Accessibility links

„თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები დღეიდან მოქალაქეებს გარემოს დაბინძურებისთვის დააჯარიმებენ. ორ კილოგრამამდე ნარჩენით გარემოს დაბინძურება 80 ლარით ჯარიმდება, ორ კილოგრამზე მეტით - 150 ლარით, იგივე ქმედება, ჩადენილი შენობა-ნაგებობებიდან, - 500 ლარით. ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობით ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება 50 ლარით ჯარიმდება.

„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები თბილისში 3 აპრილიდან გამოჩნდნენ. ამ ეტაპზე ისინი მხოლოდ მიუთითებდნენ მოქალაქეებს დარღვევებზე. „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორი გიორგი აზნარაშვილი ამბობს:

„ბევრი შემთხვევა იყო გარემოს დანაგვიანების. ჩვენ გაფრთხილებას ვაძლევდით. ეს გაფრთხილება ზოგმა ძალიან ცუდად მიიღო, ზოგი კი, პირიქით, იღებდა ნაგავს და ურნაში ათავსებდა“.

„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე დავით დოლიძე ამბობს, რომ გაფრთხილებების ეტაპმა უკვე ჩაიარა და 20 აპრილიდან ინსპექტორებს უკვე დაჯარიმებაც შეუძლიათ.

„პირველ ეტაპზე არის 20 ინსპექტორი. ეს 10 ჯგუფია, რომელიც ქალაქის მასშტაბით იმოძრავებს“.

20 აპრილიდან ჯარიმდებიან ის პირებიც, რომელთა ცხოველები გარემოს ფეკალიებით დააბინძურებენ, თუმცა, როგორც გიორგი აზნარაშვილი ამბობს, ინსპექტორები მათ სიტუაციის გამოსწორების საშუალებას აძლევენ.

„ბევრი მობილიზებულია და აქვს ცელოფანი, რომლითაც დაასუფთავებენ, ჩვენც შეგვიძლია მივაწოდოთ ერთჯერადი ხელთათმანი“.

რაც შეეხება უშუალოდ მოსახლეობას, ამ საკითხთან დაკავშირებით რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა ანი ბურდულმა გამოკითხვა ჩაატარა:

„იმედი მაქვს, უფრო გამოასწორებენ ხალხის დამოკიდებულებას ამ თემისადმი“.

„მარტო ნაგავი კი არა, ასეირნებენ ცხოველებს და იმის მაგივრად, რომ გავიარო, ვიყურები, ფეხი რამეში არ ჩავდგა“.

„მე კი დამინაგვიანებია, რა თქმა უნდა, მაგრამ, წესით, უნდა იყოს. მეც რომ ვიყო, უნდა დამიწერონ სანქცია, რადგან ქალაქისთვის არის კარგი“.

„რაღაც სანქცია უნდა არსებობდეს, მაგრამ რამდენად მიზანშეწონილია თანხების ასე გადანაწილება, ამაზე ვერ მოგახსენებთ ვერაფერს“.

„შტატია მეტი საჭირო, რომ ყველა უბანში იყოს. თუ მარტო ცენტრალურ უბნებში იქნება და გარეუბნები დაბინძურებული დარჩება, ის ნაგავი გარეუბნებიდან ისევ აქ მოვა“.

ახალი წესების მიხედვით, განსაკუთრებით არის გამოყოფილი საბურავებით ქალაქის დანაგვიანების თემა. ეს არ ეხება ველოსიპედის საბურავებს. ხუთ ერთეულამდე საბურავებით გარემოს დანაგვიანება 150 ლარით ჯარიმდება, ხუთი ერთეულით ან მეტით კი - 500 ლარით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG