Accessibility links

ონდრჟეი კუნდრა: ჩინეთს აქვს გეოპოლიტიკური მიზნები ევროკავშირში


აშშ-ის შემდეგ ევროკავშირისათვის ჩინეთი მეორე ყველაზე დიდი სავაჭროს პარტნიორია, თუმცა ექსპერტები შიშობენ, რომ ამ მძლავრი ტოტალიტარული სახელმწიფოს ეკონომიკური გავლენის ზრდა სულ მალე შიდა პოლიტიკაზეც პოვებს ასახვას. ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს პოპულარულ ჟურნალ „რესპექტის“ ჟურნალისტი ონდრჟეი კუნდრა, ავტორი გახმაურებული წიგნისა „პუტინის აგენტები“. მის ბოლო სტატიაში საუბარი იყო იმაზე, რომ ქვეყნის პრეზიდენტს, მილოშ ზემანს, მრჩევლად ჰყოლია ჩინეთის კომუნისტურ რეჟიმთან დაახლოებული ჩინელი ბიზნესმენი.

რადიო თავისუფლება: ვინ არის და რატომ დასჭირდა ჩინელი ბიზნესმენის რჩევები ჩეხეთის პრეზიდენტს?

ჯერჯერობით არავინ იცის, ნამდვილად შეძლებს თუ არა იე ტენ მინგის კუთვნილი კონგლომერატი ტელეკომპანია „ნოვას“ შეძენას. ტელეკომპანია „ნოვა“ დიდი გავლენის მქონე კომერციული ტელევიზიაა, რომლის შეძენაზე კულისებში მიმდინარეობს მოლაპარაკება...

ონდრჟეი კუნდრა: ამ კაცის სახელია იე ტენ მინგი. იგი ჩინეთის მოქალაქეა. 40 წლის ბიზნესმენის წარსული ბნელითაა მოცული, რადგან ჩინეთში ნებისმიერი ბიზნესი კონტროლდება და საზღვარგარეთ საქმიანობა მხოლოდ იმ ბიზნესმენებს შეუძლიათ, ვისაც ხელისუფლება დართავს ნებას. ერთ-ერთი ასეთი ფირმაა CEFS - ჩინეთის ენერგეტიკული კონგლომერატი, რომელსაც ბატონი იე ტენ მინგი ხელმძღვანელობს. მისი წარსულის შესახებ მხოლოდ სპეკულაცია შეიძლება, რადგან არავინ იცის, როგორ დააგროვა კაპიტალი და როგორ გახდა ასეთი მსხვილი ენერგოკონგლომერატის ხელმძღვანელი. ყოველ შემთხვევაში, თავად მას ამის შესახებ არაფერი უთქვამს. რაც შეეხება პრეზიდენტ ზემანს, მან ჯერ კიდევ 2015 წელს დანიშნა იე ტენ მინგი თავის მრჩევლად. ეს ძალიან უცნაურია, რადგან მთელ ევროკავშირში ვერ იპოვით ვერც ერთ პრეზიდენტს და ვერც ერთ სახელმწიფოს მეთაურს, რომელსაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე ჰყავდეს მრჩევლად.

რადიო თავისუფლება: თქვენს სტატიამდე მარტინ ჰალამ, ჩეხმა ექსპერტმა, შეშფოთებით ილაპარაკა იმაზე, რომ ხსენებული ჩინური კომპანია აპირებს მსხვილი ტელეკომპანია "ნოვას" აქციების შეძენას. რა ფარული საფრთხე იმალება აქ? თუ მფლობელი მედიის აქციებს ყიდის, რატომ არ შეიძლება ისინი სხვამ შეიძინოს?

ჩეხეთის საზოგადოება პოსტკომუნისტურ პერიოდში ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკურად აქტიურ საზოგადოებად, იმ აზრით, რომ ესმოდეს და აინტერესებდეს, რაც სინამდვილეში გარშემო ხდება...

ონდრჟეი კუნდრა: პირველ ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ჯერჯერობით არავინ იცის, ნამდვილად შეძლებს თუ არა იე ტენ მინგის კუთვნილი კონგლომერატი ტელეკომპანია „ნოვას“ შეძენას. ტელეკომპანია „ნოვა“ დიდი გავლენის მქონე კომერციული ტელევიზიაა, რომლის შეძენაზე კულისებში მიმდინარეობს მოლაპარაკება. კულუარული ინფორმაციით, მისი შეძენის ყველაზე დიდი შანსი აქვთ ჩინეთის ენერგეტიკულ კონგლომერატსა და მასთან დაკავშირებულ ფინანსურ ჯგუფებს, თუმცა ეს მოლაპარაკებები ჯერ დასრულებული არ არის. რაც შეეხება საფრთხეს, ჩეხეთის რესპუბლიკაში მრავალი გავლენიანი ბიზნესმენია, ეგრეთ წოდებული ოლიგარქი, მედიაჰოლდინგის მეპატრონე და არასოდესაა კარგი, როდესაც ოლიგარქები გავლენას ახდენენ პოლიტიკაზე, მსგავსად პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშისა, რომელიც აქ რამდენიმე მედიასაშუალებას ფლობს. ასეთი მდგომარეობა მედიაში იწვევს თვითცენზურას მისი მფლობელის მიმართ. თუ ტელეკომპანია „ნოვას“ მფლობელები ჩინელები გახდებიან, ვფიქრობ, რომ ეს სამომავლოდ კიდევ უფრო დააზიანებს სიტყვის თავისუფლებას ჩეხეთის რესპუბლიკაში.

რადიო თავისუფლება: თქვენი ნათქვამიდან გამოდის, რომ ეკონომიკური ინტერესის კონვერტაცია იოლად შეიძლება პოლიტიკაში. მაგრამ თუ კი ეს არის ეგზისტენციური საფრთხე, მაშინ რატომაა საზოგადოებრივი აზრი ჩეხეთის რესპუბლიკაში ჩუმად?

თუ დავეყრდნობით ჩეხეთის უსაფრთხოების სამსახურის წლიურ ანგარიშს და მასში მოტანილ ფაქტებს, ბოლო წლებში რუსული გავლენის გარდა ჩინური გავლენაც აღინიშნება...

ონდრჟეი კუნდრა: რაც შეეხება თქვენს კითხვას, თუ რატომ არ აღიქვამს ხალხი ამ საკითხს საფრთხედ... ჩემი აზრით, ჩეხეთის საზოგადოება პოსტკომუნისტურ პერიოდში ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკურად აქტიურ საზოგადოებად, იმ აზრით, რომ ესმოდეს და აინტერესებდეს, რაც სინამდვილეში გარშემო ხდება. ამის გამო ხალხი, უბრალოდ, არ არის დაინტერესებული ამ საკითხებით და რეალურად ვერანაირ საფრთხეებს და რისკებს ვერ აღიქვამს.

რადიო თავისუფლება: „ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩინეთის რბილი ძალა, კარგად წარმოვაჩინოთ ჩინეთი და უკეთესად გავავრცელოთ ჩინეთის გზავნილები მსოფლიოში", - ასეთი რამ თქვა 2014 წელს ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინ პინმა. რა შეიძლება ითქვას ჩინეთის რბილ ძალაზე ჩეხეთში? აქვს თუ არა პეკინს ისეთივე პოლიტიკური დღის წესრიგი, როგორიც რუსეთს, რომელიც გავლენის შესანარჩუნებლად რბილი ძალის ყველა კომპონენტს იყენებს ცენტრალურ ევროპასა და, კერძოდ, ჩეხეთში ?

ონდრჟეი კუნდრა: ძალიან ძნელია ამ კითხვების განხილვა და შეფასება. თუ დავეყრდნობით ჩეხეთის უსაფრთხოების სამსახურის წლიურ ანგარიშს და მასში მოტანილ ფაქტებს, ბოლო წლებში რუსული გავლენის გარდა ჩინური გავლენაც აღინიშნება. ჩეხეთის სპეცსამსახურებმა „რბილი ძალის“ გავლენის ერთ-ერთი მექანიზმის, ჩინეთის ბიზნესის, გააქტიურებასთან ერთად, ჩინელი ჯაშუშების მომრავლებაც ახსენეს. ზოგი ჩეხი პოლიტიკოსი თუ ყოფილი მინისტრი, რომლებმაც დაკარგეს სამსახური სახელმწიფო აპარატში, ჩინურ კომპანიებში დასაქმდნენ. ამგვარად, ჩინეთი პოულობს ძალებს, ინფორმაციისა და გავლენიანი ხალხის სახით. ჩინეთის გაძლიერებასთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს რუსეთის გავლენა, რაც თქვენ ახსენეთ. ჩემი აზრით, ჩინეთს აქვს გეოპოლიტიკური მიზნები ევროკავშირში. ჩინეთი გამუდმებით ესწრაფვის ლიდერობას. მას სურს დაყოს ევროკავშირი პატარა ქვეყნებად და ამით გააძლიეროს თავისი გავლენა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG