Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მოკრძალებული ჩაცმულობა“ ერაყელი მოხელე ქალებისთვის


ერაყელი ქალი ტრადიციულ სამოსში
ერაყელი ქალი ტრადიციულ სამოსში
როგორ ტანსაცმელს უნდა ატარებდნენ ქალები სამსახურში? ერაყში ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხი გახდა მას შემდეგ, რაც ქვეყნის მთავრობამ გამოსცა ჩაცმულობის კოდექსი, რომელმაც სამოქალაქო სექტორში დასაქმებულ ქალთა აღშფოთება გამოიწვია.

დირექტივა, რომელიც 18 დეკემბერს ერაყის ქალთა საკითხების სამინისტრომ გამოსცა, ადგენს აკრძალული სამოსის ჩამონათვალს: ტანზე შემომდგარი მაისური, შემოტმასნილი შარვლები და მოკლე კაბა. სამსახურში ქალებს ასევე ეკრძალებათ სანდლების, გამომწვევი და თვალისმომჭრელი ტანსაცმლის ტარება. აღნიშნულ კოდექსს მიუღებლად მიიჩნევს ჰამსა სალაჰი, რომელიც სამთავრობო სტრუქტურაში მუშაობს:

„ჩვენ, მთავრობის მოხელეები, მივიჩნევთ, რომ ჩაცმულობა პირადი საქმეა. არავითარ უწყებას, არავითარ სამინისტროს არა აქვს უფლება ჩაერიოს ამაში და ოფიციალურად დაადგინოს ჩაცმულობა. ჩვენ არ ვეთანხმებით ამას.“

ნუთუ ეს ნამდვილად ისაა, რაზეც ქალთა საკითხების სამინისტრო უნდა ფიქრობდეს?

სალაჰი და მასავით სხვა უამრავი მოხელე ქალი დირექტივას უსარგებლოდ მიიჩნევს. ერაყში ხომ ისედაც ცოტას ნახავთ ქალებს, რომლებსაც გამომწვევად ეცვათ საზოგადოებაში, სადაც მამაკაცები კიდევ უფრო რადიკალურები გახდნენ ძალადობრივი და თვითმარქვია გენდერული პოლიტიკის შედეგად, რაც ქუჩაში მყოფ ქალებს შიშის ზარს სცემს.

მაგრამ ყველაზე დიდი შეურაცხყოფა ერაყელი ქალებისათვის იყო იმის შეგნება, რომ ჩაცმულობის შემზღუდავი დირექტივა შემუშავდა არა რომელიმე ფუნდამენტური რელიგიური ინსტიტუტის, არამედ ერაყის ქალთა საკითხების სამინისტროს მიერ, რომელიც, წესით, უნდა იცავდეს ქალთა უფლებებს. მთავრობის მოხელე ქალმა რაზან აბდალამ უწყების ასეთ ქმედებას ქალების ღალატი უწოდა.

„ნუთუ ეს ნამდვილად ისაა, რაზეც ქალთა საკითხების სამინისტრო უნდა ფიქრობდეს? ნამდვილად ეს არის სამინისტროს საქმე? განა ჩაცმულობაა ის პრობლემა, რომელიც ქალების წინაშე დგას? ნამდვილად უფრო დიდი პრობლემები არსებობს, რომლებიც ქალებს აწუხებთ!“

ნამდვილი პრობლემები კი ერაყელ ქალებს თავსაყრელი აქვთ - ერაყული ოჯახების 11 პროცენტში ძირითადი მარჩენალი ქალია, ხოლო 74 პროცენტი იმ ოჯახებისა, სადაც ქალი დაქვრივდა, ქალები ერთადერთი მარჩენლები არიან.

„ერაყელი ქალები სამსახურში დადიან არა თავიანთი სილამაზის გამოსაჩენად, არამედ იმისათვის, რომ საკუთარი ქვეყნის აღმშენებლობაში მიიღონ მონაწილეობა“, - აცხადებს სუნდუს აბასი, ლიდერ ქალთა ინსტიტუტის დირექტორი, რომელიც მოუწოდებს ერაყის მთავრობას არ მიიღოს ისეთი დირექტივები, რომელიც შეამცირებდა დაქირავებული ქალების რაოდენობას სამთავრობო უწყებებში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG