Accessibility links

შეხვედრები ვაშინგტონში - საქართველო ამერიკის მტკიცე პარტნიორი


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის შეხვედრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის ორდღიანი ვიზიტი ვაშინგტონში დასრულებულია. 9-10 თებერვალს მან რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა გამართა თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და სენატში. მათ შორის განსაკუთრებით საყურადღებო იყო შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორი და მოკავშირე. საგარეო საქმეთა მინისტრისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრას „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

მტკიცე პარტნიორი და მოკავშირე - ასე ხედავს ამერიკა საქართველოს ვაშინგტონიდან და არა მხოლოდ რეგიონში, არამედ გლობალურ კონტექსტში. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ერთ-ერთი უმთავრესი გზავნილი შეხვედრისა, რომელიც 10 თებერვალს შედგა ვაშინგტონში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონს შორის. დახურულ კარს მიღმა გამართული ნახევარსაათიანი შეხვედრა ყურადღების ცენტრში მოექცა თუნდაც იმის გამო, რომ რექს ტილერსონი პოსტზე დამტკიცებიდან 9 დღის თავზე შეხვდა ქართველ დიპლომატს. ანალიტიკოსების აზრით, ეს შეხვედრა მიანიშნებს იმაზე, რომ აშშ-ს აქვს მკაფიო პოზიცია თავისი სტრატეგიული მოკავშირეების მიმართ და რომ, მიუხედავად ადმინისტრაციის შეცვლისა, ამერიკის პოლიტიკა პარტნიორებთან დაკავშირებით არ იცვლება.

ერთ-ერთი პირველი, ვისაც სახელმწიფო მდივანი შეხვდა, სწორედ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და ის გზავნილები, რომელიც ჩვენ მივიღეთ ვაშინგტონიდან, არის იმის დადასტურება, რომ აშშ ძალიან ზუსტად აღიქვამს და, პირველ რიგში, აფასებს იმ ძალისხმევას, რომელიც საქართველომ გასწია...
დავით ბაქრაძე

ეს ვარაუდები გამოითქმოდა შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე და ახლა უკვე, ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ანალიტიკოსთა ვარაუდები მართლდება. ამასვე ადასტურებს საქართველოს ელჩი ამერიკაში დავით ბაქრაძე:

„ერთ-ერთი პირველი, ვისაც სახელმწიფო მდივანი შეხვდა, სწორედ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და ის გზავნილები, რომელიც ჩვენ მივიღეთ ვაშინგტონიდან, არის იმის დადასტურება, რომ აშშ ძალიან ზუსტად აღიქვამს და, პირველ რიგში, აფასებს იმ ძალისხმევას, რომელიც საქართველომ გასწია როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების ღონისძიებებში მონაწილეობის თვალსაზრისით, ასევე ბოლო წლების განმავლობაში დემოკრატიული რეფორმების კუთხით“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ტვიტერით“ გამოეხმაურა მიხეილ ჯანელიძისა და რექს ტილერსონის შეხვედრას:

„ჯანელიძე არის იმ პირველ დიპლომატთა შორის, ვინც შეხვდა ამერიკის სახელმწიფო მდივანს. დღეს საქართველოსთვის დიდი დღეა“.

თანახმად საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციისა, რომელიც მიხეილ ჯანელიძის სიტყვებს ეყრდნობა, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა განაგრძონ აქტიური დიალოგი საქართველოსთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე და ხელი შეუწყონ ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, შეხვედრაზე ძალიან პოზიტიურად შეფასდა ყველა ის დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმა, რომელსაც საქართველო ბოლო წლებში ატარებს:

„ვისაუბრეთ იმ ეკონომიკურ პოტენციალზე, რომელიც დღეს რეგიონში არსებობს და საქართველოს, როგორც რეგიონის ჰაბის, ფუნქციაზე და ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე. ჩვენ ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ, ვისაუბრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და კიდევ ერთხელ მივიღეთ ჩვენ მტკიცე მხარდაჭერა აშშ-ის მხრიდან ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისადმი, ჩვენი სუვერენიტეტისადმი და მათ აქვთ სურვილი, რომ საქართველოს მაქსიმალურად დაუდგნენ გვერდით ყველა იმ პროცესში, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს სტაბილურ, მშვიდ განვითარებას და უზრუნველყოფს ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერეს“.

„დამაიმედებელი სტარტი“ - ამ სიტყვებით აფასებს მიხეილ ჯანელიძისა და რექს ტილერსონის შეხვედრას რადიო თავისუფლებასთან საუბრისას პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია. თუმცა, მისი თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტულ შედეგებზე საუბარი ნაადრევია, რადგან ეს იყო საქართველოს პირველი შეხება ტრამპის ადმინისტრაციასთან. მაგრამ, მისივე თქმით, აუცილებლად გასათვალისწინებელია ისიც, რომ მიხეილ ჯანელიძე იყო ერთ-ერთი პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვდა. სწორედ ამიტომ, კორნელი კაკაჩია ამ შეხვედრას უწოდებს „ქართული დიპლომატიის წარმატებას“. მისივე სიტყვებით, სამომავლო პერსპექტივებისა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის ამჯერად ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა შთაბეჭდილებები დატოვა საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაშინგტონში გამართული შეხვედრებისას. პოლიტოლოგის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს გადახედოს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ხედვებს, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ის, თუ რამდენად შეიცვლება ამერიკის პოზიცია იმავე რუსეთთან მიმართებით. ასეთ შემთხვევაში კორნელი კაკაჩია ქართული დიპლომატიის ამოცანაზე ამახვილებს ყურადღებას:

კორნელი კაკაჩია
კორნელი კაკაჩია

„ჩვენთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, ალბათ, ის არის, რომ სავარაუდო დაახლოება რუსეთსა და შეერთებული შტატების ადმინისტრაციას შორის არ მოხდეს საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე. ჩვენი დიპლომატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა სწორედ ეს არის, რომ უზრუნველყოს, რომ საქართველო არ იყოს მსხვერპლი ამ დაახლოებისა“.

კორნელი კაკაჩიას მიაჩნია, რომ თუკი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გამართული შეხვედრები ვაშინგტონში უახლოესი ერთი წლის განმავლობაში განმტკიცდება უფრო მაღალი დონის შეხვედრებით, რომელშიც პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას, ეს უკვე იქნება მანიშნებელი იმისა, რომ საქართველომ რეალურად მოახერხა ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობის შენარჩუნება.

აღსანიშნავია ისიც, რომ 9-10 თებერვალს ვაშინგტონში გამართული შეხვედრებისას მხარეებმა ისაუბრეს სტრატეგიული პარტნიორობის დიალოგის ფარგლებში მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების განხორციელებაზე. მიხეილ ჯანელიძის სიტყვებით, სახელმწიფო მდივანმა გამოთქვა ამ ფორმატისადმი სრული მხარდაჭერა და მზაობა, რომ გაიმართოს შეხვედრები.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG