Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

კახეთის განვითარების სტრატეგიული გეგმა დამტკიცებულია


სიღნაღი
სიღნაღი
ბიძინა ივანიშვილმა კახეთის რეგიონის განვითარების 2014 - 2021 წლების სტრატეგია დაამტკიცა. დოკუმენტში წერია, რომ მომდევნო 8 წლის განმავლობაში ინვესტიციები ძირითადად სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის განვითარებას მოხმარდება. დოკუმენტში, რომელიც თაბახის 74 გვერდზეა განთავსებული, დეტალურადაა აღწერილი პრობლემები, რეგიონის დადებითი და უარყოფითი მხარეები. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურის რწმუნებული პაატა პაატაშვილი ამბობს, რომ თუ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ვინმე ზრუნვას დაიწყებს, ეს უნდა მოხდეს სარწყავი სისტემების პრობლემის მოგვარებით:

„ძალიან კარგი იქნება სარწყავი სისტემების მოგვარება, ასე ვთქვათ, წვეთოვანი სისტემების გაკეთება, რაც ძალიან აკლია სოფელს. როდესაც გვალვის პერიოდი იწყება, ხალხი ვერ რწყავს და ამიტომ მოსავალიც შეიძლება ვერ მოვიდეს. რაც შეეხება იმას, რომ ინფორმაცია შესაბამის ორგანოებს მივაწოდოთ, ეს ყოველდღიურად ხდება“.

აგრომრეწველობა, ტურიზმი, წარმოება, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, ალტერნატიული ენერგიის წყაროები, ბუნებრივი კატასტროფები, ბიომრავალფეროვნება და დაცული ტერიტორიები, განათლება, ჯანდაცვა - ეს არასრული ჩამონათვალია იმ სფეროებისა, რაზეც კახეთის განვითარების დოკუმენტში დეტალურად არის საუბარი.

ერთ-ერთი ძირითადი პროგრამა იქნება ის, რომ მოხდება მიწების აღრიცხვიანობა, ფართობების დადგენა, საკადასტრო აღრიცხვიანობის სისტემის შექმნა. მოხდება კოოპერირების დაფუძნება...
გურამ მერმანიშვილი
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენელი თელავში გურამ მერმანიშვილი ამბობს, რომ პროექტის შედეგებს საზოგადოება მალე იგრძნობს:

„ერთ-ერთი ძირითადი პროგრამა იქნება ის, რომ მოხდება მიწების აღრიცხვიანობა, ფართობების დადგენა, საკადასტრო აღრიცხვიანობის სისტემის შექმნა. მოხდება კოოპერირების დაფუძნება. ეს ხელს შეუწყობს კოოპერატივების შექმნას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საკუთარი პროდუქციის რეალიზაციაზე“.

ფერმერი ამირან ოქრუაშვილი მოხარულია, რომ მთავრობამ კახეთის განვითარებაზე საუბარი დაიწყო. მისი თქმით, სოფელში გლეხს დღეს ყველაზე მეტად ტექნიკის პრობლემა აქვს, რაც, თავის მხრივ, აგროვადების დაგვიანებას იწვევს:

„პირველ რიგში, ტექნიკა უჭირს ხალხს. ტექნიკის გარეშე ვერაფერი ვერ კეთდება. ბევრი წვალება სჭირდება ადამიანს. ერთი კვირა უნდა სდიო, შეიძლება მეტიც, თუმცა მაინც ვერ კეთდება ხარისხიანად. ფიზიკურად არ არის ტრაქტორები“.

სტრატეგია ჩვენ არ უნდა გავიგოთ ისე, როგორც პროექტი. სტრატეგია არის მთელი ღონისძიებების კასკადი, რომელიც თავმოყრილია ერთ დოკუმენტში. აქ არ არის მხოლოდ ჩვენი ან რომელიმე სხვა სამინისტრო...
გიორგი წაქაძე
კახეთის ყოფილი გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი ვარაუდობს, რომ წინა ხელისუფლების მიერ შემუშავებული კახეთის განვითარების სტრატეგიული გეგმით გაწერილი სამუშოები შესაძლოა ვერ განხორციელდეს. ჭიაბერაშვილი საკუთარ შეხედულებას ქვეყნის დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობით ხსნის და ამბობს, რომ საქართველოში შექმნილი საინვესტიციო გარემო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საშუალებას არ იძლევა:
„სამწუხაროდ, დღევანდელი ეკონომიკური და ბიზნესვითარება ისეთია ქვეყანაში, რომ არანაირად არ უწყობს ხელს ინვესტიციების მოზიდვას თითოეულ ამ სექტორში. სტრატეგია დარჩება ფარატინა ქაღალდად, თუ მთავრობამ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა არ შეიმუშავა“.

დოკუმენტზე მომუშავე ორგანიზაციები და სამსახურები ირწმუნებიან, რომ პროექტის განხორციელების შემდეგ კახეთი ძლიერი მხარე გახდება და დღეს არსებული მდგომარეობა რადიკალურად შეიცვლება. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი გიორგი წაქაძე გვეუბნება, რომ გეგმის განხორციელებაში ყველა უწყება იქნება ჩართული და კონკრეტული სამუშაოები 2014 წლიდან დაიწყება:

„სტრატეგია ჩვენ არ უნდა გავიგოთ ისე, როგორც პროექტი. სტრატეგია არის მთელი ღონისძიებების კასკადი, რომელიც თავმოყრილია ერთ დოკუმენტში. აქ არ არის მხოლოდ ჩვენი ან რომელიმე სხვა სამინისტრო. ეს არის ყოველმხრივი განვითარების სტრატეგია. შესაბამისად, ამის გაწერა რეგიონალური განვითარების პროგრამებში, იგივე, სამოქმედო გეგმებში, 2014 წლის დასაწყისიდან არის დაგეგმილი“.

კახეთის განვითარების 8 წლიანი გეგმა უკვე დამტკიცებულია. დოკუმენტში ლაპარაკი არ არის სავარაუდო თანხაზე, რომელიც გეგმის განხორციელების შემთხვევაში დაიხარჯება.
  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG