Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლების MAP-ის პოლიტიკა


დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი
გასულ კვირაში საქართველოს ხელისუფლება კვლავ ალაპარაკდა, ოღონდ სხვადასხვა ტონალობაში, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში - ნატოში - გაწევრიანების მთავარი ინსტრუმენტის, MAP-ის, ანუ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის, მნიშვნელობაზე. ყოველთვის თავდაჭერილმა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საქართველოს პოლიტიკური „სტაბილურობის ძირის გამოთხრაც“ კი უწინასწარმეტყველა, თუკი ალიანსის უელსის სამიტზე საქართველო ალიანსისაგან კვლავაც ვერ მიიღებს გაწევრიანების სამოქმედო გეგმას.


„ჯადოსნური“ გეგმის მოლოდინში

ეს მოხდა ტალინში გასული კვირის დასაწყისში, როდესაც ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა „თავისუფალ სამყაროს“ მის მიერ 2008 წლის აპრილში ნაკისრი ვალდებულება შეახსენა და ნატოში გაწევრიანების სამოქმედო პროგრამას, MAP-ს, „ჯადოსნური სიტყვა“ უწოდა.

„2014 წლის ნატოს სამიტი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის, რადგან თუკი რამეს არ მივიღებთ ამ სამიტისაგან, არ ვლაპარაკობთ ალიანსის წევრობაზე, გვესმის, რომ ეს არ განიხილება, მაგრამ გაწევრიანების სამოქმედო პროგრამა, ეს ჯადოსნური სიტყვა, MAP-ი, რაც ძალიან ბევრი ქართველისათვის იმაზე უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ის სინამდვილეშია - ის გახდა სიმბოლო პასუხისა შეკითხვაზე: სჭირდება თუ არა თავისუფალ სამყაროს საქართველო? ასრულებს თუ არა თავისუფალი სამყარო დაპირებას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი?“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა ტალინში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონურ ცენტრში“, სიტყვით გამოსვლის დროს.
ერთი ვარიანტი იარაღის ხელში აღება და ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაა, რაც ჩვენ არ გვსურს. მეორეა, გავხდეთ თავისუფალი ევროპის წევრი და ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიოთ წარმატებას. მესამე ვარიანტია დავბრუნდეთ მოდერნიზებულ საბჭოთა კავშირში თუ რუსეთის იმპერიაში...
დავით უსუფაშვილი

სათუთ პოლიტიკურ თემებზე ფრთხილი საუბრით გამორჩეული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ასეთი თამამი სტილისტიკური მანევრი აშკარად მსუბუქ შანტაჟს წააგავდა ნატოს უელსის სამიტის წინ და იგი, სავარაუდოდ, უფრო დიდ აუდიტორიაზე იყო გათვლილი.

აშკარაა, რომ დავით უსუფაშვილი მიმართავდა ალიანსის იმ წევრ სახელმწიფოთა ლიდერებს, რომლებიც, შესაძლოა, კვლავაც ნაადრევად მიიჩნევდნენ საქართველოს უფრო ღრმა ინტეგრაციას ალიანსში.
მეტიც, როგორც გაირკვა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ 2014 წელს საქართველოსათვის MAP-ის მიუცემლობა ქვეყანაში „ანტიდასავლურ პოლიტიკურ ძალებს მისცემს იმპულსს“ და შეარყევს ქვეყნის სტაბილურობას.

„თუ პასუხი არის „არა“ და ეს არის მხოლოდ პოლიტიკური თამაში და რომ ახლა სიტუაცია შეიცვალა და უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები ხდება უფრო ფართო რეგიონში და ამიტომ ის დაპირება [რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი] მნიშვნელოვანი იყო მაშინ [2008 წელს] და ახლა კი ახალი, სხვა ვითარება და სხვა უფრო მნიშვნელოვანი გარემოებები გაჩნდა, მაშინ ეს ძირს გამოუთხრის და დაანგრევს ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობას“.


პრემიერ-მინისტრს „უმაპობა“ არ აღელვებს

როცა ხელისუფლება არც თავს იტყუებს და არც მოსახლეობას ატყუებს, – ეს ძალიან კარგია. მაგრამ არის თუ არა ვითარება მართლა ისე დრამატული, როგორც ეს დავით უსუფაშვილმა წარმოადგინა? რა მოხდება, თუკი საქართველო ვერც ნატოს 2014 წლის უელსის სამიტზე მიიღებს გაწევრიანების სამოქმედო გეგმას, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხატოვნად „ჯადოსნური MAP-ი“ უწოდა?

აღმოჩნდა, რომ, პარლამენტის სპიკერისაგან განსხვავებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უფრო მშვიდად უყურებს ამ საკითხს და ლამის შეგუებულიც კია იმასთან, რომ საქართველო ვერც ალიანსის მომავალ სამიტზე მიიღებს გაწევრიანების მთავარ ინსტრუმენტს.

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი
„თუ MAP-ი არ იქნება ახლა, იქნება მოგვიანებით. ეს არ არის პრინციპული. მაგრამ თუ შეკითხვა ისმის იმაზე, გვინდა თუ არ გვინდა (MAP-ი) - რა თქმა უნდა გვინდა, მაგრამ თუ არ იქნება, ეს საფრთხეს არ შეუქმნის [ქვეყანას] და არ შეცვლის ჩვენს ევროინტეგრაციას“, – განაცხადა 17 ინვარს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავით უსუფაშვილის პასუხად, უსუფაშვილისა, რომელიც ფიქრობს, რომ ალიანსის მერყეობა და MAP-ის საკითხის გადავადება საქართველოს დილემის წინაშე დააყენებს:

„ერთი ვარიანტი იარაღის ხელში აღება და ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაა, რაც ჩვენ არ გვსურს. მეორეა, გავხდეთ თავისუფალი ევროპის წევრი და ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიოთ წარმატებას. მესამე ვარიანტია დავბრუნდეთ მოდერნიზებულ საბჭოთა კავშირში თუ რუსეთის იმპერიაში. სხვა ვარიანტები არ არსებობს. შესაბამისად, ძნელი იქნება ხალხში წარმატებად გავასაღოთ პროგრესის არარსებობა ან ძალიან უმნიშვნელო პროგრესი ნატოს ინტეგრაციის პროცესში, რაც ერთხელ უკვე სცადეს, როდესაც 2008 წლის [ბუქარესტის სამიტის შემდეგ] საქართველომ ვერ მიიღო MAP-ი და წინა მთავრობამ უკვე გამოიყენა ეს ხერხი, როცა აცხადებდა, რომ MAP-ზე უკეთესი ინსტრუმენტი მიიღო. მაგრამ ეს უკვე აღარ მუშაობს“.

იმუშავებს თუ არა და მივა თუ არა ნატოში გადაწყვეტილების მიმღები ელჩებისა და მათი ხელმძღვანელობის ყურამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ტალინური ლექციის მესიჯები, ძნელი სათქმელია. ნატოს უელსის სამიტამდე არც ისე დიდი დრო რჩება, ალიანსის ლიდერებს კი ბევრი პრობლემაა აქვთ გადასაწყვეტი: ავღანეთში საბრძოლო ოპერაციის ტრანსფორმირება, სამოქალაქო ომი სირიაში, ექსტრემიზმის ზრდა ერაყში, ევროპის ანტისარაკეტო თავდაცვა თუ ბრძოლა საერთაშორისო მეკობრეობისა და კიბერტერორიზმის წინააღმდეგ. ამ გლობალური პრობლემების ფონზე, დავით უსუფაშვილის არცთუ უსაფუძველო პროგნოზები განწირულია მხოლოდ შიდა მოხმარებისათვის. თუმცა ცუდი არც ის იქნება, თუ პარლამენტის თავმჯდომარის ტალინური ლექცია სტიმულს მისცემს საერთაშორისო საკითხებში ერთიანი პოლიტიკური ხედვის ჩამოყალიბებას მრავალსუბიექტიან და მსოფლმხედველობრივად ძალიან ჭრელ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“, სადაც ზოგიერთი მოსკოვისკენ უფრო ხშირად იყურება, ვიდრე ბრიუსელისკენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG