Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯარიმა უდროო და უნორმო ხმაურის გამო


თბილისი
თბილისი

15 აგვისტოს ამოქმედდა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შესული ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც ადმინისტრაციული წესით დაისჯება როგორც აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმის გადამეტება, ასევე ღამის საათებში პიროტექნიკის გამოყენება. ცვლილებების თანახმად, დილის 8 საათიდან ღამის 11 საათამდე ხმაური დასაშვები იქნება 35 დეციბელის ფარგლებში, ხოლო ღამის 11 საათიდან დილის 8 საათამდე 30 დეციბელის ფარგლებში. ამასთან, დადგენილი ნორმების დაცვა უნდა უზრუნველყოს საპატრულო პოლიციამ, რომელიც საგანგებოდ აღჭურვეს სპეციალური ხმაურმზომი მოწყობილობით.

ჯარიმა უდროო და უნორმო ხმაურის გამო
please wait

No media source currently available

0:00 0:06:09 0:00
გადმოწერა

ლია გოგიაშვილი პეტრიაშვილის ქუჩაზე ცხოვრობს, ქალაქის ხმაურიან ნაწილში, სადაც ავტომობილების ინტენსიური მოძრაობაა, თუმცა ამ ქუჩაზე მცხოვრებლებს განსაკუთრებულ დისკომფორტს უქმნიან მძიმე ავტომობილები, რომლებიც მშენებლობების გამო მომრავლდნენ. ასევე ძლიერი ხმაურის წყაროა ღვინის ყოფილ ქარხანაში გახსნილი რესტორანი:

„ღამით პირველი საათის მერე იწყება დიდი ტრაილერების მოძრაობა, ბრახაბრუხი, ვერ დაიძინებ დილის ხუთ საათამდე. ტრაილერები დადიან, ბეტონმზიდები, სამშენებლო მასალები რომ დააქვთ, ფანჯარა ვერ გაგვიღია. ამის გარდა, ღვინის ქარხანაში, რესტორანში, საღამოს რვა საათიდან რომ დაიწყება ფოიერვერკი, აღარასოდეს მთავრდება. ხან ვისი ქორწილია და ხან ვისი. რამდენჯერ დავრეკეთ პატრულში, მაგრამ მაინც არ იშლიან“.

უფრო სწორად, არ იშლიდნენ, მაგრამ, როგორც პარლამენტის წევრი და ცვლილებების ინიციატორი ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, მშენებლობებისა და რესტორნების მფლობელებს 15 აგვისტოდან მოუწევთ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით” განსაზღვრულ საათებში ხმაურისგან თავის შეკავება:

„ეს არის პრობლემა, რომელიც აწუხებს ათიათასობით ოჯახს როგორც თბილისში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამის შედეგად ადამიანებს აქვთ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები და ამის გამო განიცდიან ტანჯვას. თუ ხმაური შეაწუხებს, მოსახლემ აუცილებლად უნდა დარეკოს 112-ზე და გამოიძახოს პატრული, რომელიც ადგილზე მივა და ტექნიკური აღჭურვილობით გაზომავს ხმაურის სიძლიერეს და დაადგენს, ირღვევა თუ არა კანონი, ანუ ხმაური აჭარბებს თუ არა დაშვებულ ნორმას“.

ხმაური აჭარბებს თუ არა დაშვებულ ნორმას, ამას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი დაადგენს. როგორც გრიგოლ შაბურიშვილმა, საპატრულო პოლიციის თბილისის სახაზო-საპატრულო სამმართველოს უფროსის მოადგილემ, უთხრა რადიო თავისუფლებას, ხმაურმზომზე დაფიქსირებული ჩვენება შედარდება სპეციალურ ცხრილში შეტანილ მონაცემებს:

„სადაც გაწერილია, თუ სად რამდენი შეიძლება იყოს ხმაურის მაქსიმალური დონე, გამოხატული დეციბელებში. თუ გადამეტებულია, გამოდის სამართალდარღვევასთან გვაქვს საქმე და შესაბამისი სამართალდარღვევის აქტი შედგება, ხოლო თუ სახეზეა ხმაურის რამდენიმე წყარო, მაშინ ასეთ შემთხვევაში ვმოქმედებთ მინისტრის N 422 ბრძანებით, რომელიც არეგულირებს ხმაურის გაზომვის მეთოდიკას ასეთი შემთხვევებში. გამოვრთავთ ხმაურის ყველა წყაროს და შემდეგ ეტაპობრივად თან ვრთავთ და თან ვზომავთ ხმაურის დონეს. თუ რომელიმე არ შეესაბამება ჩვენ ხელთ არსებულ ცხრილში მოცემულ პარამეტრებს, მაშინ, ბუნებრივია, გამოვწერთ საჯარიმო ქვითარს. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ცალ-ცალკე არავინ არღვევდეს, მაგრამ, ჯამში, ხმაურის დონე აჭარბებდეს დაშვებულ ნორმას. ასეთ შემთხვევაში კანონი გვეუბნება, რომ სამართალდამრღვევი ვერ გამოიკვეთება და, შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმიც ვერ შედგება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გრიგოლ შაბურიშვილმა, რომლის თქმითაც, პირველ ჯერზე ფიზიკურ ან იურიდიულ პირს გააფრთხილებენ.

ხმაური საშინელებაა! მეზობელი აკეთებს რემონტს, ერთი კვირაა ტვინი მაქვს გაბურღული, აღარ შემიძლია. ეს ერთია, მაგრამ კიდევ უარესია მთაწმინდაზე რომ მაშხალებსა და ფოიერვერკებს ისვრიან. ელოდებიან ღამის 12 საათს. თვალებს დავხუჭავ თუ არა, იწყება გრიალი. ომი გეგონება, ისეთი, ბათქაბუთქია, მთელ ქალაქს ესმის...
მიხეილ წიგნაძე

გაფრთხილებიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის გამეორების შემთხვევაში ფიზიკურ პირს დააჯარიმებენ 150 ლარით, იურიდიულ პირს კი – 500 ლარით. მორიგი სამართალდარღვევა კი დაისჯება, შესაბამისად, 300 და 1000 ლარის ჯარიმით. ხმაური რომ ბევრი მოქალაქისთვის გადაულახავი პრობლემაა, ამას რადიო თავისუფლების მიერ ჩატარებული სახელდახელო გამოკითხვაც ადასტურებს. აი, რას ამბობს თბილისის მკვიდრი მიხეილ წიგნაძე:

„ხმაური საშინელებაა! მეზობელი აკეთებს რემონტს, ერთი კვირაა ტვინი მაქვს გაბურღული, აღარ შემიძლია. ეს ერთია, მაგრამ კიდევ უარესია მთაწმინდაზე რომ მაშხალებსა და ფოიერვერკებს ისვრიან. ელოდებიან ღამის 12 საათს. თვალებს დავხუჭავ თუ არა, იწყება გრიალი. ომი გეგონება, ისეთი, ბათქაბუთქია, მთელ ქალაქს ესმის“.

ბათქაბუთქი, რომელიც ომი შეიძლება გეგონოს, ფოიერვერკია, რომლის გაშვებასაც ასევე ზღუდავს 15 აგვისტოს ამოქმედებული ცვლილებები. კერძოდ, ღამის საათებში პიროტექნიკურ ნაკეთობათა გამოყენება ისჯება 150-ლარიანი ჯარიმით, იურიდიული პირი კი - 500 ლარით. სამართალდარღვევის გამეორებისას ჯარიმა ორმაგდება, თუმცა ამ მუხლის ნორმები არ ვრცელდება 31 დეკემბრის 21 საათიდან 2 იანვრის 23 სთ-მდე, ისევე როგორც 13 იანვრის 21 საათიდან 14 იანვრის 23 საათამდე. ასევე გამონაკლისად ითვლება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეები, ანუ, შესაბამისად, 9 აპრილი და 26 მაისი.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG