Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზავი, რომელმაც ეგვიპტის ავტორიტეტი განამტკიცა


გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი "ჰამასსა" და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ ესაუბრება გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის წევრებს
გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი "ჰამასსა" და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ ესაუბრება გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის წევრებს
ისლამისტური დაჯგუფება „ჰამასo“ და ისრაელი ოთხშაბათს, მხარეებს შორის მიმდინარე რვადღიანი ბრძოლის შემდეგ, დაზავდნენ. ხუთშაბათი კი დასვენების დღედ გამოცხადდა ღაზაში, სადაც მოსახლეობამ ქალაქის ქუჩები ნანგრევებისაგან გაწმინდა და ცხოვრება ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდა.

„ჰამასსა“ და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ოთხშაბათ ღამით გამოცხადდა ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ კამელ ამრი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი. ამ სამშვიდობო ნაბიჯს ჰილარი კლინტონმა რეგიონისათვის გარდატეხის მომენტი უწოდა:

„ეს არის გარდატეხის მომენტი რეგიონისათვის. ეგვიპტის ახალმა მთავრობამ იკისრა პასუხისმგებლობა და ლიდერობა, რამაც ჯერ კიდევ ადრე გადააქცია ეს ქვეყანა რეგიონალური სტაბილურობისა და მშვიდობის ქვაკუთხედად“.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ გაითვალისწინა აშშ-ის რჩევა, შანსი მიეცა ეგვიპტისათვის, რომელმაც ცეცხლის შეწყვეტისათვის შუამავლობა იკისრა. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა კი განაცხადა, რომ ისრაელის არმიამ დაასრულა სამხედრო ოპერაცია, თუმცა „ჰამასის“ ლიდერმა ხალედ მეშაალმა ცეცხლის შეწყვეტას ისრაელის „ტაქტიკური მარცხი“ უწოდა.

მოკონფლიქტე მხარეები ამჟამად განიხილავენ შესაძლებლობას, ისრაელმა გახსნას საზღვრები ბლოკირებული ღაზის სექტორისათვის. გაეროს გენერალურმა მდივანმა, რომელიც ჩართული იყო მოლაპარაკების პროცესში, მოუწოდა ისრაელსა და „ჰამასს“, დაიცვან ზავის პირობები. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა 22 ნოემბერს, ხელისუფლების სახელით, მიმართვა გაავრცელა:

„მივესალმებით ცეცხლის შეწყვეტას ღაზაში, მხარს ვუჭერთ და მაღალ შეფასებას ვაძლევთ ეგვიპტის სამშვიდობო ძალისხმევას, რამაც დიდწილად განაპირობა მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება. მოვუწოდებთ მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება, სრულად დაიცვან მიღწეული ურთიერთგაგების ყველა ჩანაწერი და არსი, გამორიცხონ მიბრუნება შეიარაღებული დაპირისპირებისკენ“.

თითქმის რვადღიანმა ბრძოლებმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 161 პალესტინელის - მათ შორის, 71 სამოქალაქო პირის - სიცოცხლე შეიწირა. საარტილერიო დაბომბვაში 5 ისრაელი დაიღუპა. 14 ნოემბრიდან მოყოლებული, ისრაელმა ღაზის სექტორში განლაგებულ ობიექტებზე 1500 საავიაციო და სხვა სახის შეტევა განახორციელა, „ჰამასმა“ კი 1000-მდე რაკეტა ესროლა ისრაელის ტერიტორიას. ევროკავშირი მიესალმა დაზავებას ისრაელსა და „ჰამასს“ შორის, ხოლო კავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა კეტრინ ეშტონმა მაღალი შეფასება მისცა ეგვიპტის საშუამავლო ძალისხმევას. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა დიდი წარმატებაა ეგვიპტის ახალი ისლამისტური მთავრობისათვის. ცნობილია, რომ „ჰამასი“ ეგვიპტის მმართველი პარტიის, „მუსლიმთა საძმოს“, ერთ-ერთ განშტოებას წარმოადგენს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG