Accessibility links

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო იხურება, თუმცა მანამდე, მთელი ერთი წლის განმავლობაში, მუზეუმის ადმინისტრაცია აპირებს გამოფინოს ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპონატები, რომლებიც დაცულია ხელოვნების მუზეუმის კოლექციებში. ორიოდე დღის წინ მუზეუმმა უმასპინძლა პირველ ასეთ გამოფენას - „შედევრები ხელოვნების მუზეუმის კოლექციებიდან". დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ ენახათ ქართული და მსოფლიო ხელოვნების უნიკალური ნიმუშები: ფერწერული ტილოები, უძველესი ხელნაწერები, წიგნები და სხვადასხვა სახის არტეფაქტები არქეოლოგიური გათხრებიდან.

საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში გახსნილ ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მუზეუმის კოლექციებში დაცული ქართული და მსოფლიო ხელოვნების უნიკალური ნიმუშები: ბერნანდო დადის, ლუკას კრანახის (უფროსი), გვიდო რენის, იან სტენის, იაკობ ვან რეისდალის, ოგიუსტ როდენის, პაბლო პიკასოს, ვასილი კანდინსკის, რობერტ ფალკის, ნიკო ფიროსმანაშვილის, ლადო გუდიაშვილისა და დავით კაკაბაძის ნამუშევრები, თუმცა, გასაკვირი არაა, რომ ყველაზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავდა მუზეუმის ყველაზე ცნობილ ტილოს - ლუკას კრანახის “მაჭანკალს“, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში გაიტაცეს მუზეუმიდან და მრავალი წლის განმავლობაში ითვლებოდა დაკარგულად. ნინო ხუნდაძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ახალი და თანამედროვე ხელოვნების კოლექციების მთავარი კურატორი, იხსენებს:

„1994 წელს იქნა გატაცებული მუზეუმზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად. გახსოვთ, ალბათ, მაშინ მძიმე პოლიტიკური და კრიმინალური ვითარება იყო ჩვენს ქვეყანაში. მუზეუმის თანამშრომლებს დაესხნენ თავს და გაიტაცეს ბევრი რჩეული ტილო, განსაკუთრებით დასავლეთევროპული კოლექციის ნიმუშები. მათ შორის იყო კრანახი (უფროსი), რომელიც წლების შემდეგ დააბრუნეს მუზეუმში, თუმცა მაშინდელ ძარცვას ჰოლანდიური მხატვრობის ოთხი თუ ხუთი გამორჩეული ტილო მაინც შეეწირა“.

ხელოვნების მუზეუმი
ხელოვნების მუზეუმი

ლუკას კრანახის ტილო თავგადასავლის გარეშეც შთამბეჭდავია: უკბილო, ხაზგასმულად უშნო დედაბერი ამაზრზენად შესციცინებს მამაკაცს, რომელსაც ერთი ხელით სახეზე ეფერება, მეორეთი კი ფულით სავსე ქისას ართმევს. იქვეა გარიგების საგანიც - ნორჩი გოგონა, რომელიც უმანკო თვალებით შესცქერის ასაკით ბევრად უფროს საბედოს. ნინო ხუნდაძის თქმით, ყოფითი დეტალებით დატვირთული კომპოზიცია დამახასიათებელია ჩრდილოეთის რენესანსის მხატვრობისათვის.

„ყოველდღიური ყოფის ასახვა - ეს არის ძალიან ჩვეული ჩრდილოეთის რენესანსისთვის და „მაჭანკალიც“ არ არის გამონაკლისი. მის სიუჟეტს საფუძვლად უდევს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ამბავი არა მარტო ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში, არამედ, ზოგადად, ყველგან. საქართველოშიც იყო, მოგეხსენებათ, ეს მაჭანკლის ინსტიტუტი. ამიტომ ძალიან ბუნებრივი კომპოზიციაა, ყოველდღიური ცხოვრებიდან აღებული“, უთხრა ნინო ხუნდაძემ რადიო თავისუფლებას.

კრანახის „მაჭანკლის“ გვერდით გამოფენილია იმავე პერიოდის სხვა ჰოლანდიელ ავტორთა ტილოები. ეროვნული მუზეუმის გამოფენების კურატორი ლელა წიწუაშვილი ერთ-ერთ მათგანზე ამახვილებს ყურადღებას. „სასიყვარულო სცენა“ - ასეა დასათაურებული ხელმოუწერელი ტილო, რომელიც, გამოფენის მასპინძლის თქმით, შესაძლოა, არათუ რუბენსის სკოლას, არამედ რუბენსის სახელოსნოსაც კი მიეკუთვნებოდეს:

ხელოვნების მუზეუმი
ხელოვნების მუზეუმი

„იმ პერიოდში მე ვმუშაობდი ხელოვნების ნაწარმოებთა ტექნოლოგიურ კვლევათა განყოფილებაში და ჩავატარეთ სრული ტექნოლოგიური კვლევა ამ ნამუშევრის, რაც მოიცავდა ბინოკულარული მიკროსკოპით კვლევას, ულტრაიისფერი და ინფრაწითელი სხივებით რენტგენოგრამას და მიკროფოტოგრაფირებას. აღმოჩნდა ძალიან საინტერესო შედეგები. ტილოს სტრუქტურიდან გამომდინარე, ფერწერული ფენა და პიგმენტების გამოყენება ძალიან ახლოა რუბენსის ეპოქასთან და დამახსიათებელია რუბენსის ხელწერისათვის, თუმცა ნახატს არ აქვს რუბენსის ხელმოწერა. რესტავრაციის შედეგად აღმოჩნდა ფენები, რომლებმაც მოგვცა საფუძველი გვევარაუდა, რომ ეს არის რუბენსის სკოლა და, უფრო ზუსტი რომ ვიყოთ, არის რუბენსის სახელოსნო. სკოლასა და სახელოსნოს შორის არსებითი განსხვავებაა. რუბენსის სკოლა რუბენსის გარდაცვალების შემდეგ თითქმის ასი წელი კიდევ განაგრძობდა არსებობას, ხოლო სახელოსნოდან, ფაქტობრივად, რუბენსის ხელშევლების გარეშე ნახატი არ გამოდიოდა გარეთ. ასე რომ, ამ ტილოს შექმნაში, შესაძლოა, რუბენსის ხელიც კი ურევია“.

ყველაზე ადრე შეძენილი ნვითი, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს არის „აპოკალიფსი“, 1910 წელს გამოცემული, რომელიც დიმიტრი შევარდნაძემ შეიძინა 1920 წელს, რადგანაც ის თვლიდა, რომ აუცილებელია ფერწერის, გრაფიკის, ქანდაკების გვერდით იყოს ბიბლიოთეკა, რადგანაც მნიშვნელოვანია როგორც კვლევითი, ასევე საგანმანათლებლო საქმიანობის თვალსაზრისით...
ნანა გოგელია

აქვეა გამოფენილი ქართული ხელოვნების გამორჩეული ნიმუშები: ღვთისმშობლის მცირე კარედი ხატი უბისიდან (XIV), აპოკალიფსი - იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება, II-III საუკუნეების ჭვირული ბალთები ჭიათურიდან; ქვის, ძვლის, ლითონისა და თიხის სხვადასხვა დანიშნულების არტეფაქტები უფლისციხის არქეოლოგიური გათხრებიდან; ყურანის ხელნაწერის თავფურცელი; ყაჯარული მხატვრობის უნიკალური ნიმუში; სვეტიცხოვლის კანკელის ფილა; V-VI საუკუნეების სტელა ბოლნისის ტაძრიდან და მრავალი სხვა. ხელოვნების მუზეუმის საინფორმაციო კოლექციების უფროს კურატორს, ნანა გოგელიას, მივყავართ რარიტეტულ გამოცემებთან, რომელთა შეგროვება ჯერ კიდევ მუზეუმის დამაარსებელს, დიმიტრი შევარდნაძეს, დაუწყია.

„ყველაზე ადრე შეძენილი ნვითი, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს არის „აპოკალიფსი“, 1910 წელს გამოცემული, რომელიც დიმიტრი შევარდნაძემ შეიძინა 1920 წელს, რადგანაც ის თვლიდა, რომ აუცილებელია ფერწერის, გრაფიკის, ქანდაკების გვერდით იყოს ბიბლიოთეკა, რადგანაც მნიშვნელოვანია როგორც კვლევითი, ასევე საგანმანათლებლო საქმიანობის თვალსაზრისით. ამიტომ მართლაც უნიკალური წიგნები აქვს მას შეძენილი. კიდევ ერთი: ეს არის კონდაკი, რომელიც მთლად იშვიათი გამოცემაა, 1793 წელს მეფე ერეკლეს სტამბაშია დაბეჭდილი, ძალიან უხვად ილუსტრირებულია, შემკული მშვენივრად, სამეფო გერბით დამშვენებული, ნუსხურით დაბეჭდილი, რომელსაც ბოლოში ახლავს ხელნაწერი ლოცვა“, უთხრა ნანა გოგელიამ რადიო თავისუფლებას.

ეროვნულ მუზეუმში მისული დამთვალიერებელი ხშირად სვამს კითხვას, თუ რა გზით მოხვდა ესა თუ ის მნიშვნელოვანი ნამუშევარი - ტილო, ხელნაწერი, ქანდაკება, ხატი თუ სხვა რომელიმე არტეფაქტი - მუზეუმში. ნინო ხუნდაძის თქმით, კრანახის და სხვა დასავლეთევროპელი მხატვრების ნამუშევრები საქართველოს ხელოვნების მუზეუმმა მიიღო საბჭოთა კავშირის დროს, როცა არსებობდა ე.წ. შედევრების საკავშირო რესპუბლიკებზე გადანაწილების პრაქტიკა, თუმცა „გადანაწილება“ არ ყოფილა ფონდების შევსების ერთადერთი გზა:

„მაგალითად, ჩვენ გვაქვს ვენეციანოს დიპტიხი. ეს არის ვენეციური სკოლის ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებელი XIII საკუნის ბოლო პერიოდის, რომელიც ორბელიანების მიერ იქნა შეძენილი, შემდეგ საქართველოში ჩამოტანილი, ანუ არასაკავშირო გზით მოხვედრილი ჩვენს მუზეუმში. ასევე,კანდინსკის აბსტრაქტული კომპოზიცია, თანაც მის შემოქმედებაში პირველი აბსტრაქცია, კერძო პირმა შეისყიდა ჩვენი მუზეუმისთვის, თუმცა გვაქვს კანდინსკის სხვა ნამუშევარი, რომელიც საკავშირო მუზეუმებში გადანაწილების ფორმით მოხვდა ჩვენთან“.

თუმცა ნინო ხუნდაძე იმასაც ამბობს, რომ ერთია მუზეუმის მდიდარი კოლექცია და მეორე - მათი დემონსტრირების შესაძლებლობები:

ხელოვნების მუზეუმი
ხელოვნების მუზეუმი

„გულდასაწყვეტია ის, რომ, მუზეუმის დღევანდელი მდგომარეობის გამო, სრულიად შეუძლებელია კოლექციების ასე ფართო საზოგადოებისთვის წარმოდგენა. ამიტომ ხორციელდება ეს პროექტი, რომ რეაბილიტაცია მოხდეს, ცალკე შენობაში განთავსდეს ფონდები და მოხდეს მუზეუმის ძველი შენობის რეაბილიტაცია და მთელი შენობა გადაკეთდეს საექსპოზიციო სივრცედ. ამის შემდეგ მართლა გაჩნდება შესაძლებლობა, რომ ჩვენი საგანძურის უმეტესი ნაწილი გამოიფინოს და გახდეს ხელმისაწვდომი როგორც ჩვენი საზოგადოებისთვის, ასევე უცხოელებისთვისაც“.

საქართველოს ხელოვნების მუზეუმის შენობა კი, მართლაც, ერთ-ერთი უძველესია თბილისში. 1835 წელს იაკობ ზუბალაშვილმა ეს შენობა ააგებინა შვეიცარიელ არქიტექტორს, ბერნარდოცის, რუსეთში იმ დროს მოდურ კლასიცისტურ სტილში. თავდაპირველად შენობაში სასტუმრო იყო განთავსებული, ხოლო 1840 წელს საეგზარქოსომ მასში სასულიერო სემინარია განათავსა. ამ სემინარიაში სწავლობდა იოსებ სტალინი. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ შენობა სასტუმროდ („პალასი“) გადაკეთდა. 1950 წელს დაიწყო სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელთა დასრულების შემდეგაც ზუბალაშვილის ისტორიულ შენობაში ბინა დაიდო საქართველოს ხელოვნების მუზეუმმა. 1952 წლის 24 თებერვლის გაზეთი ,,კომუნისტი“ წერდა:

„როგორც ცნობილია, თბილისის ყოფილი სასულიერო სემინარიის შენობა, სადაც 1894-99 წლებში ხალხთა დიდი ბელადი ამხანაგი სტალინი სწავლობდა, შემდეგ გამოყენებული იყო სასტუმროდ. პირველი სართული პუშკინის ქუჩის მხრიდან გამოყენებული იყო მაღაზიებად, შიგნით – სასტუმროს ვესტიბიულად და რესტორნად. ზემდგომი ორგანოების გადაწყვეტილებით, აღნიშნული შენობა განკუთვნილ იქნა სახვითი ხელოვნების მუზეუმისათვის. გადაწყდა შენობის მთლიანი რეკონსტრუქცია, რაც შესასრულებლად მიენდო ტრესტ ,,თბილისმშენის” კოლექტივს. არქიტექტორებმა ლეო ხარაშვილმა, თინა შუბლაძემ და გიორგი გალდავამ შეადგინეს შენობის რეკონტრუქციის პროექტი. მათი აქტიური თანამონაწილეობით დაიწყო სამუშაოები. მშენებლებმა არქიტექტორთა თანამონაწილეობით მიაღწიეს იმას, რომ შენობის გარეთა ფასადი აღედგინათ მისი პირვანდელი მდგომარეობის მიხედვით, ე.ი. როგორიც იყო სემინარიის არსებობის წლებში”.

მიხეილ გიორგაძე
მიხეილ გიორგაძე

სტატიის მიხედვით, საექსპოზიციოდ გადაკეთდა 36 დარბაზი, 2 ათასი კვადრატული მეტრი ფართობით. გაკეთდა, ასევე, 230 კვადრატული მეტრი ფართობისა და რვა მეტრი სიმაღლის დიდი მემორიალური დარბაზი, თუმცა, როგორც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში აცხადებენ, ლამის შვიდი ათეული წლის შემდეგ შენობა ტექნკური თვალსაზრისით ვეღარ აკმაყოფილებს თანამედროვე მუზეუმის მოთხოვნებს. მინისტრ მიხეილ გიორგაძის თქმით, ვითარება მალე შეიცვლება:

„ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გახლავთ პროცესის დაწყება, რომელსაც ჰქვია ხელოვნების მუზეუმის ათწლეულობით არსებული პრობლემის გადაჭრა. ვგულისხმობ მუზეუმის შენობისა და საგამოფენო სივრცეების ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას. მომიჯნავედ 3 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი ფართი გადაეცა ეროვნულ მუზეუმს. ამ შენობის პროექტირება პრაქტიკულად დამთავრებულია. იწყება სარემონტო სამუშაოები და გასახარია, რომ ძალიან დიდი ხნის პრობლემა მალე გადაწყდება“.

ახალი შენობის დაგეგმვისას გათვალისწინებულია მძიმე პირობებში მომუშავე თანამშრომლების გადაყვანა და მუზეუმში დაცული კოლექციების გადატანა უსაფრთხო ადგილას, რაც შესაძლებელს გახდის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის რეაბილიტაციას. რეაბილიტაციის შემდგომ, რომელიც გაათანაბრებს მას მსოფლიო სამუზეუმო სტანდარტთან, შენობაში მოეწყობა საექსპოზიციო სივრცეები მუზეუმის კოლექციებისთვის, მაგრამ ვიდრე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება, საექსპოზიციო სივრცე აქტიურად დაეთმობა მუზეუმის კოლექციების ჩვენებას. სულ მალე მუზეუმი აპირებს გამოფინოს ძველი რუსული ხატები.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG