ბოლომდე ვერ ვიყენებთ თავდაცვის შესაძლებლობებს. პირველ ყოვლისა, არჩევნებთან დაკავშირებით არსებობს პრობლემის გადაწყვეტის რამდენიმე ტექნიკური შესაძლებლობა, რათა რუსმა ჰაკერებმა ვერ მოახერხონ შეღწევა საარჩევნო სიებში და იქიდან ადამიანების ამოღება, რაც გავლენას ახდენს ხმების დათვლის პროცესზე და პირდაპირ საფრთხეს უქმნის არჩევნების ლეგიტიმურობას. ამდენად, როდესაც გვეცოდინება, რის მიღწევას ცდილობს რუსეთი, ჩვენ შევძლებთ საკუთარი თავის დაცვას და, შესაბამისად, პოლიტიკურმა პარტიებმაც უფრო მძლავრად უნდა დაიცვან თავიანთ ინფორმაციები კიბერშეტევებისაგან. მიმაჩნია, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საფრთხის შესახებ საკუთარი მოქალაქეების ინფორმირებას, რათა ისინი გახდნენ უფრო ფრთხილები და უფრო სკეპტიკურად მოეკიდონ იმგვარ ინფორმაციებს, რომლებითაც იოლად შეიძლება მათი მანიპულირება. საჭიროა ისეთ კომპანიებთან მუშაობა, როგორიცაა ფეისბუკი და ტვიტერი, რათა მათ უფრო ეფექტურად დაიცვან თავიანთი სისტემები, არ მისცენ რუს ჰაკერებს შესაძლებლობა, რომ ბოტების გამოყენებით დაუბრკოლებლად მოახერხონ ყალბი ანგარიშების შექმნა და უფრო მეტი პროაქტიულობა გამოიჩინონ ასეთი ანგარიშების გაუქმებისას. ამ გზით ჩვენ შევძლებთ შევზღუდოთ რუსი ჰაკერების ეფექტურობა და, იმავდროულად, შევამციროთ საკუთარი დაუცველობა. რა თქმა უნდა, ეს არის შრომატევადი ამოცანა, მაგრამ თუ ჩვენ ამ ბალანსს შევცვლით და რუსეთს დავანახვებთ, რომ მის მიერ დახარჯული ფული სასურველ შედეგს ვერ აღწევს, მაშინ იგი აუცილებლად უკან დაიხევს. რუსეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაჩერდება, თუ დაინახავს, რომ მისი გეგმა არ მუშაობს და არა ჩვენი ლამაზი თვალებისათვის.

რადიო თავისუფლება: აქ ასევე აღინიშნა, რომ „რაშა თუდეი“, „სპუტნიკი“ და რუსეთის სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული სატელევიზიო კორპორაციები რუსეთის პროპაგანდის მძლავრი საშუალებებია. მაგრამ რას უპირისპირებს ამ პროპაგანდას დემოკრატიული თანამეგობრობა? არსებობენ თუ არა ალტერნატიული საინფორმაციო საშუალებები, მედიაინსტიტუტები, რომლებიც მოქმედებენ პრინციპით „პროპაგანდა პროპაგანდის გარეშე“, რაც ძალიან ეფექტურად ითვლება?

ალექსანდერ ვერშბოუ: დიახ, ყოველთვის უკეთესია, რომ პროპაგანდას დაუპირისპიროთ სიმართლე, ფაქტები და უფრო მეტი პოზიტიური ინფორმაცია ჩვენს საზოგადოებაზე და იმაზე, თუ რატომაა უფრო აღმატებული ჩვენი საზოგადოება, რომელიც მხოლოდ ფაქტებით ხელმძღვანელობს. დარწმუნებული ვარ, არსებობენ სამთავრობო და დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, რომელთა მხარდაჭერა საჭიროა მაუწყებლობისათვის უფრო მეტი რესურსების განუწყვეტელი გამოყოფით. აშშ-მა, ჩემი აზრით, შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი რუსულენოვანი ტელეარხი, სახელწოდებით „ნამდვილი დრო“, რომელიც ითავსებს „ამერიკის ხმისა“ და „რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპის“ რესურსებსა და გამოცდილებას. არსებობს კიდევ დევნილობაში მოქმედი ტელეარხი „დოჟდი“, რომელიც რუსი ჟურნალისტების საშუალებით კიდევ უფრო მეტ ობიექტურ ინფორმაციას აწვდის რუსებს. იგივე შეიძლება ითქვას ვებსაიტ „მედუზაზე“, რომელიც აქ, ლატვიაში, მოქმედებს, რადგან მისი ჟურნალისტებისათვის საშიშია რუსეთში მუშაობა. ასე რომ, ემიგრაციისა და მედიის ძალისხმევის გაერთიანებით, აშშ-ის ხელისუფლების მიერ დაფინანსებული მედიის, ასევე გერმანული მედიისა და ბი-ბი-სის წყალობით, რუსეთის საზოგადოება და რუსულენოვანი მოსახლეობა შეძლებენ რეალური ინფორმაციის მიღებას უკრაინაში, მოლდავეთსა და რუსეთის გარშემო, სადაც რუსულენოვანი სატელევიზიო არხების გავლენა ძალიან ძლიერია. ჩვენ უნდა ვაწარმოოთ გარკვეული შეჯიბრება, რათა მივიღოთ საინტერესო და გასართობი პროგრამები, რომელშიც ასევე იქნება ნამდვილი და არა გამოგონილი ამბები.

რადიო თავისუფლება: თქვენ წარსულში ყოველთვის იყავით საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების მტკიცე მხარდამჭერი. დღესაც აგრძელებთ მხარდაჭერას?

ალექსანდერ ვერშბოუ: მე სავსებით მხარს ვუჭერ საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. უკრაინა დღესდღეობით არ წარმოადგენს ოფიციალურ კანდიდატს და იმედია, რომ უკრაინელებიც აცნობიერებენ, თუ რა დიდი სამუშაო უნდა ჩაატარონ მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში, რათა უკეთესად მოემზადონ და დამაჯერებლად წარადგინონ საკუთარი მოსაზრებები. საქართველოს აქვს პროგრესი, მაგრამ ორივე ქვეყანა იმყოფება ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რის გამოც არ არის იოლი ალიანსის ყველა წევრის თანხმობის მოპოვება. თუმცა აუცილებლად ვურჩევდი საქართველოსა და უკრაინას, რომ უკან არ დაიხიონ და უარი არ თქვან თავიანთ საბოლოო მიზანზე. შესაბამისად, ადრე თუ გვიან - იმედი მაქვს, რომ უფრო ადრე - ვითარება შეიცვლება და ნატო შეასრულებს იმ პირობას, რომელიც 2008 წელს დადო“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG