Accessibility links

ქართველი მოჭიდავეების ისტორიული გამარჯვება


ქართველი მოჭიდავეების დახვედრა თბილისის აეროპორტში.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები წუხელ დაბრუნდა პარიზიდან თბილისში. აეროპორტში გულშემატკივრებმა ნაკრების წევრებს ემოციური დახვედრა მოუწყვეს. ამის მიზეზი კი ნამდვილად ჰქონდათ: ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო – ასეთი შედეგი საქართველოს ნაკრებს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ჯერ არ უჩვენებია. გულშემატკივრის წინაშე ისინი „ქართული საჭიდაოს“ ფონზე გამოვიდნენ, რომელსაც ანსამბლი „ქსოვრელები“ ასრულებდა.

ამის შემდეგ კი აეროპორტში, ჩამოსვლის დარბაზში, ნამდვილი ზეიმი დაიწყო.

ამ ისტორიული წარმატების ავტორები ყვარლელი ზურაბ იაკობიშვილი (65 კგ) და გორელი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი გახდნენ.

ფინალში ორივემ ტიტულოვანი მეტოქეები დაამარცხა, თუმცა პეტრიაშვილს გაცილებით ძლიერი კონკურენტი ჰყავდა: თურქეთის წარმომადგენელი, მსოფლიოს ორგზისა და ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპის ხუთგზის გამარჯვებული ტაჰა აკგული ბეჭდაუდებელ ფალავნად ითვლებოდა, მაგრამ გენო პეტრიაშვილმა მისი წინააღმდეგობა გატეხა. იგი აცხადებს, რომ პარიზის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად კარგად იყო მომზადებული და ამ წარმატების იმედი ნამდვილად ჰქონდა.

ზურაბ იაკობიშვილისგან გამარჯვებას ელოდნენ, მაგრამ არა ოქროს მედალს. ამის შესახებ მისმა პირადმა მწვრთნელმაც განაცხადა, თუმცა, თავად იაკობიშვილის თქმით, მოგება ყველაზე მეტად მას უნდოდა და სწორედ ეს გახდა წარმატების მიზეზი.

პარიზის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონმა, ევროპის სამგზის გამარჯვებულმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (61კგ).

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გულშემატკივრები ოქროს მედლებს შეაჩვია, ამიტომ მისმა ბრინჯაომ ბევრს გული დასწყვიტა, თუმცა ფალავანი იმედიანად არის განწყობილი, რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში მან განაცხადა, რომ ეს ყველაფერი მისი შეცდომის ბრალი იყო, რომელსაც მომავალში აუცილებლად გამოასწორებს და გულშემატკივრებს უფრო მაღალი სინჯის მედლით გაახარებს.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე ამბობს, რომ სპორტსმენები ამ წარმატებისკენ ნაბი-ნაბიჯ მიდიოდნენ.

ჩემპიონებს საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი ლერი ხაბელოვი დახვდა. იგი აცხადებს, რომ ამ წარმატებით ქართველებმა მორიგი ოლიმპიური ციკლსა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების პროცესი დაიწყეს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ზეიმი გვიან ღამემდე გაგრძელდა. დღეს დილიდან კი მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძიუ-დოისტები გამოდიან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG