Accessibility links

ნოემბრის ბოლოს საინფორმაციო საშუალებები მოიარა ცნობამ ესპანეთში ბინების გაქურდვაში ეჭვმიტანილი ათობით ქართველის დაკავების შესახებ. ესპანეთის პოლიციისათვის ეს ამბავი დიდ წარმატებად ითვლება.

მადრიდში წელს ბინების გაქურდვის ნახევარზე მეტი მოდიოდა ქართველებზე. სამწუხარო სტატისტიკაა და მრავალი ესპანელისათვის უკავშირდება უსიამოვნო გრძნობებსა და დანაკარგს. როგორც ჩვენი რადიოს რუსული სამსახურის კორესპონდენტი ვიქტორ ჩერეცკი ამბობს, ბოლო წლებში მადრიდის რამდენიმე რაიონს მოედო ბინის ქურდების შიში... იქ კაფეებსა და ბარებში ხშირად მოჰკრავდით ყურს საუბარს მოუხელთებელ ბოროტმოქმედებზე, რომლებიც კვალს არ ტოვებენ, ისე შედიან ბინაში, როცა იქ არავინ არის; მიაქვთ ფული, სამკაული, საათები და ისევ უკვალოდ ქრებიან.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბანდამ მარტო მადრიდში გაძარცვა 4 500-მდე ბინა. დაზარალებულებს შორის არის იგნასიო აბად ტაპიაც: „შევედი ბინაში,ზღვაზე შვებულებიდან დაბრუნებული, და მაშინვე მივხვდი, რომ გამქურდეს, თუმცა კარი გატეხილი არ იყო! ქურდებმა საღები გამოიყენეს და მერე კარი ისევ დაკეტეს. არადა, კლიტე ახალი გამოცვლილი მქონდა - ძალიან ძვირი და საიმედო დავაყენებინე“.

დაზარალებული მადრიდელების ნაწილმა, ალბათ, საერთოდ პირველად შეიტყო საქართველოს არსებობის შესახებ, როცა პოლიციამ გამოაცხადა, რომ მათი ბინის გაქურდვაში ამ შორეული ქვეყნიდან ჩასული ხალხი მონაწილეობდა. ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, უფროსი ინსპექტორი კარლოს დელ ვალიე „პროფესიონალ ბოროტმოქმედებზე“ საუბრობს: „ესპანეთში ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ არაფერი იცოდნენ ქართული კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების შესახებ და უცებ ბევრი ასეთი ადამიანი გამოჩნდა. საქმე ეხება პროფესიონალ ბოროტმოქმედებს, რომლებიც აქ ერთი მიზნით ჩამოდიან - ქურდობის მიზნით. ამასთან, დიდი ხნით არ რჩებიან, სულ რამდენიმე თვით. მერე ისევ ქრებიან. მათ ადგილს სხვები იკავებენ. ანუ საუბარია ჯგუფებზე, რომლებიც მუდმივად გადაადგილდებიან. ამიტომ მოგვიხდა მათთან ბრძოლის საგანგებო გეგმის შემუშავება, რათა რაც შეიძლება მალე მოგვეღო ბოლო მათი მოქმედებისათვის“.

ესპანელი პოლიციელები იმასაც აღნიშნავენ, რომ ნამდვილ პროფესიონალებთან მოუხდათ ბრძოლა... ქართველების კრიმინალური ორგანიზაციის წევრები გასაქურდად ირჩევდნენ მადრიდის შედარებით ნაკლებად პრესტიჟულ უბნებს, რადგან იქ საცხოვრებელ სახლებში, როგორც წესი, არ იმყოფებიან კონსიერჟები. რაც შეეხება კონკრეტულად გაქურდვის პროცესს, მასში, ჩვეულებრივ, ოთხკაციანი ჯგუფი მონაწილეობდა. ორი ადამიანი გარეთ რჩებოდა, რათა პოლიციის გამოჩენის შემთხვევაში მობილურის მეშვეობით გაეფრთხილებინა გასაძარცვად შერჩეულ ბინაში შესული თანამზრახველები. ეს უკანასკნელნი - მას შემდეგ, რაც დარწმუნდებოდნენ, რომ ბინაში არავინაა - რამდენიმე წუთში ახერხებდნენ კარის გაღებას და სიგნალიზაციის დაბლოკვას.

თუმცა ესპანელი პოლიციელები თავიდანვე ვარაუდობდნენ, რომ ამდენი ბინის სწრაფად და შეუმჩნევლად გატეხას ვერც ოთხკაციანი ჯგუფები შეძლებდნენ, რომ ასეთი მასშტაბის ქურდობა შეუძლებელი იქნებოდა მკაცრი დისციპლინისა და იერარქიის გარეშე - კრიმინალური „ავტორიტეტების“ გარეშე. საქმის გამოძიება ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში დაიწყო. მის სირთულეზე საუბრობს პოლიციის ოფიცერი ხუან რუედა:

„საუბარი არ იყო მარტო იმაზე, რომ მოგვეპოვებინა ნივთმტკიცებულებები, რომლებიც ძარცვის მონაწილეებს ამხელდა - იქნებოდა ეს მოპარული ნივთები თუ ქურდობისათვის გამოყენებული ხელსაწყო-ინსტრუმენტები. ჩვენ მძარცველებს შორის კავშირი უფრო გვაინტერესებდა, ბრძანებები, რომლებსაც თავიანთი მეთაურებისაგან იღებდნენ. ჩვენ ხომ მთელი დანაშაულებრივი სტრუქტურის გამოვლენა და ლიკვიდაცია გვინდოდა! ამიტომ პოლიცია, პირველ რიგში, ეძებდა მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებდა ვერსიას მსხვილი და კარგად ორგანიზებული ბანდის შესახებ. ამ მტკიცებულებების მოპოვება იოლი არ აღმოჩნდა“.

და მაინც, ესპანელმა პოლიციელებმა მიზანს მიაღწიეს: დაადგინეს, ვინ შექმნა დანაშაულებრივი ჯგუფი. ეს არის 44 წლის ზვიად დარსაძე, რომელიც წელიწადზე მეტი ხანია ციხეში სასჯელს იხდის, თუმცა დაპატიმრებულ იქნა არა ძარცვის ორგანიზებისათვის, არამედ ესპანეთში ფულის გათეთრების ბრალდებით. ესპანელი გამომძიებლების ვარაუდით, დარსაძე „მეთვალყურეობდა“ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედ დანაშაულებრივ ჯგუფებს. ამჟამად კი ქართველი მძარცველების ლიდერად მიჩნეულია სხვა „კანონიერი ქურდი“, სპარტაკ ჯაფარიძე. ის, სავარაუდოდ, იტალიაში იმალება.

ესპანელ პოლიციელებს ხელში ჩაუვარდათ დოკუმენტები, რომლებიც მიანიშნებს, რომ ნაძარცვის ნაწილი ე. წ. „ობშჩაკში“, ანუ საერთო სალაროში, იგზავნებოდა. ეს გარემოება ჩაითვალა ორგანიზებული დაჯგუფების არსებობის დამატებით მტკიცებულებადო, აღნიშნავს პოლიციის თანამშრომელი ემილიო გომესი. „ორგანიზაცია ვერ იმოქმედებდა საერთო სალაროს გარეშე. მისი არსებობა მსგავსი დანაშაულებრივი ჯგუფების მთავარი მახასიათებელია. სალაროდან ირიცხება ხოლმე ფული, მაგალითად, დაკავებული მძარცველების ადვოკატებისათვის“, - ამბობს გომესი.

პოლიციელებმა უკვე ისიც დაადგინეს, რომ ესპანეთში მოკლე ვადით ჩასულ მძარცველებს ჰყავდათ ქართველივე თანამზრახველები, რომლებიც ესპანეთში ცხოვრობენ. მათ ევალებოდათ ჩასულების დაბინავება, ტრანსპორტით და ხელსაწყოებით უზრუნველყოფა. მთელ ამ ლოგისტიკაზე ზრუნავდა ადამიანი, რომელიც გასულ კვირაში დააკავეს საქართველოს კიდევ 60 მოქალაქესთან ერთად. მადრიდის გარდა, პოლიციის რეიდები ჩატარდა ბარსელონაში, ალიკანტეში, ბარაკალდოსა და სევილიაში. დაკავებულებისათვის წაყენებულ ბრალდებებს შორის არის ყალბი ფინანსური დოკუმენტების გამოყენება ნაძარცვის უცხოეთში გასაგზავნად. როგორც გომესი აღნიშნავს, „ისინი არასოდეს გზავნიდნენ ფულს საკუთარი სახელით, ცდილობდნენ კვალი არ დაეტოვებინათ, იყენებდნენ ყალბ დოკუმენტებსა და შუამავლებს - ხალხს ესპანეთში ქართული დიასპორიდან. მათ გარკვეულ პროცენტს უხდიდნენ. ფული საქართველოში იგზავნებოდა“.

და ფული იგზავნებოდა მოსკოვშიც. რუსეთთან ქართველი კრიმინალური ავტორიტეტების მჭიდრო კავშირისა და იმ ფაქტის გამო, რომ ზოგ მათგანს რუსული პასპორტი აქვს, ესპანელი სამართალდამცველები ხშირად საუბრობენ „რუსულ-ქართულ მაფიაზე“. ცნობით, რომელიც 2016 წლის ნოემბრის ბოლოს გავრცელდა, ესპანეთის პოლიციამ სწორედ ქართველი ეჭვმიტანილები დააკავა - საქართველოს 61 მოქალაქე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG