Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხადიჯა ისმაილოვა: მე მათ დღის სინათლეზე გამოვიყვან


ხადიჯა ისმაილოვა
ხადიჯა ისმაილოვა

აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა ამბობს, რომ მას, სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, დაპატიმრება ემუქრება. ისმაილოვას ამ განცხადების ფონია ნავთობით მდიდარ აზერბაიჯანში დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და უფლებადამცველი აქტივისტების დევნა, რასაც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არაერთი სპროტესტო განცხადება მოჰყვა.

ხადიჯა ისმაილოვა, რომელიც რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურში დილის პროგრამას უძღვება, პრეზიდენტ ილხამ ალიევისა და მისი ოჯახის წევრების ბიზნესინტერესების შესახებ გამოქვეყნებული მრავალი მწვავე პუბლიკაციით არის ცნობილი. როგორც ხადიჯა ამბობს, მის წინააღმდეგ ცილისწამების მუხლით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და 3 ოქტომბერს სასამართლოშია გამოძახებული:

„გაფრთხილებული ვარ, რომ მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ დამაპატიმრებენ, რაც დაშინების ერთგვარი მეთოდია. დარწმუნებული ვარ, მათ სურთ ან არ დავბრუნდე აზერბაიჯანში, ანდა შევშინდე და აღარ ვილაპარაკო ხმამაღლა იმაზე, რაც აზერბაიჯანში ხდება. მათ უნდა შეიგნონ, რომ ამ მეთოდით ჩემთან ვერაფერს გახდებიან“.

ხადიჯა ისმაილოვა მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას აზერბაიჯანში ჟურნალისტებისა და აქტივისტების იმ დევნის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს, რაც ბაქოში გაძლიერდა სწორედ მას შემდეგ, რაც მაისში აზერბაიჯანი ევროსაბჭოს მინისტრთა საბჭოს მორიგე თავმჯდომარე გახდა. ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, აზერბაიჯანში დაახლოებით 87 პოლიტიკური პატიმარია, მათ შორის 14 დამოუკიდებელი ჟურნალისტი და ბლოგერია.

ხადიჯა ისმაილოვას წანააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ცილისწამების მუხლით. იგი ეფუძნება ისმაილოვას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ აზერბაიჯანის სპეცსამსახურები ფარული გზით მოპოვებულ მაკომპრომეტირებელ მასალებს იყენებენ შანტაჟისათვის, რომ ერთმა ოპოზიციონერმა აქტივისტმა იჯაშუშოს და მეორეზე მიაწოდოს ინფორმაცია. ისმაილოვა აცხადებს, რომ მან, ერთ-ერთი ასეთი დაშანტაჟებული პირის თხოვნით, მისი ვინაობა არ ახსენა, მაგრამ მან მაინც უჩივლა ცილისწამების გამო. ხადიჯა ამბობს, რომ მისი განზრახვა არის ამხილოს ის მეთოდი, რომლითაც ხელისუფლება მოქმედებს:

„აზერბაიჯანის ეროვნული უშიშროების სამინისტრო და აზერბაიჯანის სპეცსამსახურები ცნობილი არიან იმით, რომ საიდუმლოდ იწერენ მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების სექსუალურ ცხოვრებას. ასეთი ჩანაწერები ჩემ წინააღმდეგაც გამოიყენეს, გამოიყენეს სხვების წინააღმდეგაც. ჩემთვის ეს საქმე იქნება შესაძლებლობა, რომ მზის სინათლეზე გამოვიტანო აზერბაიჯანში დამკვირდებული ეს პრაქტიკა“.

გასულ წელს ერთ-ერთმა ვებსაიტმა, რომელიც აზერბაიჯანის მმართველ „იენი აზერბაიჯანის პარტიასთან“ არის კავშირში, გამოაქვეყნა წერილი, სათაურით „ხადიჯას სომეხი დედა უნდა მოკვდეს“. სტატიაში მითითებული იყო ბაქოში მდებარე იმ დასახლების მისამართი, სადაც ხადიჯას დედა ცხოვრობს. პუბლიკაციაში ასევე იყო ცნობა ხადიჯას დის შესახებ, რომელიც ვითომცდა თურქეთში „სექსუალური ტრეფიკინგით“ არის დაკავებული.

2012 წელს კი ინტერნეტში გავრცელდა ხადიჯა ისმაილოვას პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ჩანაწერები. თუმცა გამომძიებელი ჟურნალისტი არ აპირებს ფარ-ხმლის დაყრას და აცხადებს, რომ მოვლენათა ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში არ აპირებს საზღვარგარეთ დარჩენას. „მისი დაპატიმრება იქნება უძლიერესი დარტყმა ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ მყოფ აზერბაიჯანულ მედიასა და სამოქალაქო სექტორზე“, - ამბობს რებეკა ვინსენტი, აშშ-ის ყოფილი დიპლომატი და ამჟამად უფლებადამცველი აქტივისტი.

ხადიჯა ისმაილოვა, რომელიც სტრასბურგში იმყოფებოდა მივლინებით, 3 ოქტომბერს ბრუნდება ბაქოში.

XS
SM
MD
LG