Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსალოდნელი შეხვედრა ჯანი ბუკიკიოსთან და საუბარი კონსტიტუციაზე


ჯანი ბუკიკიო
ჯანი ბუკიკიო

ამ დღეებში საქართველო ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესს მასპინძლობს. კონგრესის მუშაობაში მონაწილეობის მიზნით, საქართველოს ეწვევა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის ხელმძღვანელი, ჯანი ბუკიკიო. ის შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს. შეხვედრების დღის წესრიგშია საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ ორი მოსმენით უკვე მიიღო. საკონსტიტუციო ცვლილებებს აპროტესტებენ ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციების ძირითადი ნაწილი. შესაბამისად, ისინი ჯანი ბუკიკიოს თავიანთ მოსაზრებებს გააცნობენ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აპირებენ, ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის ფარგლებში, ბათუმში ვიზიტად მყოფ ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიოს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებული პრეტენზიები გააცნონ. როგორც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი ეუბნება ჟურნალისტებს, ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს აუხსნიან იმ პოლიტიკურ კონტექსტს, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ შერეული საარჩევნო სისტემის დატოვების არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობაც და ვენეციის კომისიაც ამ ვითარებაში „თავს მოტყუებულად გრძნობენ“, ვინაიდან მათ კონსტიტუციის სულ სხვა ვარიანტზე იმუშავეს, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ კი სულ სხვა ვარიანტს უყარა უკვე ორი მოსმენით კენჭი:

ზურაბ ჭიაბერაშვილი
ზურაბ ჭიაბერაშვილი

„საპარლამენტო უმრავლესობამ სულ სხვა ცვლილებები მიიღო, - იგულისხმება საარჩევნო სისტემა, როცა პროპორციულზე გადასვლა იგეგმებოდა 2020 წლისთვის და მათ ეს 2024 წლისთვის გადასწიეს. ბუნებრივია, ვენეციის კომისია და ბატონი ჯანი ბუკიკიო დაინტერესდებიან , რამ გამოიწვია ასეთი ფუნდამენტური ცვლილება“.

ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ საკონსტიტუციო კომისიის მიერ დამტკიცებული და ვენეციის კომისიაში გაგზავნილი ვარიანტი პარლამენტში შეიცვალა. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არ შეასრულა 2020 წლისთვის მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირება და ცვლილებების დანერგვა 2024 წლამდე გადადო, თუმცა, როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, დეპუტატი გიორგი კახიანი განმარტავს, ხელისუფლებას ვენეციის კომისიასთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობები აქვს და საკონსტიტუციო რეფორმაზე მუშაობა ამის თვალსაჩინო მაგალითია:

„მიმდინარე საკონტიტუციო რეფორმების ფარგლებში გავწერთ იმას, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდება პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე და ამას მომავალში ვერაფერი ვერ შეცვლის, მაგრამ, იმავდროულად, არის რეალობა ისეთი, რომ ამ გადაწყვეტილების და ამ კონსენსუსის მიღწევა უმრავლესობის შიგნით შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმ დათქმით, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩევნები ჩატარდება არა მომდევნო, არამედ იმის შემდგომი არჩევნებიდან“.

როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე განმარტავს, ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის ფარგლებში საქართველოში ვიზიტად მყოფ ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს შეხვდება პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც და მასთან საკონტიტუციო ცვლილებების საკითხს განიხილავს.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსა და ჯანი ბუკიკიოს შორის შეხვედრა დაგეგმილი არ არის. თუმცა სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის დამოკიდებულება საკონსტიტუციო ცვლილებებისადმი ცნობილია. მათ საერთაშორისო თანამეგობრობას წერილობით მიმართეს. წერილში საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები ხაზს უსვამენ ხელისუფლების განზრახვას - ახალი კონსტიტუცია საკუთარ თავზემოირგოს და მოახდინოს „განსხვავებული მოსაზრებების სრული იგნორირება“. წერილის ადრესატები არიან: ევროკავშირის საბჭო, ევროკომისია, ევროპარლამენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და ევროსაბჭოს ვენეციის კომისია. არასამთავრობო სექტორი საერთაშორისო თანამეგობრობისგან სწრაფ და მკაფიო რეაგირებას ითხოვს, რათა საქართველოში რეალური საფრთხე არ შეექმნას დემოკრატიას, რაც შემდეგ ძალიან ცუდი მაგალითი იქნება რეგიონის ქვეყნებისთვის.

არის რეალობა ისეთი, რომ ამ გადაწყვეტილების და ამ კონსენსუსის მიღწევა უმრავლესობის შიგნით შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმ დათქმით, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩევნები ჩატარდება არა მომდევნო, არამედ იმის შემდგომი არჩევნებიდან...
გიორგი კახიანი

კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესთან მიმართებით თავისი პოზიცია გამოხატა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა. მისი სიტყვებით, ევროკავშირი აკვირდება პროცესებს, ისმენს ოპოზიციური პარტიებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს და იმედოვნებს, რომ საკითხთან მიმართებით კონსენსუსი მიიღწევა.

როგორც იურისტი ლევან ალაფიშვილი განმარტავს, მაშინ, როცა არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ საკონსტიტუციო რეფორმასთან მიმართებით კონსენსუსი მიღწეული არ არის და არსებობს ორი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების ვარიანტი, საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას აზრი მაინც აქვს, ვინაიდან მასში ცვლილების განხორციელება შეიძლება მესამე მოსმენისას მაინც მოესწროს.

ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 29 ივნისს უნდა შეხვდნენ.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG