Accessibility links

ირანი და საქართველო ეკონომიკისა და საერთაშორისო პოლიტიკის სარკეში


მოჰამედ ჯავად ზარიფი და მიხეილ ჯანელიძე

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ორი ქვეყნის ურთიერთობებში „ახალი ფურცელი“ იშლება და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების ეტაპი დგება. მოჰამედ ჯავად ზარიფი, თავისი პირველი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 18 აპრილს შეხვედრებს მართავდა საქართველოს ხელისუფლების ლიდერებთან. ირანი და საქართველო ურთიერთობებისთვის ახალი იმპულსის მიცემას გეგმავენ ვაჭრობის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა თუ განათლების სფეროებში. საგანგებოდ აღინიშნება საქართველოს როლი და სატრანზიტო დერეფნის ამოქმედების პერსპექტივები. როგორ გამოიყურება ირანისა და საქართველოს ურთიერთობები საერთაშორისო პოლიტიკის ჭრილში, სადაც საქართველო და ირანი სხვადასხვა ბანაკს წარმოადგენენ და საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, დაძაბული ურთიერთობები აქვს თეირანთან? ეს დაპირისპირება ახალი ძალით გამწვავდა სირიაში მიმდინარე მოვლენების ჭრილში.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც 18 აპრილს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა, მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ირანელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყანა ახალი ძალით შეუდგება თანამშრომლობის გაღრმავებას, საერთო ინტერესებზე დაყრდნობით. პრიორიტეტულ მიზნებად დასახელდა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებისა და ბიზნესთანამშრომლობის განვითარება. მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დიდ პოტენციალს ხედავს და სამომავლო თანამშრომლობას ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების ჭრილში განიხილავს:

განვიხილეთ სხვადასხვა შესაძლებლობა ირანისა და საქართველოს თანამშრომლობის კუთხით - დაწყებული ტრანზიტით და გაგრძელებული წარმოებით, სოფლის მეურნეობით, მეცნიერებით, ტექნოლოგიებით... მათ შორის, ასევე, თანამშრომლობით საერთაშორისო ორგანიზაციებში და თანამშრომლობით რეგიონალური საკითხების გარშემო ...

„დღეს საქართველო, როგორც ევროპული სახელმწიფო, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესით მონიჭებული განსაკუთრებული შესაძლებლობებით წარმოადგენს კარიბჭეს ჩვენი რეგიონის ქვეყნებისთვის და აზიური ქვეყნებისთვის ევროპაში და პირიქით. საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად უწყობს ხელს ქვეყნის ამ ფუნქციის განვითარებას და სარკინიგზო, სახმელეთო ტრანსპორტის და საზღვაო დერეფნების განვითარებას. აღსანიშნავია, რომ საქართველო ჩართულია სარკინიგზო გადაზიდვების დერეფნის განვითარების პროექტში, ერთიანი ტარიფი შეთანხმებულია ჩვენი რკინიგზის ძალისხმევით და მისასალმებელია, რომ აზერბაიჯანი-ირანის დამაკავშირებელი სარკინიგზო მონაკვეთი დასრულდა. ეს ყველაფერი ხელს უწყობს საქართველოს გავლით აზიიდან ტვირთების ტრანსპორტირების ზრდას ევროპის მიმართულებით“.

საქართველოსა და ირანის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ბევრი ილაპარაკა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ თავის პირველ ოფიციალურ ვიზიტს მოჰამედ ჯავად ზარიფი ახლებური მომავლის დასაწყისად აღიქვამს. ის ურთიერთობების „ახალ ფურცელზე“ ლაპარაკობს და სამომავლო ურთიერთობებს ძირითადად ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ ჭრილში განიხილავს:

„განვიხილეთ სხვადასხვა შესაძლებლობა ირანისა და საქართველოს თანამშრომლობის კუთხით - დაწყებული ტრანზიტით და გაგრძელებული წარმოებით, სოფლის მეურნეობით, მეცნიერებით, ტექნოლოგიებით... მათ შორის, ასევე, თანამშრომლობით საერთაშორისო ორგანიზაციებში და თანამშრომლობით რეგიონალური საკითხების გარშემო. მჯერა, რომ ჩვენ ფართო შესაძლებლობები გვაქვს. დერეფანი სპარსეთის ყურესა და შავ ზღვას შორის არა მხოლოდ აკავშირებს ჩვენს ქვეყნებს, არამედ მსოფლიოს აახლოებს. აზიიდან ევროპისკენ გაცილებით დაბალი ტრანსპორტირების საფასური ჩვენ გვაძლევს კარგ საშუალებას, რომ ირანის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ჩართულობით, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა“.

ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობების გაღრმავება ასევე ძირითადად სავაჭრო-ეკონომიკურ ასპექტში იქნა განხილული შეხვედრებზე, რომლებიც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ჯავად ზარიფმა გამართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებისას საუბარი შეეხო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს, მათ შორის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურისა და სამრეწველო სფეროებში. ამ კონტექსტში საგანგებოდ აღინიშნა მნიშვნელობა საქართველო-ირანის ბიზნესფორუმისა, რომელიც 18 აპრილს გაიხსნა თბილისში და რომელშიც ორი ქვეყნის ბიზნესწრეების 100-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა. თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვან იმპულსად განიხილება პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი თეირანში, რომელიც 22-23 აპრილს შედგება.

18 აპრილს ოფიციალურ პირებს ირანისა და საქართველოს ურთიერთობები არ დაუკონკრეტებიათ საერთაშორისო პოლიტიკის დაძაბულობის კონტექსტში. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ არაფერი თქმულა საჯაროდ. ეს არის სწორედ ის მიმართულება, სადაც ირანი და საქართველო სხვადასხვა ბანაკში ითვლებიან და წყალგამყოფს ამ ეტაპზე ძირითადად სირიის საკითხი წარმოადგენს. თუკი ირანი, რუსეთთან ერთად, პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს ეხმარება, საქართველო დგას დასავლეთთან ერთად, რომელიც სასტიკად შეშფოთებულია ასადის რეჟიმის მხრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტით. თუმცა აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობა ისედაც მნიშვნელოვნად დაიძაბა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტის პოსტი დონალდ ტრამპმა დაიკავა. მაგალითად, 3 თებერვალს ვაშინგტონმა დამატებითი სანქციები დაუწესა 25 კერძო პირსა და ორგანიზაციას ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტის (29 იანვარს) გამოცდისა და სხვა ნაბიჯების გამო. ამასთან, ირანი მოხვდა იმ ქვეყნების სიაში, რომლებსაც ვაშინგტონის მიერ წლის დასაწყისში გამოცემული სავიზო აკრძალვა შეეხო.

გიორგი ხატიაშვილი
გიორგი ხატიაშვილი

საერთაშორისო პოლიტიკის დიდ ასპარეზზე განვითარებული მოვლენები ირანისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ხელშემშლელ ფაქტორად არ მიაჩნიათ ანალიტიკოსებს. მაგალითად, როგორც საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტმა გიორგი ხატიაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, საქართველოს ამ შემთხვევაში არანაირი დამაბრკოლებელი ვალდებულებები არ გააჩნია:

„ჩვენ სხვა ორბიტაზე ვართ პოლიტიკურად, ირანი სხვა ორბიტაზეა. სირიის სამოქალაქო ომში ირანი ასადს უჭერს მხარს, ჩვენ მხარი დავუჭირეთ ტრამპის მიერ სამხედრო ავიაბაზის დაბომბვას... მაგრამ ეს არ უნდა იყოს დიდი განხეთქილების ვაშლი, რადგანაც არ ვთამაშობთ არანაირ როლს სირიაში. შესაბამისად, ორივეს გვესმის, რომ ამ საკითხთან მიმართებით ჩვენი პოზიციები განსხვავდება და გადავდივართ იმ საკითხებზე, რომლებიც შეიძლება, რომ მეტ-ნაკლებად მოლაპარაკებულ იქნას. ამჟამად ამერიკის ადმინისტრაცია კი უფრო მტრულად არის განწყობილი ირანის მიმართ, მაგრამ საქართველო პატარა ქვეყანაა და ჩვენ უნდა გავატაროთ ზომიერი პოლიტიკა“.

გეოპოლიტიკის გათვალისწინებით, საქართველო ვერ აუვლის გვერდს ირანთან ურთიერთობას, მათ შორის - ევროპული ქვეყნების ინტერესების ჭრილში, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ანდრია გვიდიანი. მისი თქმით, ორ ქვეყანას შესაძლებლობა აქვს აითვისოს არსებული დიდი პოტენციალი და ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა სარკინიგზო გადაზიდვები.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG