Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში მომხდარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ალ ყაიდამ აიღო


ერაყში ბოლო ხანს მომხდარი ძალადობისა და თავდასხმების ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა აიღო ალ ყაიდის წამყვანმა დაჯგუფებამ, სახელწოდებით „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო“. რამადანის თვის დასრულების ხსნის დღესასწაულზე მომხდარ თავდასხმებში, ქვეყნის მასშტაბით, ასობით ადამიანი დაიხოცა. დაჯგუფების მიერ გავრცელებულ განაცხადებში ნათქვამია, რომ შიიტ მუსლიმებს არ ეღირსებათ მშვიდად ცხოვრება არც დღისით და არც ღამით, მათ შორის, არც ხსნის დღესასწაულის დროს.

ძალადობის ტალღის პასუხად, ერაყის უსაფრთხოების ძალებმა კონტროლი გააძლიერეს და ქვეყნის დედაქალაქში მანქანების ჩხრეკა დაიწყეს, რამაც დიდი საცობები წარმოქმნა. მიუხედავად ასეთი მკაცრი ზომებისა, გასულ კვირაში 9 სამოქალაქო პირი დაიღუპა. ძალადობა ერაყში რელიგიური ნიშნით ხდება. თავდასხმების სამიზნე უპირატესად ერაყში მცხოვრები შიიტები და მათი სალოცავებია. ერაყის ხელისუფლების ინფორმაციით, გასულ შაბათს ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ თავდასხმებს 74 კაცი ემსხვერპლა, მუსლიმთა წმინდა დღესასწაულის განმავლობაში კი ძალადობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 800-ს მიაღწია.

ძალადობის ასეთი მასშტაბების გამო ერაყის მოქალაქეები ხმამაღლა გამოხატავენ იმედგაცრუებას მთავრობისა და უსაფრთხოების ძალების მიმართ, რომლებმაც ვერ მოახერხეს ხსნის დღესასწაულის დროს ასეთი ძალადობის თავიდან აცილება.

ანალიტიკოსების შეფასებით კი, ძალადობის ახალი ტალღის აგორება უკავშირდება სუნიტური უმცირესობის აღშფოთებას შიიტების უმრავლესობით მოქმედი ერაყის მთავრობის გამო, რომელმაც, მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციების მიუხედავად, ყურად არ იღო სუნიტების მოთხოვნები.

სულ ახლახან გამოქვეყნდა ერაყის მთავრობის მონაცემები, რომლის თანახმადაც მხოლოდ ივლისის თვეში მომხდარი ძალადობისას, მთელი ქვეყნის მასტშაბით, 1000-მდე კაცი დაიღუპა. მანამდე ბაღდადის ახლომდებარე ციხეებზე ალ ყაიდის მიერ ორგანიზებული თავდასხმები განხორციელდა, რის შედეგადაც ციხეებიდან ათასობით პატიმარი გაიქცა, მათ შორის, ექსტრემისტული ორგანიზაციის ლიდერები. ეს ფაქტი კი ბევრს იმაზე მიანიშნებდა, რომ მოსალოდნელი იყო ქვეყანაში, უსაფრთხოების თვალსაზრისით, მდგომარეობა გაუარესებულიყო.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო ტერორისტული თავდასხმები მუსლიმთა ხსნის დღესასწაულზე და მას „ისლამის მტრების“ ნამოქმედარი უწოდა.

ვაშინგტონმა გაიმეორა, რომ აშშ-ის მთავრობა 10 მილიონი დოლარის ჯილდოს ჰპირდება მას, ვინც ალ ყაიდის ერაყის დაჯგუფების ლიდერს აბუ ბაქრ ალ ბაღდადის ან შეიპყრობს, ან მოკლავს.

გავრცელებული ინფორმაციით, ალ ბაღდადის, რომელიც სირიაში იმალება, პირადი პასუხისმგებლობა ეკისრება ერაყში 2011 წლის შემდეგ განხორციელებულ ყველა თავდასხმის ორგანიზებაში. მათ შორისაა თავდასხმა აბუ ღრაიბის ციხეზე, თვითმკვლელთა იერიშები იუსტიციის სამინისტროზე, უსაფრთხოების ძალებსა თუ სამოქალაქო პირებზე.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG