Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჯილდაო იერუსალიმი


დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა
დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა

8 დეკემბერს გავრცელდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ ის ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმს აღიარებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი მშვიდობიანად, დიალოგით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე მოგვარდეს და გადაწყვეტილება პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ იქნეს მიღებული. რა რისკებსა და საფრთხეებს შეიძლება უკავშირდებოდეს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება და ამ პროცესში საქართველოს ჩართვა?

საჯილდაო იერუსალიმი
please wait

No media source currently available

0:00 0:05:02 0:00
გადმოწერა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, 6 დეკემბრის განცხადებას, რომ ამიერიდან ის იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად აღიარებს, მალევე მოჰყვა მსოფლიო თანამეგობრობის უკმაყოფილება. დაიგეგმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაც, თუმცა, მიუხედავად ამისა, დონალდ ტრამპმა სახელმწიფო დეპარტამენტს უკვე დაავალა, დაიწყოს აშშ-ის საელჩოს ტელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის პროცესი. სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და ამ პროცესის პერსპექტივასა და პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე გაამახვილა ყურადღება:

რექს ტილერსონი
რექს ტილერსონი

„როგორც იცით, 1995 წლის კანონი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში იქნა მიღებული, მოითხოვს იერუსალიმის ისრაელის დედაქალად აღიარებასა და ჩვენი საელჩოს იქ გადატანას. პრეზიდენტმა, უბრალოდ, აღასრულა ამერიკელი ხალხის ნება. რეალობა ისაა, რომ: ისრაელის მთავრობა, სასამართლოები, პრემიერმინისტრის ოფისი - ეს ყველაფერი დღეს იერუსალიმშია. რაც შეეხება საელჩოს გადატანას, ამ პროცესის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფო დეპარტამენტმა აიღო. ეს, რა თქმა უნდა, სწრაფად ვერ მოხდება. ჩვენ უნდა შევიმუშაოთ მშენებლობის გეგმა. ასე რომ, ეს არ არის ისეთი რამ, რაც ერთ ღამეში მოგვარდება“.

1995 წელს აშშ-ის კონგრესმა მიიღო კანონი აშშ-ის საელჩოს ტელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის თაობაზე, თუმცა კონგრესმა აშშ-ის პრეზიდენტს ასევე მისცა უფლება, ყოველ ექვს თვეში ერთხელ კანონს დაადოს ვეტო, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. ამ ხნის განმავლობაში ტრამპი გახდა პირველი პრეზიდენტი, რომელმაც გადაწყვიტა აღასრულოს კანონი.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას მალევე მოჰყვა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ მოწოდება საქართველოში „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელ იციკ მოშისა, რომელიც თვლის, რომ საქართველომ აუცილებლად უნდა დაუჭიროს მხარი აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. როგორც იციკ მოში რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, ეს იქნება ისტორიული სამართლიანობის აღდგენა:

საკითხი არის ძალიან სენსიტიური. ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა და საქართველო დააფიქსირებს თავის პოზიციას, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე - რა თქმა უნდა, საერთაშორისო კონიუნქტურისა და იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომლებიც არსებობს რეგიონში...
გიორგი კვირიკაშვილი

„ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ველოდებით თითქმის 70 წელია - იმის შემდეგ, რაც 1949 წელს ბენ-გურიონმა იერუსალიმი გამოაცხადა ისრაელის ოფიციალურ დედაქალაქად. და, საერთოდ, ებრაელები 3 000 წელია გრძნობენ, რომ ეს არის მათი დედაქალაქი. და ამიტომ, რაც ხდება, ეს არის ძალიან ბუნებრივი. მე მჯერა, რომ საქართველოს ექნება კონსულტაციები საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ქვეყნებთან და ასევე ისრაელთან“.

იციკ მოშის გარდა, პრემიერ-მინისტრს მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა შოთა შალელაშვილმა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის ოფიციალურად აღიარების შესახებ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია უმრავლესობის ფარგლებში ასეთი საჯარო წერილებისა და განცხადებების წერა. რაც შეეხება იერუსალიმის დედაქალაქად აღიარებას, გიორგი კვირიკაშვილი ამბობს:

„საკითხი არის ძალიან სენსიტიური. ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა და საქართველო დააფიქსირებს თავის პოზიციას, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე - რა თქმა უნდა, საერთაშორისო კონიუნქტურისა და იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომლებიც არსებობს რეგიონში“.

პალესტინელები მართავენ მასობრივ აქციებს, რათა გააპროტესტონ აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება
პალესტინელები მართავენ მასობრივ აქციებს, რათა გააპროტესტონ აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება

პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით 7 დეკემბერსვე გავრცელდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, სადაც ვკითხულობთ:

„ჩვენ ყურადღებით გავეცანით საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის პრეზიდენტის, განცხადებას იერუსალიმის თაობაზე, ასევე ინფორმაციას, რომ ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული საკითხის ფართო საერთაშორისო განხილვა, მათ შორის გაეროშიც. საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, რათა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარება მოხდეს მშვიდობიანად, დიალოგით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვაკვირდებით მოვლენების შემდგომ განვითარებას და გავაგრძელებთ კონსულტაციებს პარტნიორებთან“.

მე მგონი, რომ ყოველგვარი შესაძლო რისკებისგან, საფრთხეებისგან და გამოწვევებისგან თავის არიდების მიზნით, ეს საკითხი ჯერჯერობით არ უნდა განიხილოს. მე არ მგონია, რომ დღეს ამ საკითხის განხილვა პოლიტიკურად მომგებიანი საკითხი იყოს...
შორენა ლორთქიფანიძე

„დღეს საქართველო არ დგას იმ აუცილებელი არჩევანის წინაშე, რომ განიხილოს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების საკითხი“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას შორენა ლორთქიფანიძე, პოლიტოლოგი, "თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს" წარმომადგენელი:

„მე მგონი, რომ ყოველგვარი შესაძლო რისკებისგან, საფრთხეებისგან და გამოწვევებისგან თავის არიდების მიზნით, ეს საკითხი ჯერჯერობით არ უნდა განიხილოს. მე არ მგონია, რომ დღეს ამ საკითხის განხილვა პოლიტიკურად მომგებიანი საკითხი იყოს“.

რისკები და მოსალოდნელი საფრთხეები კი მრავალწახნაგოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე, ზოგადად, მსოფლიოსთვის, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას გიორგი გობრონიძე, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი, რადგან, მისი თქმით, ისრაელისა და არაბული სამყაროს კონფლიქტი - ეს არის პრობლემა, რომელიც გაჩნდა ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან და რომელიც დღემდე ვერ მოგვარდა. გიორგი გობრონიძის სიტყვებით, იერუსალიმი მხოლოდ ტერიტორია და პოლიტიკური შინაარსის მატარებელი სივრცე არ არის:

„ებრაელთათვისაც და არაბებისთვისაც იერუსალიმი იყო განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ქალაქი, რადგან იერუსალიმი პრაქტიკულად ასოცირებულია ებრაულ იდენტობასთან და, ჩემი აზრით, ისრაელი არ არსებობს იერუსალიმის გარეშე. მათი რწმენა, მათი იდენტობა, მათი ეროვნული თვითმყოფადობის საკითხი ცალსახად ბრუნავს იერუსალიმის გარშემო. ასევე მნიშვნელოვანია იერუსალიმის როლი მუსლიმებისთვისაც. თუ ვსაუბრობთ იერუსალიმზე, როგორც წმინდა ქალაქზე და როგორც ერთგვარ მაიდენტიფიცირებელ ქალაქზე ამ ორი, განსხვავებული კულტურის მატარებელი ხალხისთვის, ეს იყო ადგილი, საიდანაც წინასწარმეტყველი მუჰამედი ამაღლდა ზეცად. ანუ იერუსალიმის ყოფნა ისლამურ წიაღში ისეთივე მნიშვნელოვანი იყო პალესტინელთათვის, როგორც ებრაელთათვის იერუსალიმში ყოფნა“.

სწორედ ამიტომ, გიორგი გობრონიძე თვლის, რომ სანამ საქართველო თავის გადაწყვეტილებას დააფიქსირებს, მანამდე მაქსიმალურად უნდა აწონ-დაწონოს ის რისკები, რომელიც შეიძლება ამ გადაწყვეტილებას მოჰყვეს, მათ შორის როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით:

გიორგი გობრონიძე
გიორგი გობრონიძე

„მნიშვნელოვანია ჩვენ შევხედოთ იმას, თუ რა ურთიერთობა გვაქვს დღეს ჩვენ ისრაელთან და, შესაბამისად, რა დაზარალდება ან არ დაზარალდება ამ საკითხისგან თავის შეკავებით. მეორე მხრივ, ასევე მნიშვნელოვანია, რომ შევხედოთ იმასაც, რომ აღიარების შემთხვევაში რა ინტერესები შეიძლება დაზარალდეს, რადგან საქართველოს აქვს განსაკუთრებული ურთიერთობები და ასევე არსებობს განსაკუთრებული ინტერესები ახლო აღმოსავლეთის არაბულ სახელმწიფოებთან და აქ მნიშვნელოვანია იმის შეფასება, რომ ეს გადაწყვეტილება მოახდენს თუ არა გავლენას ამ ურთიერთობებზე, ინვესტიციებზე, ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ვაჭრობაზე და ა.შ. და ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოში, სამწუხაროდ, იკვეთება რადიკალური ისლამისტური ჯგუფების საფრთხეები და ამიტომ ეს ყველაფერი, მთლიანობაში, ძალიან ყურადღებითაა ასაწონ-დასაწონი“.

აღსანიშნავია ისიც, რომ ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ ლიდერმა, ისმაილ ჰანიამ, ომის გამოცხადება და სამშვიდობო პროცესის სამუდამოდ დასამარება უწოდა აშშ-ის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებას და პალესტინელებს მიმართა, დაიწყონ ახალი შეიარაღებული აჯანყება, ინტიფადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG