Accessibility links

იაროსლავ შიმოვი: ზემანმა შეძლო "ჩირქი მოეცხო" თავისი კონკურენტისათვის


ბოლო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, მემარჯვენეები ჩეხეთის ხელისუფლების ყველა შტოს აკონტროლებენ. რა სოციალურ-პოლიტიკურმა ფაქტორებმა განაპირობეს მათი ასეთი წარმატება? იყო თუ არა რუსეთის მხრიდან ჩარევის მცდელობა ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, როგორც ამას, გავრცელებული ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, სულ ბოლოს, გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნებისას? ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის პოლიტიკური მიმომხილველი, იაროსლავ შიმოვი.

იაროსლავ შიმოვი: ასეთი ინტერესი რომ არსებობდა, ამაზე თუნდაც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ვლადიმირ პუტინმა ლამის ყველაზე პირველმა მიულოცა მილოშ ზემანს დეპეშით გამარჯვება. მეორე მხრივ, არ შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი უშუალოდ ჩაერია. ამის მტკიცებულება არ არსებობს. თუმცა ისევ და ისევ ჩეხურ საინფორმაციო ბაზარზე არის მრავალგვარი საიტი და საინფორმაციო პორტალი, რომლებსაც საკმაოდ ბუნდოვანი დაფინანსების სისტემა აქვთ. ბევრი ჩეხი ჟურნალისტი, რომლებმაც გამოძიება ჩაატარეს, მიიჩნევს, რომ ისინი, ასე თუ ისე, დაკავშირებული არიან რუსეთთან და მკაფიოდ ატარებენ რუსეთის საინფორმაციო პოლიტიკას.

რადიო თავისუფლება: რაც შეეხება მიგრანტების პრობლემას, თავის დროზე პრეზიდენტი ზემანი და ჩეხეთის ყოფილი მთავრობა წინააღმდეგნი იყვნენ ახლო აღმოსავლეთიდან დევნილებისთვის თავშესაფარი მიეცათ. გამონაკლისი იყვნენ ქრისტიანი კოპტები სირიიდან. ამ რელიგიურ შემადგენელზე ხაზგასმით იყო საუბარი ე.წ. ვიშეგრადის ოთხეულის ამასწინანდელ შეხვედრაზეც. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ამ კონტექსტში ქრისტიანული იდენტობის საფრთხეც კი ახსენა. რამ გამოიწვია უცებ ამ თემის ხაზგასმა?

იაროსლავი შიმოვი: ეს არის ისევ და ისევ თამაში საზოგადოების კონსერვატიულ განწყობებზე, ვინაიდან ტერორიზმი ძირითადად დაკავშირებულია ისლამურ რადიკალიზმთან. პოპულისტი პოლიტიკოსები წარმატების მისაღწევად ამ იარლიყს ისლამური აღმსარებლობის ლამის ყველა პირს აკრავენ. არის ასეთი ფორმულა, რომელსაც პირად საუბრებში ჯერ კიდევ არჩევნებამდეც იყენებდა პრეზიდენტი ზემანი: "ყველა მუსლიმანი არ არის ტერორისტი, მაგრამ რატომღაც ყველა ტერორისტი მუსლიმანია". ესეც, რა თქმა უნდა, სისულელეა, რადგან ძალიან სხვადასხვანაირი ტერორისტი არსებობს, მაგრამ ეს კლიშე მუშაობს.

რადიო თავისუფლება: და მან ეს სიტყვები პუტინთან შეხვედრის დროსაც გაიმეორა: ერთადერთი ლიდერი ვარ, რომელიც ამბობს, რომ ეს საერთაშორისო ტერორიზმი კი არა, მუსლიმანური ტერორიზმიაო.

იაროსლავ შიმოვი: დიახ, დიახ, ასეთი რამეც იყო. პუტინთან, სხვათა შორის,ზემანს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, მათ შორის - პიროვნულ დონეზე. იგი არაერთხელ იმყოფებოდა სტუმრად რუსეთში და პუტინი საპასუხო ვიზიტით დაპატიჟა აქ, პრაღაში.

რადიო თავისუფლება: პრეზიდენტი ზემანი, სხვათა შორის, ცნობილია ასევე სკანდალური განცხადებებით ყირიმის ანექსიის თაობაზე. მან „მოთავებული საქმე“ უწოდა ყირიმის ანექსიას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე და წამოაყენა წინადადება უკრაინისათვის გარკვეული კომპენსაციის თაობაზე. ამან კიევის აღშფოთება გამოიწვია. თუმცა ზემანი მიესალმება შრომითი მიგრანტების მიღებას უკრაინიდან, რასაც ვერ ვიტყვით შრომით მიგრანტებზე საქართველოდან. რით არის განპირობებული ზემანის მიდგომათა ასეთი კონტრასტულობა?

იაროსლავ შიმოვი: საქართველოზე არ ვიცი, რადგან საქართველოდან მსურველთა ასეთი დიდი ნაკადი, რამდენადაც ვიცი, ჩეხეთში არ არსებობს. უკრაინასთან კი ეს ტრადიციული საკითხია. ათეულ ათასობით და მეტი უკრაინელი მუშაობს აქ სამშენებლო და ჩეხეთის ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში. პრეზიდენტი მილოშ ზემანი, ისევე როგორც ბევრი სხვა ჩეხი პოლიტიკოსი, ასეთ გამიჯვნას ემხრობა. არსებობენ, როგორც ზემანი უწოდებს, "კულტურულად ახლო მდგარი" მიგრანტები და "კულტურულად დაშორებულნი". ასეთებად მიიჩნევიან მიგრანტები მუსულმანური ქვეყნებიდან, "კულტურულად ახლო მდგომებად" კი - ან ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნებდან, მათ შორის, უკრაინიდან გამოსული მიგრანტები, ან, ვთქვათ, ასევე დადებითი დამოკიდებულება არსებობს და აქ მათი საწინააღმდეგო არაფერი აქვთ: ვიეტნამელთა თემი, რომელიც აქ, დიდი ხანია, ცხოვრობს და საკმაოდ მრავალრიცხოვანია. დაახლოებით, 60 ათასამდე ვიეტნამელი მოქალაქე ცხოვრობს ჩეხეთში მუდმივად და ამ თემს საკმაოდ კარგი რეპუტაცია აქვს, როგორც შრომისმოყვარეს და ლოიალურს. აღსანიშნავია, რომ ასეთმა განსხვავებამ ჩეხეთში თავი იჩინა ბოლო წლებში. სწორედ მიგრანტთა კრიზისის შემდეგ, 2015 წლიდან, მოხდა მათი ასეთი მკაფიო გამიჯვნა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG