Accessibility links

კახეთში დასაქმების პრობლემა განსაკუთრებით სოფლებში აწუხებთ


ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ გამოკითხვებს თუ დავუჯერებთ, საქართველოში მოსახლეობის 66 % თავს დასაქმებულად არ თვლის, 34 % კი ამბობს, რომ დასაქმებულია. გამოკითხულთა 17 % პასუხობს, რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ ის და მისი ოჯახი შედარებით უკეთესად ცხოვრობს, 26 % – უარესად, ხოლო 56 % – იმავე მდგომარეობაშია, როგორშიც მანამდე იყო. სულ 3 141 პირი გამოკითხეს და საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,8 %-ია. ჩვენ მიერ სხვადასხვა რადიოსიუჟეტისთვის სოფლებში ჩატარებული გამოკითხვებიც ცხადყოფს, რომ დასაქმების პრობლემა კახეთის რეგიონში ნომერი პირველია. მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ დასაქმების შესაძლებლობა არ აქვს და მისი ოჯახი მძიმე ეკონომიურ სიდუხჭირეში ცხოვრობს.

please wait

No media source currently available

0:00 0:03:41 0:00
Direct link

ვინ არის დამსაქმებელი კახეთის რეგიონში? ეს შეკითხვა ჩვენ თელავის თემის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ალექსანდრე შათირიშვილს, დავუსვით. გამგებელი ამბობს, რომ მოსახლეობას ძირითადად კერძო სექტორის, ბიზნესის წარმომადგენლები ასაქმებენ.

კიდევ ერთი პრობლემა დასაქმებულთა და დამსაქმებელთა შრომითი ურთიერთობაა. ადამიანებს ხშირად ისე ათავისუფლებენ სამსახურიდან, რომ წინასწარ ამის შესახებ არც კი აფრთხილებენ. ასე მოხდა თელავში, თორნიკე გრიშიკაშვილის შემთხვევაში. ის საჯარო სამსახურში მუშობდა და მოულოდნელად გაათავისუფლეს, თუმცა თორნიკე გრიშიკაშვილის საქმემ სასამართლოს რამდენიმე ინსტანცია მოიარა და, საბოლოოდ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის სამსახურში აღადგინეს და მას განაცდურიც უნდა აუნაზღაურდეს. თორნიკე გრიშიკაშვილის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თელავის ოფისის ხელმძღვანელი მარეხ მგალობლიშვილი იცავდა.

კახეთში დაუსაქმებლები ჩივიან, რომ წლები გადის და რეალური, გრძელვადიანი სამუშაო ადგილები არ იქმნება. უკეთეს შემთხვევაში მოსახლეობა ერთჯერად, სეზონურ სამსახურს ნახულობს, თუმცა ასეთ დროს ოჯახებს ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება უჭირთ. ხშირია შემთხვევები, როდესაც სოფლებიდან მიგრაციის ძირითად მიზეზად სწორედ დასაქმების პრობლემა სახელდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG