Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლოკალური და გლობალური იმპოტენციები ირაკლი სამსონაძის "ქელეხში"


გამომცემლობა "ინტელექტმა" წელს წიგნის ფორმატში გამოსცა ირაკლი სამსონაძის მოთხრობა "ქელეხი ქარში". "ერთი ქართული ამბავი" - მიწერილი აქვს მოთხრობას ქვესათაურად. მეტ კონკრეტიზაციას თუ მოვინდომებთ, შეგვიძლია "ერთი ქუთაისური ამბავიც" ვუწოდოთ, ან "ერთი პერესტროიკისდროინდელი ამბავი", ან "ერთი ფროიდისტული ამბავი". ერთი სიტყვით, ბევრი შრეა აქ და თითოეული მათგანი, დამოუკიდებლად აღებული, საკმაოდ სახიფათოა მხატვრულ სწორხაზოვნებაში მწერლის მოსახვედრად.

გადმოწერა

ხიფათის ეს შეგრძნება მკითხველს მოთხრობის დასაწყისშივე უჩნდება: ქუთაისის ერთ რესტორანში "ცეხავიკი" დიმიტრი კა...ძე, მეტსახელად ტრულაილა, თავის სამეგობროს კრებს, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, თავისი "საოხრისთვის" ქელეხის გადახდის მიზნით. მაშინ, როდესაც მდარე იუმორით შეკმაზული და ვულგარული ქართული მაჩოიზმით გაჟღენთილი ბევრი ისტორია წაგიკითხავს, გინახავს თუ მოგისმენია, რომელთა მთავარი მიზანიც მამაკაცური ღირსების აფიშირებაა, ბუნებრივია, ეჭვმა შეგიპყროს, რომ ეშმაკური საწინააღმდეგო ხერხი, მამაკაცური იმპოტენციის აფიშირება, საბოლოო ჯამში, მაინც იმავე მიზანს ემსახურება და მწერალი იმავე პრიმიტიულ "ფროიდისტულ" ველში დარჩება, რომელიც ანეგდოტურობას ვერ სცდება. ანეგდოტურობაში ჩარჩენის ხიფათს აძლიერებს ის ქუთაისური გარემოც, რომელიც ავტორმა აირჩია. მაგრამ ქუთაისი ხომ. ერთი მხრივ. ჭიჭიკია-ბიჭიკიას ანეგდოტებიცაა და, მეორე მხრივ, რეზო ჭეიშვილის თუ რეზო გაბრიაძის განუმეორებელი იუმორით, დაუვიწყარი ტიპაჟებით სავსე სამყარო. საითკენ წავა, სად მოხვდება ავტორი? აქ კიდევ ერთი კითხვა ჩნდება: ირაკლი სამსონაძე ხომ ქუთაისელი მწერალი არაა, ის თბილისელი მწერალია. ქუთაისური გარემო და იუმორი მისთვის არ უნდა იყოს ორგანული და, აქედან გამომდინარე, სარისკოა და განსაკუთრებულ დიდოსტატობას ითხოვს "სხვის მოედანზე" თამაში, მაგრამ მან მაინც გარისკა და ეს გარემო აირჩია, აირჩია, ალბათ, იმიტომ, რომ იგრძნო, ამ შემთხვევაში მის თემას, მის სათქმელს ეს ტოპოსი, უფრო სწორად, ქრონოტოპოსი სჭირდებოდა - საბჭოთა პერიოდის დასასრულის ქუთაისი. თორემ რა პრობლემა იყო, დაესხა თავისი პერსონაჟები იმავე პერიოდის თბილისში, "არაგვის" რესტორანში, და იქ გაეთამაშებინა ქელეხის ეს სცენა. წიგნს ივანე ამირხანაშვილის ბოლოთქმა ერთვის.

ქმნის სინამდვილეს, რომელიც, პრინციპში, ამ შემთხვევაში ლიტერატურას სჭირდება, ანუ ლიტერატურისთვის არის გამარჯვება. თუკი, ძალიან უტრირებულად რომ ვთქვათ, ამ ყველაფერზე ქუთაისელები განაწყენდებიან, სანაცვლოდ ლიტერატურამ ხომ ამითი კიდევ ერთი საინტერესო ფაბულა შეიძინა...
ნინო სადღობელაშვილი

აი, რას ამბობს იგი: "კონტრასტები და კონტრადიქციები ირაკლი სამსონაძის პროზის თვალშისაცემი ნიშნებია, რომლებიც გრადაციის პრინციპით ვითარდება, დაახლოებით, ასე: კომედია - აბსურდი - ტრაგედია. სხვათა შორის, თავისი პიესების კრებულიც ასე დაასათაურა: "კომედიიდან ტრაგედიამდე აბსურდის ბილეთით". "ქელეხი ქარშიც" ამ პრინციპით არის შესრულებული." ანუ ირაკლი სამსონაძის სქემას ამ შემთხვევაში ეს ქრონოტოპოსი იდეალურად მოერგო.

წიგნზე საუბარი ვთხოვე მწერალ ნინო სადღობელაშვილს.

ნინო სადღობელაშვილი: "ქუთაისში მომიწია ცხოვრებამ რაღაც პერიოდის მანძილზე და როცა ახლოს შევეხე ამ ქალაქს, ვიგრძენი, რომ ქალაქში იდგა ჩასვენებული მზის, დამთავრებული კულტურის ტრაგიკული სურნელი, რომელსაც ახვევდნენ ადამიანები ძალიან ლაღ და მშვენიერ ტყუილში. როგორც ჩანს, ეს ტყუილი დიდი ხანია ცხოვრობს, საერთოდ, ადამიანებში, ქალაქშიც, რაღაცისთვის ძალიან სჭირდებათ, რაღაცას რომ ამოეფარონ. თუნდაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რეალურად, რამდენი სიმახინჯე შეიძლება დავინახოთ თითოეულ პერსონაჟში, მაგრამ იმდენად მიმზიდველად გამოიყურებიან, როცა კითხულობ, იმ სუფრაზეც ხარ და თანამეინახეობასაც უწევ, მაგრამ ამ ყველაფრის იქით რამდენი საშინელებაა რეალურად. ამ შემთხვევაში უფრო დაუნდობელია ირაკლი, რადგან არ არის შიგნიდან მაცქერალი, განმცდელი ამ ყველაფრის. და ეს ქუთაისი ძალიან დაეხმარა იმაში, რომ უფრო კონტრასტული ყოფილიყო. ქმნის სინამდვილეს, რომელიც, პრინციპში, ამ შემთხვევაში ლიტერატურას სჭირდება, ანუ ლიტერატურისთვის არის გამარჯვება. თუკი, ძალიან უტრირებულად რომ ვთქვათ, ამ ყველაფერზე ქუთაისელები განაწყენდებიან, სანაცვლოდ ლიტერატურამ ხომ ამითი კიდევ ერთი საინტერესო ფაბულა შეიძინა".

რაც შეეხება ფაბულას: ირაკლი სამსონაძე გროტესკულ საქელეხო სუფრის განწყობას კარდინალურად ცვლის ერთი პერსონაჟის შემოყვანით. ესაა ლამარიე, რომელიც სულ პატარა, უპატრონო, სულელი გოგო იყო, როდესაც სუფრის ყველა წევრი, გარდა ერთისა, მხატვრისა, რიგრიგობით "დაავაჟკაცა". ანუ "ჭირისუფალი" ტრულაილა გადაწყვეტს ქელეხის თამადად დასვას ის, ვინც პირველი იყო მისი "მიცვალებული" სასქესო ორგანოსთვის. სალაზღანდაროდ გამოძახებული ლამარიე ყველაფერს ცვლის და ცვლის იმიტომ, რომ თავადაა შეცვლილი. ჩერჩეტი, უმწეო გოგონა საძმაკაცოს სრულიად ტრანსფორმირებული სახით წარმოუდგება: მასში დიდი ძალაა საიდანღაც გაჩენილი, რომლის მეშვეობითაც ყოფილ გამბახებლებს საკუთარი დიქტატის ქვეშ აქცევს, ქარის სუსხი შემოაქვს სუფრაზე, ღაღადებს, წინასწარმეტყველებს, ტაკიმასხრობას რიტუალით ცვლის, დატირებას აწყობს. მკვდარ ფალოსს სუფრაზე მჯდომი პარტიული ფუნქციონერის ოქროს კალმით ანაცვლებს, სუდარად საკუთარ მარაოს იყენებს... პარტიული ფუნქციონრების კალმები მთელი საბჭოთა პერიოდის განმავლობაში ხომ ყველაზე საშიში იარაღი იყო, ისინი წყვეტდნენ ადამიანების ბედს, ისინი აწერდნენ დახვრეტის თუ გადასახლების ბრძანებებს ხელს. „პერესტროიკის“ ჟამს კი მოდის ლამარიე და აცხადებს, რომ ამ კალამს მელანი გამოუშრა, რომ ის ახლა სიმბოლურად ლენინის გვამია, რომ ის უკვე იმპოტენტია. ესაა მთავარი გზავნილი, რომელიც ლამარიეს მომაკვდავ საბჭოურ სინამდვილეში ჩაძირულ მექელეხეებთან მიაქვს.

ნინო სადღობელაშვილი
ნინო სადღობელაშვილი

მოვუსმინოთ კვლავ ნინო სადღობელაშვილს.

ნინო სადღობელაშვილი: "თან ჰქვია ლამარიე. ეს სახელი ღვთისმშობლის სახელთან ასოცირდება სვანურ ენაში. რომ დავურთოთ ეს კონტექსტები, ესეც არის გროტესკი ქალის, დაცემული ქალის თუ პირველყოფილი ქალის, რომელიც თავის თავში შეიძლება იყოს კიდევაც ღვთისმშობელი, რომელმაც ერთადერთი რამის გაჩენა შეძლო: სიყვარულის გაჩენა, და ის იყო ასეთი უმწიფარი, უნაყოფო, და თან კიდევ ვერც ერთ კაცთან, ვისთანაც იყო, სულიერი კავშირი ვერ დაამყარა, დარჩა ამ თავისი სიყვარულის ამარა, ამ თავის სიყვარულზე ჯვარცმული და გაწბილებული. და იმდენად ხელშეუხებელი, იმდენად თვითმყოფადი, რომ, საბოლოო ჯამში გვევლინება წინასწარმეტყველივითაც კი და იმაზე მეტი ენერგეტიკა აქვს, ვიდრე მთელ იმ სუფრაზე ერთად აღებულ კაცებს. ფაქტია, რომ ეს ქალი არის წამყვანი, თავისი რეჩიტატივებით, რომლებიც არაჩვეულებრივი და ძალიან შთამბეჭდავი და დამთრგუნველია ამ წიგნში - დატირების ტექსტები. ეს ყველაფერი უკავშირდება ამ ქალს. ვერანაირი ნაყოფი ვერ შვა მან, ვერც ხორციელი და ვერც სულიერი, დარჩა სიყვარულის იდეის ამარა, რომელიც, პრინციპში, გაუგებარია თანამედროვე ადამიანებისათვის და, პრინციპში, ამის გამოც ინგრევა ყველაფერი, ძალიან რომ განვაზოგადოთ, იმპერიები და ა.შ."

საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, ირაკლი სამსონაძის ეს მოთხრობა საკმაოდ პროვოკაციულია. ის გააზრებულად, მარტივ ფროიდისტულ სქემაზე აწყობს ტექსტს და, გარკვეულწილად, დასცინის კიდეც სწორხაზოვან ასეთ ტექსტებს. ხოლო ქართული სუფრის მარაზმულ ფალოცენტრულობას, რაც ყველაზე მძაფრად შეიძლება აქამდე თბილისურ რესტორანში ოფიციანტის ნეკა თითის შეწვის სცენით იყო აქამდე წარმოდგენილი გურამ ფანჯიკიძის "თვალი პატიოსანში", ქუთაისურ რესტორანში ასრულებს ფალოსის ქელეხით. აქ ოფიციანტს თითის მოჭრას უკვე არ სთხოვენ, სთხოვენ მხოლოდ და მხოლოდ "სიმპატიური ჯოხის" მოტანას, ხოლო როცა "სიმპატიურ ჯოხად" მას სალამური მოაქვს, ამ სალამურზე აკვრევინებენ. საბჭოთა სისასტიკე სუფრაზეც კი კარიკატურულ სახეს იღებს. ერთი "ცეხავიკის" სასქესო ორგანოს ქელეხი სალამურის ჭიკჭიკში და მეძავი ლამარიეს რეჩიტატივების ქვეშ იმპერიის ქელეხად გარდაიქმნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG