Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შავდათუაშვილის "ბრინჯაო", ხმაური გორის ქუჩებში და პირველი ზარი დედასთან


ლაშა შავდათუაშვილი
ლაშა შავდათუაშვილი

8 აგვისტოს ხმაური იყო შავდათუაშვილების ოჯახში, ხმაური იყო გორის თეატრის სკვერშიც.

რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს პირველი მედალი ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა მოუტანა. ლონდონში მოპოვებულ "ოქროს" ახლა მან ბრინჯაოს მედალი შემატა. შავდათუაშვილი კვარცხლბეკზე ჯერ არ იყო ასული, რომ სახლში დარეკა და პირველად დედას მოულოცა. მის ზარს ტელევიზორთან შეკრებილი ოჯახის წევრები, ნათესავები და მეგობრები ყიჟინით შეხვდნენ.

მოკითხვისა და მილოცვების შემდეგ ლაშამ მობილური ტელეფონის ბალანსის შევსება ითხოვა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვისთან აპირებდა დარეკვას. საუბრის განმავლობაში დედა, თეა შავდათუაშვილი, ცრემლებს ვერ იკავებდა.

ლაშა შავდათუაშვილის გულშემატკივრები გორში
ლაშა შავდათუაშვილის გულშემატკივრები გორში

გორელების ერთი ნაწილი და ფანკლუბ „მოგვერდის“ წარმომადგენლები თეატრის სკვერში იყვნენ შეკრებილნი და ლაშას განსაკუთრებით რუსეთის წარმომადგენელ დენის იარცევთან ორთაბრძოლაში გულშემეტკივრობდნენ. სოციალურ ქსელში გავრცელებული ამ გამარჯვების აღმნიშველი ფოტო, როცა შავდათუაშვილი წაქცეულ იარცევს საქართველოს დროშაზე მიუთითებს, ძალიან პოპულარული გახდა. ლაშა შავდათუაშვილის პირველი კომენტარი უკვე გავრცელდა ქართული მედიით, სადაც ამბობს, რომ 8 აგვისტოს რუსეთის წარმომადგენელთან დამარცხების უფლება არ ჰქონდა. კარალეთში გაზრდილი ბიჭი 2008 წლის აგვისტოს იმ მძიმე დღეებში სხვა თანასოფლელებთან ერთად დევნილად იქცა.

პირველსა და მეორე წრეებში ლონდონის ოლიმპიურმა ჩემპიონმა დამაჯერებლად სძლია კუბელ მაგდიელ ესტრადასა და შრილანკელ ჩამარა რეპიალაჟს, მეოთხედფინალში კი თავად დამარცხდა იაპონელ შოჰეი ონოსთან. შავდათუაშვილმა ბრწყინვალედ იჭიდავა სანუგეშო ტურნირში: ჯერ წმინდად მოუგო რუს ძიუდოისტ დენის იარცევს, შემდეგ კი, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში, ასევე „იპონით“ აჯობა ისრაელის წარმომადგენელს, საკი მუკის. ახალგაზრდული მოძრაობა „დროას“ წევრის, მიხეილ ჯაფარიძის, აზრით, აგვისტოს ომის მე-8 წლისთავის მძიმე დღის შემდეგ ეს იყო პოზიტიურად ემოციური საღამო, რომელიც გულშემატკივრებს შავდათუაშვილმა აჩუქა.

ფანკლუბ „მოგვერდის“ წარმომადგენელ კატო ქოთოლაშვილს სჯეროდა, რომ შავდათუაშვილი რიო-დე-ჟანეიროდან უმედლოდ არ წამოვიდოდა. ამ მოგებით შავდათუაშვილმა გაიმეორა კიდევ ერთი გორელი ფალავნის, შოთა ჩოჩიშვილის, მიღწევა, რომელმაც 1972 წელს მიუნხენში მოიგო ოლიმპიური "ოქრო", ხოლო 1976 წელს მონრეალში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, თუმცა ჩოჩიშვილმა ეს საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობიდან გააკეთა.

ლაშას პაპამ, ბიჭიკო მეზვრიშვილმა, ის დრო გაიხსენა, როცა შვილიშვილი გორის ძიუ-დოს სკოლაში მიიყვანა. მისი თქმით, დღეს ლაშამ "ოქრო" ვერა, მაგრამ ბრინჯაოს მედალი მაინც აიღო და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ გზაზე რუსეთის წარმომადგენლის დამარცხება და იმ ჟესტის გაკეთება იყო, რომელიც მთელმა საქართველომ ნახა.

გორში სპორტის სპეციალისტების აზრით, რიო-დე-ჟანეიროდან საქართველოში კიდევ არაერთი ოლიმპიური მედალი წამოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG