Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული მარშის“ თავდასხმა და დამნაშავეების დასჯის მოთხოვნა


"რუსთავი 2"
"რუსთავი 2"

„რუსთავი 2“-ის თანამშრომლებზე ჯგუფური თავდასხმის ინციდენტის შედეგად, რომელსაც ტელეკომპანიის თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზიანება და ქონების დაზიანება მოჰყვა, 19 მარტს სამართალდამცველებმა მოძრაობა „ქართული მარშის“ 6 წარმომადგენელი დააკავეს. მათი დაკავების უშუალო საფუძვლად წვრილმანი ხულიგნობა და სამართალდამცველების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა დასახელდა, თუმცა ორი მათგანი ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო დანარჩენი ოთხი - ხელწერილის საფუძველზე - სასამართლო სხდომამდე, 16 აპრილამდე გაათავისუფლეს. გამოძიება მიმდინარეობს ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 187-ე მუხლებით. „ქართული მარშის“ წარმომადგენლების თავდასხმა მოჰყვა პროგრამა „P.S“-ის წამყვან გიორგი გაბუნიას ხუმრობას, რომელიც იესო ქრისტეს შეეხებოდა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, თქმით, მორწმუნეთა გრძნობების უნებურად შელახვის გამო, წამყვანს საყვედური გამოუცხადეს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებთან ერთად, დამნაშავეების ადეკვატურ დასჯას ითხოვს სამოქალაქო საზოგადოება. არასამთავრობო ორგანიზაციების განმარტებით, სახელმწიფოს არაადეკვატური რეაქცია მოძალადეთა წახალისებას შეუწყობს ხელს.

როდესაც ტელეკომპანიის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული მარშის“ წარმომადგენლები „რუსთავი 2“-ის იურისტის, თამთა მურადაშვილის, ავტომობილს უტევდნენ, ამავე ავტომობილში იმყოფებოდა თავდამსხმელთა მთავარი სამიზნე, „P.S.“-ის წამყვანი გიორგი გაბუნიაც. როგორც თამთა მურადაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, „ქართული მარშის“ ალყიდან თავის დაღწევა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ტელეკომპანიის თანამშრომელთა მაქსიმალური ძალისხმევა:

„გადამწყვეტი როლი მაინც ჩვენმა თანამშრომლებმა ითამაშეს. პროდიუსერები, ჟურნალისტები, მძღოლები, დაცვის წევრები, ყველანი გარეთ იყვნენ - ქალებიც და კაცებიც. ერთობლივი ძალისხმევით, თანამშრომლები შემოერტყნენ ჩემს მანქანას გარს და შეეცადნენ, რომ „ქართული მარშის“ წევრები განერიდებინათ მანქანისგან. ასეთი დაცვით მათ ნელ-ნელა შემაძლებინეს, რომ დამეხია უკან მანქანა და ეზოში შევსულიყავი“.

მთავარია, რომ შედეგი დადგეს ადეკვატური. ვფიქრობ, რომ დაუსჯელობა ნამდვილად იქნება ძალადობის წახალისება. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ ადამიანებს გარკვეულწილად გარანტირებული ჰქონდათ ხელშეუხებლობა...
თამთა მურადაშვილი

„ქართული მარშის“ გააფთრებული აქტივისტების თავდასხმა უკავშირდებოდა გიორგი გაბუნიას 18 მარტის ხუმრობას. აჭარაში ხეების მოჭრის ფაქტზე საუბრისას, წამყვანმა თავის გადაცემაში თქვა, რომ იესო ქრისტე 2000 წლის წინ ისრაელში მოსვლის ნაცვლად ახლა აჭარაში უნდა მოსულიყო და მას ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგანაც ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, ბიძინა ივანიშვილის მიერ ყველა ხის თავის ეზოში გადარგვის გამო. ამ ხუმრობის შედეგად, გიორგი გაბუნიას ტელეკომპანიაში, ეთიკის კომისიის დასკვნის საფუძველზე, საყვედური გამოუცხადეს. თუმცა ძალადობის ფაქტი ფაქტად რჩება.

თამთა მურადაშვილის თქმით, სამართალდამცველების რეაგირება დროული და ადეკვატური იყო, თუმცა მეტის თქმა მხოლოდ შედეგების მიხედვით გახდება შესაძლებელი:

„მთავარია, რომ შედეგი დადგეს ადეკვატური. ვფიქრობ, რომ დაუსჯელობა ნამდვილად იქნება ძალადობის წახალისება. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ ადამიანებს გარკვეულწილად გარანტირებული ჰქონდათ ხელშეუხებლობა. ადამიანს, რომელსაც განზრახული აქვს, რომ ამგვარი საქციელი ჩაიდინოს და თავად ახდენს ამ კადრების დოკუმენტირებას, როგორც ჩანს, მას არ ეშინია სამართალდამცავი ორგანოების. თუმცა იმედი მაქვს, რომ პოლიცია ამჯერად მაინც მიიღებს ადეკვატურ ზომებს და ეს ადამიანები დაისჯებიან. როგორც იცით, აქ უკვე იკვეთება რამდენიმე მუხლი“.

ნებისმიერი თავდასხმა, რომელსაც საფუძვლად უდევს ჟურნალისტური პროდუქტი, ჩემი აზრით, განხილული უნდა იყოს პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლად. მე იმედი მაქვს, რომ გამოძიება სწორ კვალიფიკაციას მისცემს ამ საქმეს...
ნატა ძველიშვილი

„ქართული მარშის“ თავდასხმის შედეგად, თამთა მურადაშვილის კუთვნილი ავტომობილის დაზიანების გარდა, სხეულის არაერთი დაზიანება მიიღო და დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა ჟურნალისტმა დავით ერაძემ, რომელსაც 19 მარტს ექსპერტიზა ჩაუტარდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ამ ორივე ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 126-ე და 187-ე მუხლების შესაბამისად. თუმცა „ქართული მარშის“ წარმომადგენლების, 6 პირის, დაკავების საფუძვლად შს სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორ მუხლს ასახელებს. 166-ე მუხლის თანახმად, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, სასჯელი მერყეობს 100-ლარიანი ჯარიმიდან 90-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობამდე, ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობას გულისხმობს, ითვალისწინებს სასჯელს 400-ლარიანი ჯარიმიდან 90-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობამდე. ამჟამად 19 მარტს დაკავებულ პირთაგან ორი საავადმყოფოშია, ხოლო დანარჩენი ოთხი სასამართლოს სხდომის გამართვამდეა (16 აპრილამდე) გათავისუფლებული.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებზე 19 მარტს მომხდარი თავდასხმის დროულად გამოძიების მოთხოვნით „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ შსს-სა და პროკურატურას სპეციალური განცხადებით მიმართა. როგორც ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა ძველიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ჟურნალისტურ სტანდარტებზე სამსჯელოდ არსებობს თვითრეგულირების მექანიზმები, მათ შორის, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და ჟურნალისტებზე ძალადობა ამ ფაქტთან კავშირში არ უნდა განვიხილოთ:

„ნებისმიერი თავდასხმა, რომელსაც საფუძვლად უდევს ჟურნალისტური პროდუქტი, ჩემი აზრით, განხილული უნდა იყოს პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლად. მე იმედი მაქვს, რომ გამოძიება სწორ კვალიფიკაციას მისცემს ამ საქმეს. ჩვენ გავრცელებულ განცხადებაშიც ვუსვამთ ამას ხაზს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დამნაშავეები იქნებიან დასჯილი, დროულად და სწრაფად იქნება გამოძიება დასრულებული და, შესაბამისად, განცდა იმისა, რომ ქვეყანაში ჟურნალისტები არიან დაცული, იქნება უფრო მეტად გაზრდილი“.

რთულია, რომ სახელმწიფო დავადანაშაულოთ მათთან პირდაპირ აფილირებაში, მაგრამ იმით, რომ სახელმწიფო არ იღებს ზომებს, სულ მცირე, იმის თქმა შეგვიძლია, რომ ის ახდენს წახალისებას ასეთი ჯგუფების...
მაკო ღავთაძე

სამართალდამცავებისგან დროული და ეფექტური გამოძიება და მედიის საქმიანობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა მოითხოვა კიდევ არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ. „სიტყვის, გამოხატვისა და მედიის თავისუფლება გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით. პროტესტის გამოხატვის ფორმები არ უნდა სცილდებოდეს კანონით დადგენილ სტანდარტებს და არ უნდა შეიცავდეს ძალის გამოყენებას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს რამდენიმე წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის - “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“.

ძალადობის მრავალფეროვანი სპექტრი, გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა, სხვადასხვა რელიგიური გაერთიანების წინააღმდეგ გალაშქრება და ბრძოლა, ზოგადად, მიუღებელი აზრის წინააღმდეგ - საქმიანობა, რომელსაც „ქართული მარში“ ეწევა საქართველოში, სხვა დროს სხვა ორგანიზაციების დღის წესრიგშიც შედიოდა. თუმცა, როგორც “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის” (TDI) გამგეობის წევრი მაკო ღავთაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, ამ ყველაფერმა ახლა კარგად ორგანიზებული და მართული სახე მიიღო. გაჩნდა მრავალი შეკითხვა და მათ შორის სახელმწიფოსთან მიამართებითაც:

„რთულია, რომ სახელმწიფო დავადანაშაულოთ მათთან პირდაპირ აფილირებაში, მაგრამ იმით, რომ სახელმწიფო არ იღებს ზომებს, სულ მცირე, იმის თქმა შეგვიძლია, რომ ის ახდენს წახალისებას ასეთი ჯგუფების. ამიტომ სახელმწიფომ თვითონ უნდა გასცეს პასუხი იმ შეკითხვებს, რაც ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებს და საზოგადოებას გვიჩნდება. მან უნდა მოახდინოს ძალიან მკაცრი და მყისიერი რეაგირება ასეთ ფაქტებზე, რათა არ ჩაითვალოს, რომ სახელმწიფო არის აფილირებული ასეთ ჯგუფებთან. განსაკუთრებით მიუღებელია, როდესაც ასეთი ძალადობა ხდება გამოხატვის თავისუფლების საბაბით, როდესაც ჟურნალისტურ საქმიანობას უზღუდავენ ადამიანებს და როდესაც ტელევიზიაზე ხდება თავდასხმა“.

მაკო ღავთაძის თქმით, წლების წინ მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენლების დასჯის შედეგად მოხერხდა მათი მხრიდან მოხშირებული ძალადობრივი ქმედებების შეჩერება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG